საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და მას პირადად შეხვდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა. შეხვედრა 21 ნოემბერს, დანილოვის მონასტერში გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია მოსკოვში 19 ნოემბერს, კირილეს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
„20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს დელეგაციის წევრებმა, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში.
21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.
ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მღვდელმთავრებმა პანაშვიდი გადაიხადეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად.
საღამოს კი მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, კირილეს შეხვდნენ“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე კირილემ განაცხადა, რომ მაღალი შეფასება აქვს საქართველოს ეკლესიის პოზიციების მიმართ რიგ საკითხებზე, რომლებიც მართლმადიდებლურ სამყაროში უთანხმოების საგანია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…