მარი საბიაშვილი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე ღია წერილს აქვეყნებს
ადვოკატ მარი საბიაშვილის განცხადებით, ბათუმში თურქი გულშემატკივრების მხრიდან ბანერის „ბათუმი 82“ გამოფენა და მომხდარი ინციდენტები პროვოკაციული იყო, რის გამოც თურქული მხარის მხრიდან ბოდიშის მოხდა მართებული ნაბიჯი იქნებოდა.

ადვოკატი, ,,ვემსახურები საქართველოს” დამფუძნებელი, მარი საბიაშვილი ღია წერილს აქვეყნებს:
,,ღია წერილი:
მოგმართავთ, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორია, სუვერენიტეტი, ეროვნული ღირსება და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ერთნაირად ძვირფას ღირებულებებად მიაჩნია.
გუშინ ბათუმში განვითარებული მოვლენები, ბუნებრივია, შეშფოთების საფუძველს იძლევა. მომხდარში თურქეთის საფეხბურთო გულშემატკივრები მონაწილეობდნენ, რომელთა ნაწილის ქცევა მატჩის დაწყებამდეც აგრესიული და პროვოკაციული ხასიათით გამოირჩეოდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა მატჩის დაწყებამდე ბანერის გამოფენის ფაქტი (ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია აღნიშნული გარემოება), წარწერით „ბათუმი 82“. ვფიქრობ, ზედმეტია იმის განმარტება, თუ რა ისტორიულ და პოლიტიკურ ასოციაციებს აღძრავს მსგავსი სიმბოლიკა ქართველი საზოგადოებისთვის.
ბათუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მისი ტერიტორიული კუთვნილების მიმართ ნებისმიერი ორაზროვანი მინიშნება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სრულიად მიუღებელია.
ვიმედოვნებ, აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა ორგანიზებული სახის პროვოკაციას. ასეთი ქმედებები არ უნდა იყოს წახალისებული სახელმწიფოთა მხრიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია მსგავსი ინციდენტების შესაძლო საინფორმაციო და ჰიბრიდული გავლენების გათვალისწინებაც, რათა ცალკეული პროვოკაციები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვის ინსტრუმენტად არ იქცეს.
ქართველი ხალხისთვის ტერიტორიული მთლიანობა, მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრივი არსებობის ფუნდამენტური საკითხია. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროვოკაცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს თქვენი მხრიდანაც.
შეგახსენებთ, თუ ვინ ვართ ქართველები:
პატარა ერი უდიდესი ისტორიით, მებრძოლი სულითა და შეუპოვარი სიმტკიცით. ერი, რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა ყოველთვის უმაღლესი ღირებულება იყო. ამასთან, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ჩვენ შევძელით თვითმყოფადობის, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული სულის შენარჩუნება.
სამწუხაროდ, საქართველოს დღემდე არაერთ ხილულ თუ უხილავ გამოწვევასთან უწევს გამკლავება. მიუხედავად ამისა, ჩვენი არჩევანი კვლავაც მშვიდობიანი თანაარსებობა, თანამშრომლობა, დიალოგი და დიპლომატიაა. ეს არჩევანი არც შიშით არის ნაკარნახევი და არც საკუთარი პოზიციის სისუსტით. პირიქით, დიპლომატიური კულტურა სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც შეგიძლია საკუთარი პრინციპების დაცვა ისე, რომ კონფლიქტის ესკალაციას არ შეუწყო ხელი.
ჩვენ პატივს ვცემთ თურქეთის სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს, კულტურასა და ხალხს. პატივს ვცემთ იმ თურქეთის მოქალაქეებსაც, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, საქმიანობენ და ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თუმცა ურთიერთპატივისცემა ცალმხრივი ვერ იქნება.
საქართველოს სტუმართმოყვარეობა არ უნდა აღიქმებოდეს როგორც დათმობის მზაობა, ჩვენი თავშეკავება -როგორც სისუსტე, ხოლო დიპლომატიური მიდგომა -როგორც ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის შესაძლებლობა.
საქართველოში მყოფი ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის უსაფრთხოება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამავე დროს, სტუმრისგანაც მოითხოვება მასპინძელი ქვეყნის კანონების, სახელმწიფო სიმბოლიკის, ისტორიისა და ეროვნული ღირსების პატივისცემა.
ეს განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის -ეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ცივილიზებული თანაცხოვრების ელემენტარული სტანდარტია, რომელიც ყველა ქვეყნის მოქალაქეს თანაბრად მოეთხოვება. ამიტომ, ვალდებულნი ხართ, აღნიშნული საკუთარ მოქალაქეებსაც გააცნოთ.
აღვნიშნავ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ვითარებაში თავშეკავება და პასუხისმგებლიანი მიდგომა გამოავლინა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თუმცა არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ სამართალდამრღვევთა მიმართ უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების საფუძველიც არსებობდა. ამასთან, ინციდენტის დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენების თვალსაზრისითაც აშკარა თავშეკავება გამოვლინდა, რაც თქვენი მხრიდან დასაფასებელია.
სამართლიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპიდან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა, წარმოგვედგინა, როგორი რეაგირება მოჰყვებოდა თურქეთის სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავს შემთხვევას, თუკი ასეთ ქმედებებს თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები ჩაიდენდნენ.
სწორედ თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და ერთიანი სტანდარტების დაცვა ქმნის მტკიცე კეთილმეზობლური ურთიერთობების საფუძველს. ვიმედოვნებ, თურქული მხარეც ამ საკითხს სწორედ ამ პრიზმაში განიხილავს.
საზოგადოება ვერ გაიზიარებს არგუმენტს, თითქოს მომხდარი საფეხბურთო გულშემატკივრების ემოციური მდგომარეობით შეიძლება გამართლდეს. ემოცია ადამიანს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ქართველებიც ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ ეს არასოდეს უნდა იქცეს სხვა ქვეყნის ღირსების, სახელმწიფოებრივი სიმბოლიკისა თუ კანონების უპატივცემულობის გამართლების საფუძვლად.
ამიტომ მიმაჩნია, რომ თურქულმა მხარემ გონივრული და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს მომხდარი ინციდენტის ყველა გარემოება და ქართველი სამართალდამცავების წინაშე ჩადენილი დარღვევები. ვფიქრობ, ფაქტებისა და ობიექტური გარემოებების სათანადო შეფასება ნათლად წარმოაჩენს, რომ ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა სწორედ თურქული მხარის მხრიდან იქნებოდა მართებული და სამართლიანი ნაბიჯი. ეს იქნებოდა არა დათმობის ან სისუსტის, არამედ პოლიტიკური სიმწიფის, პასუხისმგებლობისა და საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების რეალური პატივისცემის გამოხატულება.
ჩვენ არ ვესწრაფვით დაპირისპირებას. პირიქით, დაინტერესებული ვართ მშვიდობიანი, სტაბილური და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებით, მაგრამ მეგობრობა მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როდესაც ის თანასწორობას, ღირსებასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
საქართველო არავის მტრობს, თუმცა არც საკუთარი ღირსების, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობას დაივიწყებს.
საქართველო და ქართველი ერი პატივს სცემს ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს და ქართველ ერს.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…