ზელენსკი: არ ვიცნობ არცერთ მსოფლიო ლიდერს, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს, გარდა ერთისა... პუტინი აუცილებლად წავა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოში არავის სურს ომის გაგრძელება ერთადერთი ადამიანის, ვლადიმერ პუტინის გარდა. მისი თქმით, რუსეთი ჩაფლავდა და ეს სასაცილო და დაუსრულებელი ომი უნდა დასრულდეს.

მე არ ვიცნობ არცერთ მსოფლიო ლიდერს, ვისაც ამ ომის გაგრძელება სურს - გარდა ერთი ადამიანისა" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია აქვს, მაგრამ პუტინი მზადაა გაწიროს რუსების სიცოცხლე უკრაინაში მცირე ტერიტორიული დაწინაურების სანაცვლოდ.
როცა ნიუ-იორკისკენ მოვფრინავდი, ოკეანის თავზე წავიკითხე პრეზიდენტ ტრამპის პოსტი, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის ინდუსტრიაზე უკრაინასთან მისი ომის გამო და რთულია წარმოიდგინო ამაზე უფრო დამამცირებელი დანაკარგი ქვეყნისთვის, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი უკავია და ამდენად ამაყობს თავისი ნავთობის ექსპორტით. მე ვციტირებ, დიზელის საწარმოების დიდი რაოდენობა აფეთქებულია, როგორც მინიმუმ დროებით გამოსულია მწყობრიდან და ეს სიმართლეა - რუსეთი ჩაფლავდა! და პოსტის შეჯამებაც სიმართლეა - ეს სასაცილო და დაუსრულებელი ომი უკრაინასთან უნდა დასრულდეს. მე არ ვიცი ერთი მსოფლიო ლიდერიც კი, რომელიც სხვაგვარად იტყოდა, არ ვიცი არავინ, ვინც ამ ომის ღიად მხარდამჭერია, გარდა ერთი კაცისა.
რუსეთის ლიდერი, ნომერ პირველი პაციენტი, ადამიანი, ვისგანაც დაიწყო და გავრცელდა ეს ომი მსოფლიოში, რითაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ომად იქცა, უშუალოდ და აუცილებლად წავა ამ ქვეყნიდან.
მაგრამ რაც უფრო დიდხანს შეძლებს პუტინი ომის წარმოებას, მით მეტ ბოროტებას დატოვებს იგი ამ სამყაროში.
რუსეთს აქვს პრეტენზიები ჩვენი მეზობელი მოლდოვის მიმართ. ის მუდმივად ემუქრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
რუსეთი არანაირ პატივისცემას არ იჩენს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობის მიმართ.
და სამწუხაროდ, სირიასა და მთელ აფრიკაშიც ძალიან კარგად იციან, თუ რას წარმოადგენენ რუსი მკვლელები", - განაცხადა ზელენსკიმ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.