კომენტარებში ჩემზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას "ოცნების" წევრი გეგმავდა - თორნიკე რაზმაძე
აქტივისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში Facebook-ზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას „ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გეგმავდა. გარდა ამისა, რაზმაძის ნომერს ნარკოგამყიდველის საკონტაქტოდ ავრცელებენ და მის წინააღმდეგ AI-ით შექმნილი ყალბი ვიდეოები ვრცელდება.

თორნიკე რაზმაძე ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის უკან ხელისუფლება დგას. როგორც წამყვანი და სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, ამ ყველაფრის მიზანი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
„ჩემს ნომერს აქვეყნებენ, თითქოს ნარკოტიკებს ვყიდი“ - თორნიკე რაზმაძე
"ალბათ აქ არის ოჯახის ფაქტორი — რომ ინერვიულებს ოჯახი და იქნებ ამან გააჩეროს, რაღაც მსგავს ზეწოლას ვხედავ მე აქ" - აცხადებს რაზმაძე "პირველებთან".
სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მიმდინარე კანპანიის ფარგლებში, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას კომენტარებში "ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძეც კი გეგმავდა.
რაღაცნაირად, ალბათ, საბოლოო ჯამში იმას უმიზნებენ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმას იღებს, სიმართლეს ამბობს და დიდი მოცვა აქვს — ჩემი ჩათვლით — რაღაც ფორმით გააჩუმონ. ეს არის, ალბათ, უფრო ზეწოლის ერთგვარი მექანიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ იციან ჩემი ფსიქოპორტრეტი და ყველაფერი, რომ ამას მე არ შევუშინდები, ალბათ აქ არის ოჯახის ფაქტორი — რომ ინერვიულებს ოჯახი და იქნებ ამან გააჩეროს და ასე შემდეგ.
რაღაც მსგავს ზეწოლას ვხედავ მე აქ. დღეს ხომ პირდაპირი დაგეგმვა იყო ღიად: Facebook პოსტის კომენტარებში გეგმავდნენ ჩემზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. თან იმ სიტყვებს არ გავიმეორებ, იქ რასაც იყენებდნენ — აბსოლუტურად ღიად, მმართველი პარტიის პოლიტიკური თანამდებობის პირი გეგმავდა ადამიანზე", - აცხადებს თორნიკე რაზმაძე.
რაზმაძის ცნობით, სოციალურ ქსელში მის ტელეფონის ნომერს ნარკოტიკების გამყიდველის საკონტაქტო ინფორმაციად ავრცელებენ. სამოქალაქო აქტივისტი მომხდარს მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ქმედებამ სისხლის სამართლის დანაშაულის ფორმა მიიღო.
მითების დეტექტორმა გამოიკვლია და „ფეისბუქსა და „ტიკტოკზე“ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ვითომდა თორნიკე რაზმაძე ნარკორეალიზატორს დასაქმების თხოვნით მიმართავს და კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას დებს, ხელოვნური ინტელექტის (AI) საშუალებით არის შექმნილი, რაზეც მიუთითებს როგორც ვიზუალური ხარვეზები, ისე AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…