რუსეთის რკინიგზის ტურისტული კომპანია სომხეთ-საქართველოს სარკინიგზო კრუიზს აანონსებს
რუსეთის სარკინიგზო ჰოლდინგის ტურისტული კომპანია „РЖД Тур“ რუსი მოგზაურებისთვის თბილისსა და ერევანს შორის სამდღიან სარკინიგზო კრუიზს აანონსებს, რომლის პირველი რეისიც 30 ოქტომბერს იგეგმება.

რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო ჰოლდინგში შემავალი ტურისტული კომპანია РЖД Тур რუსი მოგზაურებისათვის თბილისსა და ერევანს შორის სარკინიგზო კრუიზს აანონსებს.
РЖД Тур-ის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, რუს ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ 3-დღიანი სარკინიგზო კრუიზის ფარგლებში სომხეთი და საქართველო მოინახულონ. ტურისტული კომპანიის ცნობით, პირველი მატარებლის გაშვება 30 ოქტომბერს იგეგმება.
განცხადების მიხედვით, სამდღიანი საერთაშორისო მოგზაურობა "კავკასიის ორი გული" დაიწყება ერევანში. ღამეს ტურისტები მატარებელში გაატარებენ, ხოლო დღის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ. პირველ და მესამე დღეს გათვლილია სომხეთში ვიზიტი, ხოლო მეორე დღეს რუსი ტურისტები თბილისში ჩამოვლენ.
კომპანიის ინფორმაციით, რუსი დამსვენებლები თბილისსა და მცხეთას დაათვალიერებენ, კერძოდ, ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველსა და სამთავროს.
ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტურის ღირებულება თითო ადამიანზე 63 ათას რუბლს, ანუ 1 938 ლარს შეადგენს.
კომპანია РЖД Тур 2005 წელს, РЖД-ს ჰოლდინგის შემადგენლობაში დაფუძნდა და 2011 წლამდე, უმთავრესად ჩარტერული გადაყვანებისა და ექსკლუზიური MICE-ღონისძიებების ორგანიზატორი იყო.
2011 წელს რუსეთში "სარკინიგზო ტურიზმის აღორძინების მიზნით", კომპანიამ მასობრივ ტურისტულ ბაზარზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.