რას მიჯერებ მე კაცო?! -"ოცნებაში" გახარიას პარტიის აკრძალვაზე კომენტარები კეთდება
"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოში ასაკრძალი პარტიების სიას ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" დაამატოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას პარტია აგრძელებს "მავნებლობებს" და არ ცნობს ხელისუფლების ლეგიტიმაციას, თუმცა მანამდე ამბობდნენ, რომ ვინც არჩევნების შედეგებს აღიარებდა, აკრძალვა არ ემუქრებოდა. დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ პარტია თანამშრომლობს "ნაციონალურ მოძრაობასთან". ლევან მაჭავარიანის თქმითაც, გახარიას პარტია "აგენტურულ ძალას" წარმოადგენს.

"ქართულ ოცნებაში" ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნასთან დაკავშირებით დილიდან კომენტარები კეთდება.
მიუხედავად იმისა, რომ "პარტია საქართველოსთვის" წევრებმა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მანდატებზე უარი არ თქვეს და საპარლამენტო საქმიანობას ეწევიან, ისინი ივანიშვილის გუნდმა იმ პარტიების ჩამონათვალში შეიყვანეს, რომლების აკრძალვასაც საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვენ.
"პირველები" დაინტერესდა, რატომ წავიდა "ოცნება" მათივე პოზიციის წინააღმდეგ, რადგან თვეების წინ, ისინი ამბობდნენ, რომ აკრძალვა არ ემუქრებოდათ მათ, ვინც არჩევნების შედეგებს აღიარებდა.
"რას მიჯერებ მე კაცო, შენ შენი ტვინი ხო გაგაჩნია, გააკეთე ის რასაც აკეთებ" - ასეთი პოზიცია აქვს დღეს დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილს.
მან ყოფილი პრემიერის გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ტოლობის ნიშანი დასვა:
ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ გახარიის პარტიის საქმიანობა ისევ აგრძელებს ფარულად თუ ღიად ისეთ საქმიანობას, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის კვლავ არ მოწყვეტია იმ გარემოს, რომელშიც მუდმივად იყო, ის თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ჩვენ გვექნება თხოვნა სასამართლოსადმი, რომ განხილული იყოს მისი საქმე" - აღნიშნა დეპუტატმა.
„ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი კი ამტკიცებს, რომ "გახარიას პარტია აგრძელებს მავნებლობებს".
"ისინი არ ცნობენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, არ აღიარებენ დღემდე არჩევნების შედეგებს - შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ არის არანაირად მიზანშეწონილი ის, რომ ჩვენ სარჩელს არ დავამატოთ ეს პარტია"- თქვა მან.
მისი თქმით, გახარიას პარტია წარმოადგენს ზუსტად იმ აგენტურულ ძალას, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“.
“ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”.
როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„ძლიერი საქართველო – ლელო“
მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა. სიაში ახალი პარტიის ჩამატება ტექნიკურად ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.
გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.