სალომე ზურაბიშვილი: მომავალი არჩევნები იქნება ბრძოლის არჩევნები
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომავალი არჩევნები ბრძოლის არჩევნები იქნება, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი კეთილსინდისიერად არ ჩატარდეს.

"მომავალი არჩევნები იქნება ბრძოლის არჩევნები" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფბ-ლაივში განაცხადა.
ზურაბიშვილს მოქალაქემ ჰკითხა, "შესაძლებელი არის თუ არა მომავალი არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარება" - რაზე პასუხადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უკვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო შეიზღუდოს და არჩევნები კეთილსინდისიერად არ ჩატარდეს.
ამიტომაც, ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მომავალ არჩევნებზე ყველა ხმა ბრძოლით და წინააღმდეგობით იქნება დასაცავი.
რას ვეძახით არჩევნებს გააჩნია. ხელისუფლების მიერ ყველაფერი არის უკვე გაკეთებული იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად არ ჩატარდეს. და კიდევ ყოველდღიურად თუ არა, ხშირად იღებენ ახალ კანონმდებლობას, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს საარჩევნო გარემო და პირობები. ამავე დროს ამით ცდილობენ, რომ ჩვენ გაგვტეხონ, რომ დაგვაჯერონ, რომ არ არის ამაში არანაირი იმედი, რომ ჩვენ ვერც სხვა ფორმით, ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებით ვერ შევცვლით ვერაფერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები არის ჩვენი გზა, იმიტომ რომ სამომავლოდ გვჭირდება არჩევნები იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს იმ რაღაცა წრიდან, რომლითაც ვერ გამოვდივართ. და ეს არჩევნები კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავიმეორებ — ამიტომ იქნება ბრძოლის არჩევნები, ამიტომ ვერ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ჩვენ იმედი გვექნება, რომ რაღაცას შევაცვლევინებთ ამ რეჟიმს რაღაცაში, დაგვითმობენ რომელიმე ნაწილს. არაფერს არ დაგვითმობენ, ჩვენი ყველა ხმა იქნება დასაცავი, და ჩვენი ერთადერთი გზა და შანსი და შესაძლებლობა, რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში, რასაც ჰქვია არჩევნები, არის ის, რომ შევქმნათ ძალიან დიდი ფრონტი, სადაც ყველა იქნება ჩართული, ყველა ერთმანეთის გვერდით და ამითი გავიმარჯვებთ. სხვა გზა მე არ ვიცი, მაგრამ ამ გზის მე მჯერა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…