პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა გეგმები აქვს ახლადდაფუძნებულ პარტიას – „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებათავისუფლების მოედანი

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ პარტიად დარეგისტრირდა. საორგანიზაციო საბჭოს წევრი სოფო ვერძეული აცხადებს, რომ პარტიის მიზანი ძალაუფლების ერთპარტიული კონცენტრაციის შეცვლაა და კრიტიკოსებს პასუხობს, რომ რეპრესიული კანონები მათ მოძრაობასაც შეეხო.

რა გეგმები აქვს ახლადდაფუძნებულ პარტიას – „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“
ბათუმელები

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, რომელიც ორი წელია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობას, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.

გუშინ, 15 ნოემბერს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებას 400-მდე დელეგატი ესწრებოდა.

პარტიას მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, რომელიც მის სახელშივე ჩანს.

ბუნებრივია, სოციალ-დემოკრატიული იდეების მქონე პარტიის დაარსება არ მიესალმა საზოგადოების მკვეთრად მემარჯვენე, ლიბერალური და კონსერვატიული ნაწილი. თუმცა, „მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის“ კრიტიკა დაიმსახურა საზოგადოების იმ ნაწილისგანაც, რომლებიც იდეოლოგიურად სოციალ-დემოკრატიულ ღირებულებებს არა თუ ეწინააღმდეგებიან, მხარს უჭერენ კიდეც.

ამის მიზეზი პარტიის დაარსების კონტექსტი გახდა: თითქმის ერთი თვეა საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის საკითხს განიხილავს. „ქართული ოცნება“, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორია, არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც მოითხოვოს.

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ფონზე პარტიულ პოლიტიკაში შესვლა არასწორია.

ამ კრიტიკაზე, სამომავლო მოქმედების სტრატეგიაზე, პოლიტიკური ბრძოლის ხედვებსა და მიზნებზე „ბათუმელები“ პარტიის საორგანიზაციო საბჭოს წევრს, სოფო ვერძეულს ესაუბრა.

პარტიის პროგრამული პრიორიტეტების წარდგენისას, თქვენ თქვით, რომ გირჩევნიათ მეტი ილაპარაკოთ პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე, ვიდრე არსებული სისტემის პირობებში ცალკეულ რეფორმაზე. მაგალითად, სასამართლო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე, ნაცვლად კონკრეტული მოსამართლეთა დანიშვნის წესისა. ჩემი პირველი კითხვა სწორედ ამას შეეხება – როგორ წარმოგიდგენიათ სისტემური ცვლილებები არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით?

ჩვენს პროგრამაში მთავარი აქცენტი არის დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომლის გარეშეც ცალკეულ ინსტიტუციურ რეფორმებზე საუბარი გულუბრყვილობა, ან უბრალოდ დაკარგული დრო. თუ არ შევცვალეთ პოლიტიკური სისტემის ლოგიკა და ეკონომიკური მოწყობა, ვფიქრობთ, ვერ შევქმნით ფუნდამენტს, რომელზეც უფრო სამართლიანი, უფრო დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა უნდა დავაშენოთ.

ამას ვამბობთ, მათ შორის, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ათწლეულებია დაგროვდა. ჩვენ უამრავი ცალკეული ინსტიტუციური რეფორმა შეიძლება გავიხსენოთ, რომელსაც არ ჰქონდა მყარი საფუძველი. ყველაზე კარგად დღეს ვხედავთ, რომ დემოკრატიზაციისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სინამდვილეში, ამ ქვეყნის დემოკრატიას ვერანაირი ინსტიტუციური საყრდენი ვერ შეუქმნა. ერთ დღეში ჩამოიშალა ყველაფერი.

ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ არ იცვლებოდა ლოგიკა. ეს ლოგიკა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში იყო და არის. ეს იყო ჩვენი მთავარი გამოწვევა ყოველთვის.

ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებდა და მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობა, არჩევნების ჩატარების სისტემა, ძალაუფლების განაწილების მექანიზმები და ა.შ. აქედან გამომდინარეობდა ჩვენთან ძალიან ბევრი პრობლემა ცალკეულ ინსტიტუტებთან, არაანგარიშვალდებულ მმართველობასთან და პასუხგაუცემელ პრობლემებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვფიქრობთ, შევცვალოთ ეს პოლიტიკური ლოგიკა და შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც გამორიცხავს ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების თავმოყრას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა გაკეთდეს ერთპარტიული მმართველობის დასრულებით, ძალაუფლების განაწილების ინსტიტუციური მექანიზმების შემოღებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ამ მრავალფეროვნების არეკვლით, რაც ჩვენს საზოგადოებაშია.

