POLITICO: შვეიცარიის ნეიტრალიტეტი მორიგ გამოცდას გადის - 29 ნოემბერს ქვეყანა იარაღის ექსპორტის წესების შემსუბუქებაზე რეფერენდუმს გამართავს
POLITICO-ს ცნობით, შვეიცარიაში 29 ნოემბერს იარაღის ექსპორტის წესების შემსუბუქებაზე რეფერენდუმი გაიმართება. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მყიდველ ქვეყნებს იარაღის უკრაინისთვის გადაცემა გაუმარტივდებათ.

შვეიცარიაში 29 ნოემბერს რეფერენდუმი გაიმართება, რომელზეც ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, შემსუბუქდეს თუ არა ქვეყნის იარაღის ექსპორტის წესები. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
კენჭისყრა შვეიცარიის ორსაუკუნოვანი ნეიტრალიტეტის კიდევ ერთი გამოცდა იქნება, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
რეფერენდუმის ფარგლებში მოქალაქეები ორ საკითხზე იმსჯელებენ: უნდა შეეძლოთ თუ არა შვეიცარიული წარმოების იარაღის მყიდველ ქვეყნებს მისი მესამე სახელმწიფოებისთვის გადაცემა ბერნისგან ცალკე ნებართვის მიღების გარეშე და უნდა გაფართოვდეს თუ არა იმ პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც შვეიცარია იარაღს პირდაპირ მიაწვდის.
ცვლილებებს შვეიცარიის მთავრობა, ფედერალური საბჭო და პარლამენტი უჭერენ მხარს. თუმცა, მემარცხენე პარტიების კოალიციამ მათი მიღება რეფერენდუმზე გაიტანა. გამოკითხვების თანახმად, კენჭისყრის შედეგი შესაძლოა საკმაოდ დაძაბული იყოს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბერნმა უარი უთხრა გერმანიას, დანიასა და ესპანეთს, რომ მათ შვეიცარიული წარმოების შეიარაღება უკრაინისთვის გადაეცათ.
„ამან გარკვეული უთანხმოება გამოიწვია შვეიცარიასა და ამ ქვეყნებს შორის“, - განუცხადა POLITICO-ს შვეიცარიის უსაფრთხოების პოლიტიკის სახელმწიფო მდივანმა მარკუს მედერმა. მისი თქმით, ექსპორტის წესები რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე „ზედმეტად მკაცრად“ იყო ჩამოყალიბებული.
მედერის განმარტებით, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარიული შეიარაღების ზოგიერთ მყიდველ ქვეყანას მომავალში, გარკვეულ შემთხვევებში, მისი უკრაინისთვის გადაცემა უფრო მარტივად შეეძლება.
მისივე თქმით, მთავრობამ გააფართოვა იმ პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალიც, რომლებსაც შვეიცარია იარაღს პირდაპირ მიაწვდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობენ. საუბარია ისეთ ვითარებაზე, როდესაც ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ებრძვის - გარემოებაზე, რომელიც მოქმედი წესებით იარაღის ექსპორტის აკრძალვას იწვევს. თუმცა, ნეიტრალიტეტის პრინციპის თანახმად, შვეიცარია იარაღს კვლავ არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც სხვა სახელმწიფოსთან ომში არიან ჩართული.
ახალ ჩამონათვალში შედიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები, აშშ და კანადა. მათი უმეტესობა უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. თავად უკრაინა ამ სიაში არ არის.
2022 წლიდან ბერნი ევროკავშირსა და ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს. მედერმა POLITICO-ს განუცხადა, რომ შვეიცარიას ახლა ალიანსისთვის საიდუმლო სამხედრო საავიაციო მონაცემების გაზიარებაც სურს.
სექტემბერში შვეიცარიის ამომრჩევლებმა უარყვეს ინიციატივა, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრ განმარტებას შეიტანდა. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ნატოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა შეეზღუდებოდა.
შვეიცარიის ნეიტრალიტეტი საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული, თუმცა მისი პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ბერნს რჩება. ნოემბრის რეფერენდუმი კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება იმისა, თუ რამდენად მჭიდროდ სურს ქვეყანას ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაახლოება.
შვეიცარია ექსპორტზე აწარმოებს საბრძოლო მასალას, ჯავშანტექნიკას, საბრძოლო თვითმფრინავების კომპონენტებს, სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელ ნივთიერებებს, საწვავსა და სარაკეტო საწვავის კომპონენტებს.
ქვეყნის შეიარაღების მთავარი მყიდველები გერმანია, აშშ, უნგრეთი, იტალია და ლუქსემბურგი არიან. თუმცა, ბერნმა მარტში ირანთან ომის გამო ვაშინგტონისთვის იარაღის ექსპორტის ახალი ლიცენზიების გაცემა შეაჩერა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…