პროკურორი: რომ არ ყოფილიყო იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და ავალიანი ცოცხალი იქნებოდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს. პროკურორ ქეთი სონიძის განცხადებით, საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულების, მათ შორის ნია იმნაძის დანაშაულში მონაწილეობის დასადასტურებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების - ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროკურორ ქეთი სონიძის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილია "საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ორივე ბრალდებულის მხრიდან".
"საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ. აღნიშნული არასწორად იქნა აღქმული მის მიერ და შემდგომ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან. საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა.
14 ოქტომბერი არის ის დრო, როდესაც ნია იმნაძე პირველად დაიკითხა გამოძიების მიერ და პირველად დაიბარა საგამოძიებო ორგანომ. ამის შემდეგ, როდესაც ის საგამოძიებო დანაყოფიდან წავიდა, სავარაუდოდ, როგორც ეს ანძების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, იმყოფებოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობდა გიორგი მალანია. ეს გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით.
შეხვედრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე ფაქტობრივად, ერთი დანაშაულის თანამონაწილეებად განიხილებიან ჩვენ მიერ, ამიტომ ესეც იქნებოდა ერთ-ერთი მტკიცებულება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ან ძირითადი მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს ამტკიცებს, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ეხმარება სხვა მტკიცებულებებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში”, - თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, სონიძემ.
"რატომ წააქეზა? უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის გაბაშვილი" - პროკურორი იმნაძეზე
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. იმნაძე ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით, ხოლო ბერუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. 7 აგვისტოს ორივე არასრულწლოვანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რა შემთხვევაში დაუმტკიცებენ დაკავებულ ნია იმნაძეს წაქეზებას?
ახალგაზრდა მასწავლებელს თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.
"დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა" - წერდა პროკურატურა.
გიგა ავალიანის ოჯახმა პროკურატურასთან რამდენიმე აქცია გამართა, ისინი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხვა პირების დაკავებასაც ითხოვდნენ. დეკემბრის ბოლოს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს.
ამის შემდეგ, გიგა ავალიანის ოჯახმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართა, მათ შორის, საქმის მასალების გადაცემის და გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნით. 17 იანვარს ეკა კუპატაძე შიმშილობის დაწყებასაც აანონსებდა, თუმცა, 14 იანვარს დაწერა, რომ საქმის მასალები გადაეცა და დაგეგმილ აქციას დროებით აუქმებდა.
პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ 3 არასრულწლოვანს ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალი 10 თებერვალს დაუმძიმა. გამოძიება მათ ავალიანის საქმის გარდა ედავებოდა ჯგუფური ძალადობის 4 სხვადასხვა ეპიზოდს.
8 აპრილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, მათ სასჯელის ვადა 1/4-ით შეუმცირდათ. კერძოდ, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ (არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით, მათ პატიმრობის ვადა 10 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდათ).
დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით კი, პატიმრობის ვადა 6 წელსა და 9 თვემდე შეუმცირდა. მოგვიანებით, 2 ივნისს, დემეტრე ჩიქოვანი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამაც ცნო დამნაშავედ - გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისთვის. მას მაქსიმალური სასჯელი, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა კოდექსით, ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს.
რაც შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს, მას სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსით, ის ციხეში 5 წელსა და 3 თვეს გაატარებს.
ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა – ავალიანის მოსწავლის დედა
გიგა ავალიანის საქმესა და გამოყოფილ საქმეებზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს ცრუ ჩვენებისთვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - ის ციხეში 3 წელს გაატარებს.
პირველ ივლისს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი დააკავეს. გიორგი მალანიას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
ამასთან, ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული და ელოდება განაჩენს. დემეტრე კასრაძეს და ირაკლი სულაბერიძეს ძალადობით ჯგუფურ მოქმედებას ედავებიან.
ციტატები სტატიიდან
„დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.