გოტა ჭანტურია - „სოციალური დემოკრატიისთვის“ პარტიად გარდაქმნა არის ხმამაღალი განაცხადი, რომ ამ რეჟიმს არ ვემორჩილებით - ჩვენ გვინდა ხალხი პოლიტიკაში დავაბრუნოთ!
მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ პარტიად გარდაიქმნა; მისი წევრის, გოტა ჭანტურიას განცხადებით, ეს არის განაცხადი არსებული რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობაზე და მიზნად ისახავს ხალხის პოლიტიკაში დაბრუნებას მსხვილი ბიზნესის გავლენის გარეშე.

მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ პარტიად გარდაქმნა არის ძალიან ხმამაღალი განაცხადი, რომ არ ვემორჩილებით ამ რეჟიმს, - ამის შესახებ პარტია „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, გოტა ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ქვეყანაში სრულიად ახალი, ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე ორიენტირებული პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაა საჭირო.
როგორც ჭანტურია აღნიშნავს, მათი პარტია ჰორიზონტალური პრინციპით იმუშავებს და “არ იქნება ჩამოკიდებული ერთ ან ორ ლიდერზე, არამედ, თითოეულ წევრს ექნება თავისი ხმა”.
„რატომ ახლა? ჩვენი მხრიდან ეს არის ძალიან ხმამაღალი განაცხადი. როდესაც მიმდინარეობს პოლიტიკური საქმიანობისა და ცხოვრების აკრძალვის პროცესი, ჩვენ პირიქით, არ ვემორჩილებით ამ რეჟიმს, ამ სისტემას და ვამბობთ, რომ სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო, რომ ეს განაცხადი გავაკეთოთ. ჩვენ ორი წელი გვქონდა დაწყებული მუშაობა შიდაპარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, ამაზე ძალიან ხმამაღლაც ვსაუბრობდით და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდა ამაზე ინფორმაცია. მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეს დაგვიანებულიც კი არის, უბრალოდ, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ აუცილებელია პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. გარედან აქტიურობა და ჩვენ-ჩვენს სფეროებში საქმის კარგად კეთება აღარ იყო უკვე საკმარისი, საჭირო არის ახალი შინაარსის, სახეებისა და ახალი შეხედულებების შემოტანა. ჩვენი მოძრაობა არის მემარცხენე მოძრაობა, სოციალ-დემოკრატიული. პრინციპში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მემარცხენეობა ყოველთვის მარგინალიზებული იყო. ახლაც ვხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ეს საბჭოთა კავშირთან დააკავშიროს, არადა რეალურად ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ იქამდე იყო პირველი რესპუბლიკა, რომელიც სწორედ სოციალ-დემოკრატიული იყო და ბევრი რამით გამოირჩეოდა, მათ შორის, თანამშრომლობით ოპოზიციასთან.
ორი დღის წინ გვქონდა სადამფუძნებლო ყრილობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი იყო და ჩვენთვის ფაქტობრივად ყველაფერი იწყება ახლა. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა, თავისი მოწყობითა და სტრუქტურითაც არის განსხვავებული. ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული ერთ ან ორ ლიდერზე, ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა, რომელშიც თითოეულ წევრს აქვს თავისი ხმა. ხშირად გვეკითხებიან, ვინ არის ჩვენი მთავარი მოკავშირე. ჩვენ არ ვართ გაწევრიანებული არცერთ ალიანსში და არც ვაპირებთ. ჩვენ თვითონაც ძალიან კრიტიკულები ვართ ოპოზიციის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვინდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში ხალხი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა წარმოვადგენდეთ ხალხს, არამედ ხალხთან ერთად გვინდა ამ პოლიტიკის შექმნა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ხიდების შენებას სოციალურ პროტესტებთან, სოციალურ მოძრაობებთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან. ჩვენი უამრავი წევრი გარემოს აქტივიზმიდან მოდის. ყველა სახალხო პროტესტში ვიყავით არა მხოლოდ ბოლო ორი წელი, არამედ ათწლეულები. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურად აწუხებთ, არის პოლიტიკიდან გარიყული.
არჩევნები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ხოლო პარტია არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ორგანიზებისთვის, მობილიზებისთვის, გაერთიანებისთვის, შინაარსის გავრცელებისთვის. დიდი ხანია ვმუშაობთ მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად განათლების პოლიტიკის საკითხებზე. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ რეგიონული ინფრასტრუქტურის შექმნაზე“, - აცხადებს გოტა ჭანტურია.
ამასთან, მან პარტიის დაფინანსების წყაროებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მოძრაობა მხოლოდ საწევრო გადასახადებსა და მცირე შემოწირულობებზეა დამოკიდებული, ხოლო მსხვილ ბიზნესთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
„ჩვენ არ გაგვაჩნია, სიმართლე რომ გითხრათ, დიდი თანხები. ერთი მხრივ, ჩვენ ვართ მთლიანად დამოკიდებული შემოწირულობებზე და, მეორე მხრივ, საწევრო გადასახადზე. ჩვენ არასოდეს ვიქნებით დამოკიდებული მსხვილ ბიზნესზე. არ გვინდა ეს. ჩვენ გვინდა ბევრი, მაგრამ მცირე შემომწირველი. ფინანსების გარდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ადამიანებისგან. საერთაშორისო მაგალითებმაც აჩვენა, სერბეთი არის მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია თურმე არსებული პოლიტიკური კლასის გარეშე და მსხვილი ფინანსური კლასის გარეშე, შესაბამისი ენერგიითა და ძალისხმევით გამარჯვების მიღწევა“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, პარტია „სოციალური დემოკრატიისთვის“ მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ჭანტურიას თქმით, “ბევრ რამეს განსაზღვრავს, როგორი იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი იმ პერიოდში”.
“შესაბამისად, ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მივიღებთ. არჩევნებამდე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია მოახდინო. თუ ხალხთან ერთად არ მუშაობ და მოუმზადებელი ხარ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, მიუხედავად გაყალბებისა, სამწუხაროდ, მივეცით იმის უფლება, რომ თუნდაც გაეყალბებინათ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მობილიზება. არჩევნები სამართლიანი რომ არ იქნება, ეს ხომ ჩვენ აპრიორი უკვე ვიცით, არავინ არ ელოდება, რომ სიტუაცია შეიცვლება.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები არ ეხება იმ პარტიებს მხოლოდ და უახლოეს მომავალში შეიძლება სხვებზეც გავრცელდეს“, - განაცხადა გოტა ჭანტურიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…