სეს: საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა. ინსპექტირების ჯგუფებმა 70-მდე ობიექტი შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში 694 ნიმუში აიღეს. შემოწმება თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის შემთხვევების მოკვლევის ფარგლებში დაიწყო.

საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი) და კვლევის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.
ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო.
18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-მდე აღსაზრდელი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს.
ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.