თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო - ეკა კუპატაძემ იმნაძის ადვოკატს მიმართა: „გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს!“
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ხმაური იყო — გარდაცვლილის დედამ, ეკა კუპატაძემ, ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატ გიორგი ლეკიშვილს მიმართა: „შენ გაჩვენებ სეირს, შენ გაგებინებ პასუხს!“. საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ანასტასია ბერუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გაღიზიანება სასამართლოს შენობაში ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის შესვლამ გამოიწვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯარო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს, შენ გაგებინებ პასუხს! უპასუხე, გიგა სასიკვდილოა?",- მიმართა ეკა კუპატაძემ ადვოკატს.
სიტუაცია მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.
„ეს არასრულწლოვნები დუმილის უფლებას იყენებენ, ასე რომ, ისინი არ დაიკითხებიან. საქმეში მყარი და პირდაპირი მტკიცებულებებია, დარწმუნებული ვარ, ამ მტკიცებულებებს გაიზიარებს სასამართლო და მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯის. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა დანაშაულს სჩადის არასრულწლოვანი, მაშინ ხომ არის დანაშაულისთვის მომწიფებული? ასევე მიმღებლობა უნდა ჰქონდეს სასჯელის ზომის მიმართ. ის, რომ არასრულწლოვანია და გოგონაა, არ ამართლებს იმ სასტიკ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს. არავისგან წუხილი არ დაფიქსირებულა, უფრო მეტიც, ინტენსიურ რეჟიმში ნია იმნაძის ოჯახი, მისი ადვოკატი, მათი წრე აქტიურად თავს გვესხმის. უზრდელი სიტყვებით, საცინლად იგდებენ ამხელა მკვლელობას, არავის არაფერს ვაპატიებ!
თქვენ შეგნებულად არ დაგისვამთ კითხვა და მადლობა, ამისთვის, დიახ, პროფესიონალს დღეს ჩემთვის არ უნდა დაესვა. ყბადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა. პირველ წინადადებაში -"არავინ იმსახურებს სიკვდილს, თუმცა, გიგა ავალიანი იმსახურებს სიკვდილს"! ამისთვის ის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, ვპირდები გიგა ავალიანს! მეორე წინადადება - სხვისი დანაშაულისთვის სხვა არ უნდა დაისაჯოს. გიორგი ლეკიშვილი პასუხს აგებს თავისი დანაშაულისთვის და არა სხვისი დანაშაულისთვის",- განაცხადა კუპატაძემ.
ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს.
ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…