2008 წლის ომის, სერგო თეთრაძის, ლაფანყურისა და ყინწვისის საქმეები და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარსულის უარყოფა - როგორია მმართველი გუნდის პასუხი
მმართველი გუნდი ანა წითლიძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის სისტემურ დანაშაულებს, მათ შორის სერგო თეთრაძის წამებასა და ლაფანყურის საქმეს უარყოფს.

საკუთარი წარსულისგან დისტანცირებულ "ნაციონალურ მოძრაობას" რეალობასთან თვალის გასწორება დღეს კიდევ ერთხელ მოუწია. პარტია, რომელიც ევროსაბჭოს 2008 წლის სადავო რეზოლუციის მხარდამჭერია, დღესაც ამტკიცებს, რომ ომის საკითხზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ. მმართველი გუნდის შეფასებით კი, სწორედ ამ რეზოლუციაზე ხელმოწერითა და მტკიცებულებების, მათ შორის რუსული "ისკანდერის" ნაწილების დამალვით, წინა ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები დააზიანა. ქართველი სამხედროების ღირსების დაცვა და საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები - "ქართული ოცნების" განცხადებით, რომ არა მოქმედი ხელისუფლების მუშაობა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში გადამწყვეტ დავებს ვერ მოიგებდა.
2008 წლის ომი გამონაკლისი არ არის. სხდომათა დარბაზის შემდეგ, დღესაც, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარსულის რევიზია სხდომათა დარბაზს მიღმაც სცადა. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის და ლაფანყურის საქმეები, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაცია - ანა წითლიძემ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი სისტემური დანაშაულები დღესაც უარყო, უმძიმეს ისტორიებს კი ფანტასტიკის ჟანრი უწოდა.
იმას, რასაც წითლიძე გაბათილებულს უწოდებს, ფაქტებით ამხელს მმართველი გუნდი. არჩილ გორდულაძე "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას - რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს - ტყუილს უწოდებს. ოპონენტებს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმესაც ახსენებს - "გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ" სარჩელზე სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის დარღვევები დაადგინა.
კანონმდებელმა წამების შედეგად გარდაცვლილი როინ შავაძისა და სერგო თეთრაძის მიმართ, წითლიძის შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები, წამების მსხვერპლთა მიმართ, "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.
კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე, ეჭვქვეშ ანა წითლიძემ ჯერ კიდევ გუშინ დააყენა. წითლიძემ საქმის ისე წარმოჩენა სცადა, თითქოს სერგო თეთრაძის წამებას ადგილი არ ჰქონია.
უმძიმესი საქმის დეტალები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ნაწამები პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის საქმეს ეხება, ანა წითლიძეს ჯერ სხდომათა დარბაზში შეახსენეს, შემდეგ კი - თეთრაძის ოჯახმა. მათ შორის, ის მტკიცებულებები და ჩვენებები, რომლითაც დადგინდა, რომ 2011 წელს, ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე დაკავებული პოლკოვნიკი ჯერ სამხედრო პოლიციის შენობაში, შემდეგ კი გლდანის მერვე დაწესებულებაში, არარსებულ დანაშაულზე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, სასტიკად აწამეს. სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, ბაჩო ახალაიას მსგავსად, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძეს.
"ნაციონალური მოძრაობის" უარყოფის მიუხედავად, 2003-12 წლებში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობაც ადასტურებს - 1999 წლიდან დღემდე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა 284 საჩივარზეა დადგენილი, საიდანაც 80 პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…