ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 15 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, დაკავებულია 9 პირი, ამოღებულია 356 000 ლარზე მეტი ღირებულების ვალუტა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.