ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის 375 ათასი ლარია გამოყოფილი
ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 375 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა ტენდერები დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურებისა და კულინარიული სივრცის მოწყობისთვის.

ბათუმში წელს ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 375 ათას 615 ლარია გათვალისწინებული.
ამ თანხაში არ შედის ჰონორარი, რომელსაც ფესტივალში მონაწილე მუსიკოსებს გადასცემენ. მაგალითად, გასული წელს ჰონორარებში 190 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.
ფესტივალი ორდღიანი იქნება, თუმცა ჯერ არც თარიღია დაზუსტებული.
ამ დროისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ა[ა]იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული:
დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურების შესყიდვაზე – 189 225 ლარით
კულინარიული სივრცის მოწყობისთვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფაზე – 186 390 ლარით
„ფესტივალის ჩატარების თარიღია 2026 წლის ოქტომბრის თვის – 2 დღე. ფესტივალი შეიძლება გადატანილი იქნას ამინდის გათვალისწინებით. დაზუსტებული თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში“, – აღნიშნულია ორთავე ტენდერის პირობაში.
ამავე პირობით უცვლელი რჩება ფესტივალის ჩატარების ადგილი – ევროპის მოედანი ბათუმში და მისი მიმდებარე ტერიტორია – მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.
„დეკორაციულ-კონსტრუქციულ მომსახურების შესყიდვა ითვალისწინებს ტერიტორიის მოწყობას სივრცითი დეკორაციებით: თემატური ინსტალაციებით, კვების ზონებით, კვების-ჯიხურებით, ეთნო-კუთხეებით, ნალიით, ლაუნჯებით, მასშტაბური თაღებით, დროშებით და მათი მოწყობა-განთავსება-განათებით ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე.
ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ [ბარათაშვილსა და მემედ აბაშიძეზე] წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი, რომელიც ადგილზე მოსულ ვიზიტორებს ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგზაურობას ჰპირდება. სპეციალურად ამ დღისთვის ტერიტორია გაფორმდება სოფლის თემატიკის შესაბამისი დეკორაციებით.
მთავარი საფესტივალო კონსტრუქციების მოწყობა დასრულებული უნდა იყოს ფესტივალის წინა დღეს“ – წერია ტენდერის პირობაში.
რაც შეეხება კულინარიული სივრცის მოწყობას, ეს მოიცავს „მასიური ხის ჯიხურებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო სრული ინვენტარის უზრუნველყოფას, კულინარიული მასტერკლასებისთვის სადემონსტრაციო სივრცის მოწყობას, ინგრედიენტებისა და ინვენტარის სრული უზრუნველყოფით ორი დღის განმავლობაში კულინარიული მასტერკლასების ორგანიზებით.
„განდაგანა“-ს ერთ-ერთი მთავრი კომპონენტი – აჭარული სამზარეულოა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში სათანადოდ, მრავალფეროვნად უნდა იქნეს წარმოჩენილი. კერძები ადგილზე მომზადდება და ფესტივალზე მოსულ ვიზიტორს აჭარული ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.
… წარმოდგენილი იქნება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი და მეზობელი რეგიონები მათთვის დამახასიათებელი კერძებით და დესერტებით. ჯიხურები ინდივიდუალურად აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ინვენტარით [ელექტრო ქურა, წყლის ნიჟარა, დენის წყარო, წყლის მომარაგებით…] ჯიხურების წინ მოეწყობა დასაჯდომი სივრცეები – გადაბმული ხის მაგიდებით და სკამებით.
მოეწყობა კულინარიული მასტერკლასები, რისთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო რეკვიზიტი თუ ინგრედიენტი. კულინარიული მასტერკლასისთვის, გარდა მზარეულებისა, უნდა შეირჩეს ცნობადი შეფები, რომლებიც საინტერესო კულინარიულ მასტერკლასს შემოგვთავაზებენ.
კულინარიული შეჯიბრებები და მასტერკლასები შემუშავებული იქნას წინასწარ კულინარიული რეჟისორის მიერ“, – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნებში.
ტენდერებში წინადადებების მიღება 2026 წლის 28 და 29 სექტემბერს მთავრდება.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში – „ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება“ – ჩამოთვლილია შემდეგი ღონისძიებები: „ზაფხულის ფესტივალი, განდაგანა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, სოფლის ტურიზმის კონფერენცია, მოლაშქრეთა ფესტივალი“, ხოლო თითოეული ამ ღონისძიებისთვის გათვალისწინებულია 420 ათასი ლარი, ანუ ჯამში გაწერილია 2 მილიონ 100 ათასი ლარი.
ბათუმში დაწყებულია და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი. ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას.
მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებულია „გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალიც“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ღონისძიებას ფესტივალის სახე წელს არ ექნება.
რატომ ჩატარდება სხვა ფორმატით და რატომ არ ექნება ფესტივალის სახე? – ამ კითხვაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში არ პასუხობენ.
ამ თემაზე:
ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.