ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე

რუსეთის პერმისა და როსტოვის ოლქებში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტევების ფონზე რუსეთში საავტომობილო ბენზინის გარკვეული დეფიციტი შეიქმნა.

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
დრონებით შეტევა იყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზერადიო თავისუფლება

რუსეთის ამ რეგიონების გუბერნატორებმა 25 სექტემბერს დილით განაცხადეს, რომ „მოგერიებულია მასირებული შეტევა”, თუმცა არის მსხვერპლი და დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები.

პერმი

პერმის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მახონინის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობით, დრონებით შეტევა იყო „სამრეწველო ობიექტზე”, სადაც „შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს”. დაღუპულია ერთი ადამიანი. კონკრეტული ობიექტი და შედეგები მახონინს არ დაუსახელებია.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შეტევა იყო პერმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „პერმნეფტეორგსინთეზზე“, რომელიც კომპანია „ლუკოილს” ეკუთვნის.

„ლუკოილის“ პერმის ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, წელიწადში 13 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს და საავიაციო ნავთს აწარმოებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა პერმის ქარხანას ორჯერ დაარტყეს 2026 წლის გაზაფხულზე, 29 ივლისს და 21 აგვისტოს.

როსტოვი

25 სექტემბერს აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკშიც.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაზიანებულია ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანა. როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ინფორმაციით, ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

ნოვოშახნტინსკის ქარხანა დიზელის საწვავს და მაზუთს აწარმოებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ბაზარი სრულადაა უზრუნველყოფილი დიზელით და საავიაციო საწვავით, თუმცა არის საავტომობილო ბენზინის გარკვეული დეფიციტი.

რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.

უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.