"საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!" - თბილისში ხალხი კვლავ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგ
თბილისში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

"დღეს, როგორც არასდროს, ნათელია - საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს, ევროპული მომავლის დაბრუნებას, კეთილდღეობის დაბრუნებას, უსაფრთხოების დაბრუნებას, სამართლიანობის დაბრუნებას.
უკვე ორი წელია, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობასა და მათ მძევლად აყვანას უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს", - ესაა აქციის ორგანიზებაში ჩართული ოპოზიციური პარტიების ერთიანი პოზიცია. აქცია თავის მხრივ არის გაგრძელება კამპანიისა "საქართველო იმსახურებს უკეთესს", რომელიც ოპოზიციურმა ალიანსმა 2026 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
2024 წლის 28 ნოემბრის გარდამტეხი განცხადების შემდეგ, საქართველოში უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ადამიანის უფლებებმა და დემოკრატიამ მკვეთრი და სწრაფი უკუსვლა განიცადა - ევროკავშირთან გართულებული ურთიერთობისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ რუსეთთან დაახლოების პროცესი უფრო თვალსაჩინო გახდა. ამ პერიოდში აღდგა პირდაპირი ფრენები მოსკოვთან და ფაქტობრივად განახლდა ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები.
"ამავე დროს, ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუძვირდათ. ყოველდღიურად გვიწევს ფიქრი, როგორ შევიძინოთ საკვები და წამლები, როგორ გადავიხადოთ გადასახადები და როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი ოჯახები. ბევრი თანამოქალაქე კვლავ იძულებულია, უკეთესი ცხოვრების საძიებლად ქვეყანა და ოჯახი დატოვოს.
ხელისუფლება, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე უნდა ზრუნავდეს, ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს და საკუთარ გასაჭირთან მარტო ტოვებს. ქვეყანა კი დაპირისპირებასა და ქაოსში შეჰყავს.მაგრამ ამ ორმა წელმა სხვა რამეც დაგვანახვა: ერთმანეთის იმედი გვაქვს. განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საერთო სურვილი გვაერთიანებს - ვიცხოვროთ თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში, სადაც შრომა ფასდება, ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობა აქვთ და არც ერთი ადამიანი საკუთარ პრობლემებთან მარტო არ არის. სახელმწიფო, სადაც მთავარი ფასეულობა ადამიანია" - ნათქვამია აქციის ანონსის ტექსტში.
28 ნოემბრის საპროტესტო აქციის საბოლოო დანიშნულების ადგილი თავისუფლების მოედანია, სადაც შეკრებულებს პოლიტიკოსები სიტყვით მიმართავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…