დათუნაშვილი კობახიძის ვიზიტზე: გაეროში უსმენდნენ კადაფსაც, ბაშარ ალ-ასადსაც
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ გაეროში გამოსვლა ქვეყნის პოლიტიკურ იზოლაციას არ ცვლის და ხელისუფლება პროტოკოლურ შეხვედრებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.

დელეგიტიმაციით გამოწვეულ სასოწარკვეთილებას არაფერი არ აღწერს ისე კარგად, როგორც პროპაგანდისტული მცდელობა, ყველა ჯერზე გაყიდონ ნებისმიერი პროტოკოლური შეხვედრა, ნებისმიერი რიგითი, ჩვეულებრივი ვიზიტი რაღაც დიდ პოლიტიკურ მოვლენად, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება.
„გაეროში უსმენდნენ მუამარ კადაფსაც, გაეროში უსმენდნენ ბაშარ ალ-ასადსაც, გაერო არის ის ორგანიზაცია, სადაც ყველას სიტყვა ეთქმის, როდესაც იქ ჩადის. ეს არაფერს ცვლის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იზოლაციაში. ძალიან უბადრუკად გამოიყურება ხელისუფლება, რომელიც მთელ მანქანას ამუშავებს ხოლმე ყველა ჯერზე, როცა კოსმოსზე და უცხოპლანეტელებზე სალაპარაკოდ წავა ან გაეროს ასამბლეის მორიგ სესიას დაესწრება ხოლმე ან რაიმე მსგავს მოვლენაში იღებს მონაწილეობას.
საქართველო არის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იმიტომ, რომ მას მართავს 90-იანებიდან გადმომხტარი რუსი ოლიგარქი და მართავს ბანდიტური მეთოდებით. საქართველო გახდა ბანდიტური სახელმწიფო. მანამდე იქნება საქართველო იზოლირებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, სანამ ეს ვითარება არის. ხოლო არა პარტნიორები, ვისაც საქართველოს ბედი არ ადარდებთ, რომლებიც, მაგალითად, ე.წ. არჩევნებს არ გმობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მათზე ამბობენ, ჩვენი მეგობრები არიანო.
სინამდვილეში, გაერო-ში ჩანს ყველაზე კარგად, რომ ივანიშვილი მიილტვის საერთაშორისო აღიარებისკენ დასავლეთში და არა თეირანსა და პეკინში“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…