სალომე სამადაშვილი - ქართული მხარე დუმს, რუსები და ბელარუსები საუბრობენ დიდ დიპლომატიურ გარღვევაზე - ჩემი ინფორმაციით, იმ ხალხის გაგდება იგეგმება, ვინც ჟენევის ფორმატში წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს, როგორც ჩანს, რუსები ითხოვენ
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მინსკში გამართული შეხვედრით რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გარღვევა მოიპოვა. მისი მტკიცებით, რუსეთის მოთხოვნით იგეგმება იმ პირების სამსახურიდან გაშვება, ვინც ჟენევის ფორმატში საქართველოს ინტერესებს იცავდა.

რუსეთმა ფორმალურად მოიპოვა გარღვევა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე, მოიპოვა ფორმატი, რომლითაც შეეცდება ძალიან სწრაფად გააუქმოს ჟენევის მოლაპარაკებები , - ასე აფასებს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრას.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, იგეგმება იმ ხალხის სამსახურიდან გაშვება, ვინც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს.
სალომე სამადაშვილის თქმით, მათ გაშვებას „როგორც ჩანს, რუსები ითხოვენ“.
„გასული დღეების მანძილზე არ მინახავს არცერთი ინფორმაციული კონტაქტი საზოგადოებასთან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესის თემაა ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ივანიშვილის წარმომადგენლებსა და რუსეთს შორის, ვინმემ განუმარტა ქართველ ხალხს, რომელთა ჯიბიდან ამოღებული ფულითაც უხდიან ფულს მათ შორის ზურაბაშვილს? ის ანგარიშვალდებულია ქართველი ხალხის წინაშე. სად წავიდა, რატომ წავიდა, რა პოზიციით წავიდა, რა ჩამოიტანა უკან, რა აქვს სათქმელი ან მას, ან მის უფროსს, რომელსაც ასევე, ქართველი ხალხი უხდის თავის ჯიბიდან ფულს. გასაგებია, რომ ზოგჯერ დიპლომატიური ურთიერთობები დახურულ კარს მიღმა მიდის, შეიძლება რაღაცის დაფარვა აუცილებელიც იყოს, მაგრამ პირველ რიგში ეს დამოკიდებულებაა საზოგადოების მიმართ, რომ არაფრად არ ითვლება საქართველოს მოქალაქე, შეგიძლია საერთოდ არაფერი არ უთხრა და ასე წახვიდე მინსკში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებიც დაიწყო მოძრაობა და იმის ღირსადაც არ თვლი მოქალაქეებს, რომ რამე უთხრა მოქალაქეებს.
მაშინ, როდესაც სდუმს ქართული მხარე, საერთოდ არაფერს არ ამბობენ, რუსები და ბელარუსები საუბრობენ ძალიან დიდ დიპლომატიურ გარღვევაზე. ივანიშვილის წარმომადგენლების მდუმარების ფონზე, ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, საერთოდ რაზე ჩავიდა გია ზურაბაშვილი და რაზე ელაპარაკა. ის [ზურაბაშვილი] არაფერს არ წარმოადგენს, ჩვეულებრივი სიცარიელეა. რუსეთს სჭირდება ეს მოლაპარაკებები იმისთვის, რომ დაიწყოს საფუძვლის მომზადება საქართველოში იმ თემების შემოსატანად და წინ წამოსაწევად, რომელიც რუსეთს სჭირდება.
ამბის წამოღება თუ შეუძლია იქიდან, ეგეც არ ვიცი, მაგაშიც ეჭვი მეპარება, ფორმალობაა საერთოდ მაგის არსებობა, მაგრამ ფორმალურად ის არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. რუსეთმა ფორმალურად მოიპოვა გარღვევა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე, მოიპოვა ფორმატი, რომლითაც შეეცდება ძალიან სწრაფად გააუქმოს ჟენევის მოლაპარაკებები. თუ არ გააუქმებს, გამოაცალოს ყველანაირი ძარღვი, შინაარსი. ჩემი ინფორმაციით, იმ ხალხის გაგდება იგეგმება, ვინც ჟენევის ფორმატში წარმოადგენდა საქართველოს ინტერესებს დიდი ხნის მანძილზე,ვინც კიდევ შერჩა სისტემაში. როგორც ჩანს რუსები ითხოვენ მათ გაგდებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…