რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ოლეგ ბარციცი და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენელი კონსტანტინ კოჩიევი შეხვდნენ ერთმანეთს და საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოითხოვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლის, კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, მხარეები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს კვლავ ითხოვენ.
მათი განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია გარანტიის გარეშე, რომ თბილისი ოკუპირებული რეგიონების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.
განცხადებაში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენასა და შემდგომ დემარკაციაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. განცხადებაში დამატებითი დეტალები მითითებული არ არის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.