საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
საქართველოს საპატრიარქო შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოების გამო და აცხადებს, რომ პროცესი ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ხორციელდება. საპატრიარქო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვას და ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას ითხოვს.

„უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე... ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს საპატრიარქო.
განცხადებაში საუბარია, რომ უნდა დადგინდეს:
რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე;
რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ;
როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.
„მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას“, - წერია განცხადებაში.
ფოტოებში, რომელიც საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზეა გავრცელებული, ჩანს, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარის შიდა და გარე სივრცეები გადათხრილია და ე.წ. მანიშნებელი, სპეციალური ლენტია გავლებული.
აზერბაიჯანში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მომლოცველები გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ ხოლმე. იქ გასულ წლებში რამდენჯერმე ჩავიდა რელიგიის საკითხთა სახელმწფიო სააგენტოს ხელმძღვანელი, სასულიერო პირებმა კი წირვები აღავლინეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს საპატრიარქო: შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ
- ფორმულასაპატრიარქო: შემაშფოთებელია ქურმუხის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები
- TV პირველისაპატრიარქო ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მიმდინარე პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვას ითხოვს
- ტაბულაგადაუდებლად აუცილებელია ქართული მხარის სათანადო რეაგირება – საპატრიარქო ქურმუხის ტაძარზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…