მეუფე ნიკოლოზის თქმით, საპატრიარქოს რუსეთში ვიზიტისას ლაპარაკი იყო "გარკვეულ წესებზე, რის მიხედვითაც ხდება ავტოკეფალიის მინიჭება"
მეუფე ნიკოლოზის თქმით, რუსეთში საპატრიარქოს ვიზიტისას საუბარი ავტოკეფალიის მინიჭების წესებს შეეხო, ხოლო უკრაინის საკითხი არ დასმულა. ამასთან, საქართველოს საპატრიარქო უარყოფს მოსკოვის მტკიცებას, თითქოს ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე პირობა მისცა.

„იყო ლაპარაკი იმ გარკვეულ წესებზე და პრინციპებზე, რის მიხედვითაც ხდება ავტოკეფალიის მინიჭება“, - ამის შესახებ "პირველებთან" ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი საუბრობს. ამით სასაულიერო პირი ეხმაურება რუსეთში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტს, თუ რა თემებზე იყო საუბარი რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის დროს.
მიტროპილიტი გვიყვება, რომ რუსეთის პატრიარქ კირილესთან განხილულ თემებზე საპატრიარქოს დელეგაციის წევრებისგან დღეს ბოდბეში მოისმინა. მისი თქმით, საუბარი შეეხო საეკლესიო წესებს, თუ როგორ ხდება ავტოკეფალიის მინიჭება, თუმცა, კონკრეტულად უკრაინის საკითხი არ დასმულა.
„პატრიარქს მიულოცეს - განსაკუთრებული საგანგებო შეხვედრა არც ყოფილა და ვერც იქნებოდა ცხადია, იმიტომ, რომ დიდი ზეიმი იყო და უამრავი დელეგაცია იყო ჩასული. ერთადერთი საუბრის საშუალება პატრიარქთან ტრაპეზის დროს - სადღესასწაულო ტრაპეზი იყო და რა თქმა უნდა, ჩვენმა დელეგაციის წევრებმა სიტვყიერადაც მიულოცეს და შემდეგ ჩამოვარდა საუბარი - მე მოვისმინე მათგან უშუალოდ - დელეგაციის წევრები ბოდბეში იყვნენ და აქ ყველას შევხვდი და ძირითადად საუბარი ეხებოდა ზოგად საეკლესიო საკითხებს, ზოგად საეკლესიო პრობლემებს, სიტყვა უკრაინაც კი არ ყოფილა ხსენებული, არამედ იყო ლაპარაკი იმ გარკვეულ წესებზე და პრინციპებზე, რის მიხედვითაც ხდება ავტოკეფალიის მინიჭება“ - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ჯერჯერობით, წმინდა სინოდს უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია - მიზეზებზე მეუფე ნიკოლოზი საუბრობს.
„რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიიის აღიარებას - მეც ბევრჯერ მითქვამს და ჩენი ეკლესიის პოზიციაც ესაა, რომ არავითარი საწინააღმდეგო არ გვაქვს - ეკლესიის კანონების მიხედვით, უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალური ეკლესია. ერთადერტი ჩვენი მიზეზი, რის გამოც არ ვაღიარებთ ამ ვითარებაში, ასეთი ფორმით მინიჭებულ ავტოკეფალიას, მიზეზი არის პირვნებებში და ეპიფანე, რომელიც არის დღეს უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური, ჩვენი წარმოდგენებით, ჩვენი კანონებით იგი არ არის კანონიკური მღვდელმთავარი და თუ ეს ვითარება შეიცვლება და ისეთი პიროვნება დასახელდება, რომელიც იქნება კანონიკური, არავითარი საწინააღმდეგო ჩვენ არ გვექნება და არც, ალბათ, რუსეთს, ამხელა კატაკლიზმების შემდეგ, ალბათ, რუსეთის ეკლესიაც თანახმა იქნება, ეს იყო ძირითადი საუბრის შინაარსი“ - განაცხადა მეუფემ.
რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. რუსეთის საპატრიარქოს მტკიცებით, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს პირობა მისცა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს არავის, ვისაც რუსეთის ეკლესიისგან ხელდასხმა არ მიუღია.
განცხადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირდება. რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება, საქართველოს საპატრიარქოს კი ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
მოსკოვის განცხადებას საქართველოს საპატრიარქო უარყოფს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსეთის პატრიარქისთვის მსგავსი გარანტიები არ გაცემულა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…