კალასი: უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია 2 წლით გახანგრძლივდება
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია (EUMAM Ukraine) ორი წლით გახანგრძლივდება. პარალელურად, ევროკავშირმა დააჩქარა უკრაინისთვის ფინანსური სახსრების გადახდა და დაამტკიცა მილიარდობით ევროს ღირებულების შესყიდვების გეგმები.

უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია (EUMAM Ukraine) კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება. ევროკავშირმა შეძლო, დაეჩქარებინა უკრაინისთვის თანხების გადახდა მხარდამჭერი სესხის ფარგლებში და აეთვისებინა SAFE-ის ინიციატივის 20 მილიარდი ევრო.
SAFE (Security Action for Europe) ევროკავშირის €150-მილიარდიანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად კონკურენტული პირობების მქონე გრძელვადიან სესხებს სთავაზობს.
თავის მხრივ, აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირის გეგმის - ReArm Europe/Readiness 2030 - ნაწილია, რომელიც ბლოკის მასშტაბით თავდაცვის სფეროში €800 მილიარდზე მეტი ინვესტიციის მობილიზებას ითვალისწინებს.
UATV English-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. თავდასხმებს ყოველდღიურად ვხედავთ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ხმარამ ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა. უკრაინის მხარდამჭერი სესხის ფარგლებში ჩვენ უკვე დავამტკიცეთ 28,3 მილიარდი ევროს ღირებულების შესყიდვების გეგმები, რომლებიც აშშ-ის მომავალი წარმოების Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენასაც მოიცავს. თუმცა რაკეტების წარმოებას დრო სჭირდება, კიევს კი Patriot-ის სისტემები ახლა ესაჭიროება. ერთ-ერთი ვარიანტია, წევრმა სახელმწიფოებმა და პარტნიორებმა უკრაინას რაკეტები საკუთარი მარაგებიდან მიაწოდონ, რის სანაცვლოდაც შემდგომ მარაგების შევსება უკრაინის მხარდამჭერი სესხით დაფინანსდება" , - აღნიშნა კალასმა.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური საჭიროებებიც განიხილეს.
"დღეს ბევრმა მოუწოდა ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხიდან 2027 წლისთვის გამოყოფილი ნაწილის იმპლემენტაციის დაჩქარებისკენ. უკრაინას ასევე შეეძლო გამოეყენებინა დარჩენილი სახსრები, 20 მილიარდ ევრომდე, SAFE-ის ინიციატივის ფარგლებში. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის სტრატეგიული გადახედვის პირველ ფაზაზე, ჩვენი მისია უკრაინაში კიდევ ორი წლით გაგრძელდება. ჩვენ ასევე წინ წავიწევთ კიევში საკოორდინაციო ცენტრის შექმნის მიმართულებით, რომლის ყურადღების საგანიც საბრძოლო მოქმედებებიდან მიღებული გამოცდილება და სამხედრო მომზადების გაძლიერება იქნება", - შეაჯამა კაია კალასმა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები დაგმო და განაცხადა, რომ მათ ორგანიზებაში მონაწილე პირებსა და კანდიდატებს სანქციები დაუწესდებათ.
EU-მ აღნიშნა, რომ არ აღიარებს და არც მომავალში აღიარებს ყირიმში, სევასტოპოლსა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ოკუპირებულ ნაწილებში ე.წ. არჩევნების ჩატარებასა და მათ შედეგებს.
ციტატები სტატიიდან
„საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. თავდასხმებს ყოველდღიურად ვხედავთ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ხმარამ ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა. უკრაინის მხარდამჭერი სესხის ფარგლებში ჩვენ უკვე დავამტკიცეთ 28,3 მილიარდი ევროს ღირებულების შესყიდვების გეგმები, რომლებიც აშშ-ის მომავალი წარმოების Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენასაც მოიცავს. თუმცა რაკეტების წარმოებას დრო სჭირდება, კიევს კი Patriot-ის სისტემები ახლა ესაჭიროება. ერთ-ერთი ვარიანტია, წევრმა სახელმწიფოებმა და პარტნიორებმა უკრაინას რაკეტები საკუთარი მარაგებიდან მიაწოდონ, რის სანაცვლოდაც შემდგომ მარაგების შევსება უკრაინის მხარდამჭერი სესხით დაფინანსდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.