კომპეტენციის გაფართოების გამო, 2027 წელს ბიუჯეტიდან ღვინის სააგენტოს დაფინანსება იზრდება - ზურაბ ეზუგბაია
ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოების გამო, 2027 წლიდან უწყების საბიუჯეტო დაფინანსება და საშტატო რიცხოვნობა იზრდება, რასაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მანდატის გაფართოების გამო, 2027 წელს მისი საშტატო რიცხოვნობა და საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც "ვაზისა და ღვინის კანონში ცვლილებები წარადგინა.
საქმე ისაა, რომ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება ფართოვდება და შედეგად, ის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებიდან ბაზარზე განთავსებამდე სახელმწიფო კონტროლს (უვნებლობის გარდა) სრულად უზრუნველყოფს. შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონშია დაგეგმილი და პარლამენტში დაჩქარებულად განიხილება.
"ქართული ღვინის ხარისხი, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული. ამ მხრივ ღვინის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის გაფართოება გულისხმობს პერსონალის გაძლიერებას, გაფართოებას და საკონტროლო უფლებამოსილებების განხორციელებას - ეს არის მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და ბაზრის ყველა სეგმენტში წარმომადგენლობა. შესაბამისად, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა გაითვალისწინა ამ კუთხით ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსების ზრდა, ასევე საშტატო ერთეულების საკმარისი ოდენობით დამატება.
დაფინანსება გაზრდილია ასევე კვლევების ნაწილში, პოპულარიზაციის ღონისძიებების ნაწილში და რაც შეეხება პერსონალის გაზრდილი რაოდენობის დაფინანსებას, აქ, გარდა უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხებისა, ჩაერთვება საკუთარი შემოსავლები.
საკუთარი შემოსავლების მხრივ არის შესამჩნევი ზრდა: 2027 წლის ბიუჯეტში ღვინის ეროვნული სააგენტოს საკუთარი შემოსავლების მხრივ დაახლოებით 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ეს არის თითქმის ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის განმავლობაში იყო საკუთარი შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტში ჩადებული. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის მიერ წელს მიღებული ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში, რომელიც შეეხო ნიშანდებას, მარკირების პროცედურას. ეს ნაწილი კანონის თანახმად მომდევნო წლის მეორე კვარტალში ამოქმედდება და იქნება დაფინანსების დამატებითი წყარო ნიშანდებიდან, მარკირებიდან, ასევე სერტიფიცირების მხრიდან. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებები ასევე სერტიფიცირების ნაწილში განაპირობებს იმას, რომ სეგმენტი, რომელზეც ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს სერტიფიკატებს გაიზრდება და სასერტიფიკაციო საქმიანობიდან გამომდინარე შემოსავლებიც მოიმატებს", - ამბობს მინისტრის მოადგილე.
პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით განიხილავს. დღეს საფინანსო კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ახალი ფუნქციების შესასრულებლად (მათ შორის, 10 ახალი სპეციალისტის დასაქმებისთვის) ღვინის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან და საკუთარი შემოსავლებიდან მომდევნო წლებში სავარაუდოდ დაიხარჯება: 2027 წელს – 960 800 ლარი, 2028 წელს – 1 056 880 ლარი, 2029 წელს – 1 162 568 ლარი, ხოლო 2030 წელს – 1 278 824.8 ლარი. ანუ 2027–2030 წლებში ჯამში 4.5 მლნ ლარი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…