ეს არ გულისხმობს მხოლოდ სოციალურ სიჭრელეს. ეს, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური განწყობების სრული სიზუსტით ასახვას პარტიულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ცალკეული ინსტიტუციური რეფორმით ჩვენ ვერ გავაჯანსაღებთ დამოუკიდებელ ორგანოებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასამართლოს რეფორმა არ გვჭირდება ან სამართალდამცავი სისტემის რეფორმა არ გვჭირდება, უბრალოდ პრიორიტეტები უნდა დავალაგოთ – რით უნდა დავიწყოთ და სად მივიდეთ. მე თუ მკითხავთ, ყველაფერი პარალელურად არის საკეთებელი, დავაგვიანეთ კიდეც.

ეს არის სასურველი მომავლის თქვენეული ხედვა. თუმცა, არსებულ პოლიტიკურ გარემოში (ოპოზიციური პარტიები იკრძალება, გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და სხვა უამრავი რეპრესიული კანონი მოქმედებს, საზოგადოების ნაწილი კი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას), როგორ წარმოგიდგენიათ ამგვარი სისტემური ცვლილებების განხორციელება?

ეს არის ჩვენი განაცხადი, რომელში მონაწილეობისთვისაც ვიწვევთ საზოგადოებას.

რაც შეეხება იმას, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია, რომ ეს ჩვენი პროგრამა, მანიფესტი იქცეს რეალობას – აი, ამ ღირებულებების გარშემო ადამიანების გაერთიანებისთვის ყოველდღიური მუშაობით.

ძალიან მკვეთრ პოლიტიკურ ღირებულებებზე დღეს საუბარი არა თუ სისუსტეა, არამედ პირიქით, სიძლიერეა. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნილება კონკრეტული ხედვების, ღირებულებების და იმის ახსნის, რა შეიცვლება, თუ „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ძალაუფლებაში.

როცა ვსაუბრობთ ალტერნატივაზე, პოლიტიკური ალტერნატივა უნდა იყოს მკაფიო, ღირებულებითი. ადამიანებმა უნდა დაინახონ, როგორი იქნება მომავალი „ქართული ოცნების“ გარეშე.

ჩვენი პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება არ არის ნაბიჯი, რომელიც გათვლილია მოკლევადიანი, ერთჯერადი მიზნით. ბევრი პარტია გვინახავს, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერ აღწევდნენ. ჩვენ შევქმენით პოლიტიკური პლატფორმა იმისთვის, რომ ფართო, საჯარო პოლიტიკური პროცესი ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვაწარმოოთ.

პარტიის დაფუძნებას საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. მათ ჩათვალეს, რომ ისეთ რეპრესიულ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, ახალი პარტიის ჩამოყალიბება და პარტიული ბრძოლა არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მათ შორის, ბევრმა გაუსვა ხაზი, რომ თქვენი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური გაერთიანების გაუქმებაზე მსჯელობენ.

ადამიანები, რომლებიც ჩვენი პარტიის დაფუძნებას სკეპტიციზმით შეხვდნენ, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ აქცევენ ყურადღებას:

პირველი, ეს არის ჩვენი მოძრაობის და პარტიის ისტორია, რომელიც არ დაწყებულა ერთი თვის წინ, გნებავთ ნახევარი წლის წინ. ჩვენ ორგანიზება დავიწყეთ 2024 წლის ზაფხულში და წლის ბოლოს ღიად ვთქვით, რომ ვემზადებოდით პოლიტიკური ალტერნატივის ფორმირებისთვის. ამ ფაქტორის გამოტოვებით შეფასების გაკეთება უბრალოდ არაკეთილსინდისიერია;

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ადამიანებს ასევე ავიწყდებათ, არის ის, რომ სინამდვილეში, ჩვენ ბევრად ადრე აგვიკრძალეს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს სარჩელს შეიტანდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

ბოლო დღეებში მიდის საუბარი იმაზე, ვინ უფრო რეპრესირებულია ამ სისტემაში და ავტორიტარიზმი ვის უფრო მეტად შეეხო. მე მინდა შევახსენო ამ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელთა წინააღმდეგად იღებენ კანონებს ბოლო სამი წელია – აგენტის იარლიყების მოწებებით, გაგრძელებული ჩვენი კონსტიტუციური უფლების უგულებელყოფით – რვაწლიანი „გაგრილების პერიოდის“ შემოღებით, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა.

