რა იცვლება სომხეთის ახალ კონსტიტუციაში
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა, საიდანაც ამოღებულია დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება და იზღუდება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის უფლება. ფაშინიანის განცხადებით, თუ პროექტი რეფერენდუმზე ჩავარდება, ის გადადგომისთვის მზადაა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი მნიშვნელოვნად ცვლის მოქმედი კონსტიტუციის არაერთ დებულებას – სახელმწიფო მმართველობის, არჩევნების, სასამართლო სისტემის, მოქალაქეობის, სამხედრო ძალების გამოყენებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართულებით. პროექტიდან ამოღებულია დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება, იზღუდება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საარჩევნო უფლება, ხოლო მოქმედი მოსამართლეებისთვის ერთჯერადი ხელახალი ატესტაციაა გათვალისწინებული.
სომხური გამოცემა CivilNet-ი ახალ და მოქმედ კონსტიტუციებს ადარებს და იმ ძირითად ცვლილებებს გამოყოფს, რომლებიც პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემაზე გავლენას მოახდენს.
პირველ რიგში, განსხვავებაა დოკუმენტების მოცულობაში: მოქმედი კონსტიტუცია 16 თავისა და 220 მუხლისგან შედგება, ახალი პროექტი კი 12 თავსა და 89 მუხლს მოიცავს. ამასთან, პროექტი საპარლამენტო მმართველობის სისტემას ინარჩუნებს, თუმცა მისი ფუნქციონირების არაერთ მექანიზმს ცვლის.
ქვემოთ მოცემულია, კონკრეტულად რა განსხვავებებია მოქმედ და შემოთავაზებულ კონსტიტუციებს შორის, რომელიც civilnet.am მოამზადა.
1. დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება კონსტიტუციიდან ქრება
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კონსტიტუციის პრეამბულას ეხება.
მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულა სიტყვებით „სომეხი ხალხი“ იწყება და მიუთითებს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ეროვნულ მიზნებზე.
ახალი პროექტის პრეამბულა კი იწყება სიტყვებით: „ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკის ხალხი“.
მასში საუბარია „ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, უსაფრთხო და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობის“ მისიაზე.
ამასთან, პროექტის პირველი მუხლის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი სომხეთის რესპუბლიკის ხალხია, ხოლო მესამე მუხლი ხალხს სომხეთის მოქალაქეების ერთობლიობად განსაზღვრავს.
ამრიგად, ახალი კონსტიტუციის ტექსტში აღარ იქნება მოქმედი პრეამბულის მითითება დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების კონტექსტში: ბაქო სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ დებულებებს ტერიტორიულ პრეტენზიებთან აკავშირებს და მის კონსტიტუციიდან ამოღებას სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.
2. შეიცვლება სახელმწიფო სიმბოლოების აღწერის წესი
მოქმედი კონსტიტუციის 21-ე მუხლში აღწერილია სომხეთის გერბი და დროშა. გერბის აღწერაში მოხსენიებულია არარატის მთა და ნოეს კიდობანი.
ახალ პროექტში ეს აღწერები აღარ არის მოცემული. მე-16 მუხლის მიხედვით, გერბისა და დროშის აღწერა, ისევე როგორც სახელმწიფო ჰიმნი, კანონით განისაზღვრება. ამ კანონის მიღება კი რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს.
3. საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდებათ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება საარჩევნო უფლებას ეხება.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, 18 წელს მიღწეულ სომხეთის მოქალაქეებს აქვთ ეროვნული კრების არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის უფლება. ამასთან, კონსტიტუცია მათთვის სომხეთში ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ზოგად წინაპირობად არ ადგენს.
ახალი პროექტის მე-20 მუხლი კი განსხვავებულ წესს ითვალისწინებს: ხმის მიცემისა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კენჭისყრამდე ორი წლის განმავლობაში სომხეთში მუდმივად სულ მცირე ერთი წელი ცხოვრობდნენ.
ეს ცვლილება პირდაპირ შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს, რომელთაც შესაძლოა ახალი წესის ამოქმედების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდოთ.
4. მოქალაქეობის ჩამორთმევა შესაძლებელი გახდება
მოქმედი კონსტიტუციის 47-ე მუხლი კრძალავს სომხეთის მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას.
ახალი პროექტის 24-ე მუხლი კი გამონაკლისს ითვალისწინებს: სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეს შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა კონსტიტუციური წყობის საფუძვლებისა ან სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის.
კონკრეტული შემთხვევები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა კანონით უნდა განისაზღვროს.
