უკრაინამ ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში მიიტანა - სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია
უკრაინული დრონების შეტევის გამო ქერჩის ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით კი დაშავებულები არ არიან და ზარალი ფასდება.

უკრაინის დრონებით განხორციელებული შეტევის შემდეგ რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა ღამით მოხდა, დაშავებულები არ არიან, სპეციალისტები კი მიყენებულ ზარალს აფასებენ.
„დრონებით ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია. მსხვერპლი არ არის. სპეციალისტები ზარალს აფასებენ“, - ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
თავდასხმა და ხიდის დაკეტვა დაადასტურა ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მომხდარს ირონიული პოსტით უპასუხა. უწყებამ სოციალურ ქსელ Facebook-ზე პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში მდებარე ვასკო და გამას ხიდს „ევროპის ყველაზე გრძელ ხიდად“ ქცევა მიულოცა. ამ ტიტულს მანამდე 19-კილომეტრიანი ქერჩის ხიდი ფლობდა.
ეს ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ხიდზე მიტანილი მესამე თავდასხმაა. ოთხშაბათს საღამოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო, ხოლო ნამსხვრევებმა მის ქვეშ მდებარე სანაოსნო არხი ჩახერგა. უწყების შეფასებით, ხიდი რუსეთის სატრანსპორტო არტერიის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა, - წერს გამოცემა.
იერიში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ჩინეთის ქალაქ შენჟენში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა.
რუსეთმა ხიდის მშენებლობა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო, ხოლო ვლადიმერ პუტინმა ის 2018 წელს გახსნა. ქერჩის ხიდი, რომელსაც რუსეთისთვის როგორც სიმბოლური, ისე ლოგისტიკური მნიშვნელობა აქვს, უკრაინული ძალების არაერთი თავდასხმის სამიზნე გამხდარა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…