5. ზოგიერთ კანონს უკუძალა შეიძლება მიენიჭოს
მოქმედი კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც პირის სამართლებრივ მდგომარეობას აუარესებს, უკუძალა არ აქვს.
ახალი პროექტის მე-20 მუხლი ამ პრინციპს ინარჩუნებს, თუმცა გამონაკლისსაც ამატებს: კანონს შეიძლება უკუძალა მიენიჭოს, თუ ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად აუცილებელია.
ამასთან, შენარჩუნებულია სისხლის სამართლის ძირითადი გარანტიები. კერძოდ, ადამიანს არ შეიძლება დაეკისროს იმაზე მკაცრი სასჯელი, ვიდრე დანაშაულის ჩადენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი უკუძალის ზოგად დაშვებას არ გულისხმობს, ის კონკრეტულ გამონაკლისს ადგენს.
6. პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზრდება
ახალი კონსტიტუციის პროექტი ეროვნულ კრებას რამდენიმე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.
პარლამენტის თვითდათხოვნა: ახალი წესით, ეროვნულ კრებას შეეძლება თვითდათხოვნა, თუ ამის გადაწყვეტილებას დეპუტატების საერთო რაოდენობის არანაკლებ სამი მეხუთედი დაუჭერს მხარს. მოქმედ კონსტიტუციაში პარლამენტის თვითდათხოვნის ასეთი ზოგადი შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის.
უნდობლობის გამოცხადება: მოქმედი წესისგან განსხვავებით, პარლამენტი უნდობლობას არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს, არამედ ცალკეულ ვიცე-პრემიერებს, მინისტრებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებსაც გამოუცხადებს. გადაწყვეტილება დეპუტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობით მიიღება და შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტას გამოიწვევს.
მინისტრებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების კანდიდატურები: მათი განხილვა, ზოგადი წესით, პარლამენტის კომიტეტების ღია სხდომებზე გაიმართება. გამონაკლისია ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ მთავრობის თავდაპირველი ფორმირება.
დეპუტატის სტატუსი: თუ პარლამენტის წევრს მთავრობის წევრად დანიშნავენ, მისი სადეპუტატო უფლებამოსილება აღარ შეწყდება, ის მხოლოდ შეჩერდება.
7. შეიცვლება არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილება
ახალი პროექტი ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც პარლამენტში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლობას უზრუნველყოფს იმ შემთხვევაშიც, თუ არჩევნებში გამარჯვებული პარტია ან ბლოკი მანდატების ორ მესამედზე მეტს მიიღებს.
პროექტის 30-ე მუხლის თანახმად, ასეთ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებს დამატებითი მანდატები მიენიჭებათ, რათა მათმა საერთო წილმა პარლამენტში ერთი მესამედი შეადგინოს.
იცვლება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების წესიც.
თუ არჩევნების შემდეგ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა უმრავლესობას ვერ შექმნის და ორი კვირის განმავლობაში კოალიციაც ვერ ჩამოყალიბდება, ახლადარჩეული ეროვნული კრება არ შეიკრიბება და ახალი არჩევნები დაინიშნება.
მხოლოდ განმეორებითი არჩევნების უშედეგოდ დასრულების შემდეგ შეიძლება ამოქმედდეს სტაბილური უმრავლესობის უზრუნველყოფის მექანიზმი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური.
8. ოპოზიცია დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოებში კანდიდატების წარდგენის უფლებას მიიღებს
პროექტის მიხედვით, საპარლამენტო ოპოზიციას უფლება ექნება, კანდიდატები წარადგინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოსთვის.
ეს ორგანოებია:
უმაღლესი სასამართლო საბჭო;
ახლადშექმნილი პროკურატურის საბჭო;
ცენტრალური საარჩევნო კომისია;
ცენტრალური ბანკი;
აუდიტის პალატა.
ოპოზიციის წარმომადგენლობა გათვალისწინებულია სხვა კოლეგიურ ავტონომიურ ორგანოებშიც.
მაგალითად, დეპუტატთა ეთიკის კომისიაში, გარკვეული გამონაკლისების გარდა, მმართველი უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა რაოდენობა თანაბარი იქნება.
თუმცა პროექტი ყველა მაღალი თანამდებობის დასაკავებლად ოპოზიციის თანხმობას აუცილებელ პირობად არ ტოვებს. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის ან ადამიანის უფლებათა დამცველის კანდიდატი პირველ ტურში დეპუტატების ხმების სამი მეხუთედის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მეორე ტურში შესაძლოა დეპუტატთა საერთო რაოდენობის უმრავლესობაც საკმარისი აღმოჩნდეს.
9. პრემიერ-მინისტრის როლი შეიარაღებულ ძალებში გაფართოვდება
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია ომის დროს.
ახალი პროექტით კი ეს შეზღუდვა უქმდება. პრემიერ-მინისტრი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იქნება არა მხოლოდ ომის პერიოდში.
პროექტი ასევე განსაზღვრავს სამხედრო ძალების გამოყენების წესებს:
სომხეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გაგზავნას ეროვნული კრების თანხმობა დასჭირდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული;
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ქვეყნის შიგნით შეიარაღებული ძალების გამოყენების გადაწყვეტილების მიღება შეეძლება, თუმცა მთავრობას ამ გადაწყვეტილების გაუქმების უფლებაც ექნება.
კიდევ ერთი ცვლილება უშიშროების საბჭოს ეხება. მოქმედ კონსტიტუციაში ეს ორგანო მოხსენიებულია და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭო თავდაცვის სფეროში პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
ახალ პროექტში უშიშროების საბჭო საერთოდ აღარ არის ნახსენები. CivilNet-ის შეფასებით, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ საბჭო კონსტიტუციურ სტატუსს დაკარგავს.
10. იცვლება სასამართლო სისტემის მართვის მოდელი
მნიშვნელოვანი ცვლილებებია გათვალისწინებული უმაღლესი სასამართლო საბჭოს ფორმირების წესშიც.
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საბჭოს ათი წევრიდან ხუთს მოსამართლეთა საერთო კრება ირჩევს, ხუთს კი – ეროვნული კრება.
ახალი პროექტით, ათივე წევრს პარლამენტი აირჩევს დეპუტატების ხმების სამი მეხუთედით. მოსამართლეთა საერთო კრებას მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატურების წარდგენის უფლება ექნება.
იცვლება საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადაც: მოქმედი ხუთი წლის ნაცვლად, ის შვიდი წელი იქნება.
ამასთან, შეიქმნება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო — პროკურატურის საბჭო. მას დაევალება პროკურორობის კანდიდატთა სიების ფორმირება, პროკურორების თანამდებობრივი დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვა.
11. მოქმედი მოსამართლეები ხელახალ ატესტაციას გაივლიან
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოქმედი მოსამართლეების ერთჯერად გადამოწმებას ითვალისწინებს.
პროექტის 85-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლეების გარდა, ყველა მოქმედმა მოსამართლემ ხუთი წლის განმავლობაში ხელახალი ატესტაცია უნდა გაიაროს.
ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ატესტაციის დასრულებამდე, ისინი მოსამართლის მოვალეობის დროებით შემსრულებლებად იმუშავებენ და მართლმსაჯულების განხორციელების უფლებამოსილებას შეინარჩუნებენ.
ატესტაციას ხუთწევრიანი კომისია ჩაატარებს, რომლის წევრებსაც პარლამენტი დეპუტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობით აირჩევს.
კომისია შეამოწმებს მოსამართლეთა:
კეთილსინდისიერებას;
პროფესიულ შესაძლებლობებს;
ქონებრივ მდგომარეობას.
კომისიის დასკვნა პრეზიდენტს გადაეცემა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება ან დასკვნის შენიშვნებით უკან დაბრუნება შეეძლება.
ამასთან, კომისიის დასკვნები სასამართლო წესით გასაჩივრებას არ დაექვემდებარება. თუმცა მოსამართლის თანამდებობაზე არდანიშვნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელი იქნება.
12. ახალი მოთხოვნები დაწესდება მედიასა და პოლიტიკურ პარტიებზე
ახალი კონსტიტუციის პროექტი პირველად ითვალისწინებს მედიასაშუალებების ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპის კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცებას.
იცვლება ტელევიზიისა და რადიოს კომისიის სტატუსიც. ის აღარ იქნება ცალკე კონსტიტუციური ორგანო და მისი ფუნქციები ახალ ავტონომიურ ორგანოს გადაეცემა.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროებად განისაზღვრება მხოლოდ მოქალაქეთა შემოწირულობები და სახელმწიფო ბიუჯეტი.
ამასთან, პროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობას, რომელიც უცხოური წყაროდან ფინანსდება ან სახელმწიფოს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას ქადაგებს.
13. კონსტიტუციური ცვლილებები მხოლოდ რეფერენდუმით განხორციელდება
მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, გარკვეული მუხლების შეცვლა პარლამენტს ხმების ორი მესამედითაც შეუძლია.
ახალი პროექტის თანახმად კი, კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ რეფერენდუმით უნდა დამტკიცდეს.
თუმცა იცვლება რეფერენდუმის დანიშვნისთვის საჭირო საპარლამენტო მხარდაჭერის ზღვარი: მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული ორი მესამედის ნაცვლად, პროექტით დეპუტატების ხმების სამი მეხუთედი იქნება საჭირო.
მეორე მხრივ, იზრდება რეფერენდუმზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ხმების მინიმალური რაოდენობა: ამჟამად საჭიროა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ერთი მეოთხედის მხარდაჭერა, ახალი პროექტით კი ეს ზღვარი ერთ მესამედამდე იზრდება.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის ახალი წესის ამოქმედებამ შესაძლოა შეცვალოს იმ მოქალაქეთა საერთო რაოდენობაც, რომელთა ხმების მიხედვითაც რეფერენდუმის შედეგი განისაზღვრება.
იცვლება მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივის პირობებიც:
კანონპროექტის ინიციირებისთვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობა 50 ათასიდან 40 ათასამდე მცირდება;
პარლამენტის მიერ უარყოფილი კანონპროექტის რეფერენდუმზე გასატანად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა 300 ათასიდან 200 ათასამდე მცირდება.
სხვა სიტყვებით, პროექტი მოქალაქეებს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას უმარტივებს, თუმცა კონსტიტუციის შეცვლის გადაწყვეტილებას მხოლოდ რეფერენდუმს ანდობს.
14. იცვლება რეფერენდუმით მიღებული კანონების შეცვლის წესი
მოქმედი კონსტიტუციის 204-ე მუხლის თანახმად, რეფერენდუმით მიღებული კანონების შეცვლა მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება.
ახალი პროექტის 79-ე მუხლში სიტყვა „მხოლოდ“ აღარ გვხვდება. მასში წერია, რომ ასეთი კანონების შეცვლა შესაძლებელია რეფერენდუმის გზით.
CivilNet-ის შეფასებით, ამ ფორმულირებით აღარ ნარჩუნდება პირდაპირი მოთხოვნა, რომ რეფერენდუმით მიღებული კანონი მხოლოდ რეფერენდუმით შეიცვალოს. თუმცა პროექტი მკაფიოდ არ განსაზღვრავს, კიდევ რა პროცედურით იქნება შესაძლებელი ასეთი კანონების შეცვლა.
15. ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსი შენარჩუნდება, სომხეთი კი კონსტიტუციურად სეკულარულ სახელმწიფოდ განისაზღვრება
ახალი კონსტიტუციის პროექტი ინარჩუნებს სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიის განსაკუთრებული მისიის აღიარებას, როგორც ეროვნული ეკლესიისა.
თუმცა იცვლება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მარეგულირებელი ფორმულირება.
მოქმედ კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები „შეიძლება რეგულირდებოდეს“ კანონით. ახალ პროექტში კი წერია, რომ ეს ურთიერთობები „რეგულირდება“ კანონით. ამგვარად, საკანონმდებლო რეგულირება კონსტიტუციურ მოთხოვნად იქცევა.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ პროექტში პირველად ჩნდება სიტყვა „სეკულარული“ – სომხეთი კონსტიტუციურად სეკულარულ სახელმწიფოდ განისაზღვრება. ეს დებულება იმ მუხლებს შორისაა, რომელთა შეცვლაც დაუშვებელია.
რა ეტაპები უნდა გაიაროს ახალმა კონსტიტუციამ?
ახალი პროექტის ყველა დებულება ერთდროულად არ ამოქმედდება. სახელმწიფო მმართველობის სისტემასთან დაკავშირებული ზოგიერთი თავი ძალაში შევა მომდევნო მოწვევის ეროვნული კრების პირველი სესიიდან, მოსამართლეთა ხელახალი ატესტაციისთვის კი ხუთწლიანი ვადაა გათვალისწინებული.
პროექტს ჯერ კიდევ უნდა ჩაუტარდეს საზოგადოებრივი განხილვები და მისი ტექსტი შესაძლოა შეიცვალოს.
რეფერენდუმზე გასატანად მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული კრების დეპუტატების საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ახალი კონსტიტუცია რეფერენდუმზე ჩავარდება, მზად არის გადადგეს. ხოლო მისი მიღების შემთხვევაში, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კენჭისყრას არ აპირებს.
საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქციებმა უკვე განაცხადეს, რომ ახალი კონსტიტუციის რეფერენდუმზე გატანის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ.
ფაშინიანი: ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანთან შეუქცევად მშვიდობას მოგვიტანს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…