გულისხმობთ იმას, რომ თქვენი პარტიის ლიდერების და სახეების დიდი ნაწილი წარსულში არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ?

დიახ და მათ შორის, ემიგრანტებს, რომლებიც ჩვენი მოძრაობის ძალიან დიდი ნაწილია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს ადამიანების მოხმობა, რომ ამ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდნენ, შემოვიდნენ, ჩაერთონ, არის ის, რაც სწორი ქმედება ავტორიტარიზმის იმ ფაზაში, რომელშიც ვართ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, რა თქმა უნდა, ჩვენ სიაში ყოფნა [ე.წ. ასაკრძალი პარტიების სიაში] არ გვჭირდება იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ „ქართული ოცნების“ ეს რა ნაბიჯია – ავტორიტარიზმის ამ ფაზის ლეგალიზაცია ხდება და საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ფორმდება ის, რომ განსხვავებული აზრი ორგანიზაციული ფორმით არ უნდა არსებობდეს.

რეპრესიული კანონები და რეპრესიული აპარატი არავისზე ნაკლებად ჩვენს მოძრაობას და ჩვენი მოძრაობის წევრებს არ შეხებიათ.

ჩვენ აქამდეც მოძრაობის ფორმით ვიარსებეთ თითქმის ორი წელი და ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები ვაშენეთ მთელ ქვეყანაში. ასეც გავაგრძელებთ.

„ქართული ოცნების“ სარჩელში, რომელიც 5 პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვას მოითხოვს, წერია, რომ მომავალში მათ შეიძლება სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაც მოითხოვონ. თქვენი კრიტიკოსები სწორედ ამ გარემოებას უსვამენ ხაზს და სვამენ კითხვას – რა აზრი აქვს პარტიის შექმნას ამ პირობებში.

ეს კითხვა ხშირად ისმის, რომ ამ კანონების პირობებში, ასეთი რეპრესიული რეჟიმის პირობებში რა აზრი აქვს პარტიულ ფორმაში გადასვლას.

ჩვენთვის მთავარია, საზოგადოების უდიდეს ნაწილს ჰქონდეს სწორი განცდა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მის ყოველდღიურ პრობლემებზე: ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ხელფასი თვიდან თვემდე უფრო და უფრო ნაკლებად ყოფნის; ჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფული იზრდება, წამლებში გადახდილი ფული იზრდება, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ხარჯი ადამიანს ეზრდება და ამ ყველაფერს ემატება უამრავი უსაფრთხოების პრობლემა, ინფრასტრუქტურული გამოწვევა, გარემოსდაცვითი პრობლემები ურბანულ სივრცეებში და ასე შემდეგ.

გვინდა, ადამიანებმა სწორად განსაზღვრონ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირები და მეორე მხრივ დაინახონ, რა ალტერნატივა არსებობს.

მგონია, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის დანიშნულება უნდა იყოს ეს – სიმართლის ლაპარაკით, სიმართლის გავრცელებით, პოლიტიკური ალტერნატივის წარმოდგენით და იმის ახსნით, როგორი შეიძლება იყოს საქართველო „ქართული ოცნების“ შემდეგ. ეს არის ის, რაც მოქალაქეებში მობილიზაციის და ორგანიზების სურვილის გააჩენს, რაც უპასუხებს იმ ნიჰილიზმსა და სასოწარკვეთას, რომელშიც გვაცხოვრებს ეს რეჟიმი.

ზუსტად ეს არის ამ ავტორიტარიზმის მიზანი, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ აქ არაფერი აღარ გამოვა და ან ემიგრაციაში წავიდეთ, ან გავჩუმდეთ, ჩვენს საქმეებს მივხედოთ და აღარ ვიფიქროთ იმაზე, რაც საერთოა, ყველას გვაწუხებს და ერთმანეთი არ მოვძებნოთ ამ ბრძოლაში.

გუშინდელი დღე [15 ნოემბერი – პარტიის დამფუძნებელი ყრილობა] ამის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ ავტორიტარიზმის პირობებში თუკი რამე შანსი და მომავალი აქვს ამ ქვეყანას, არის ზუსტად ერთმანეთის დანახვა, ორგანიზება, შეკავშირება და იმ მასშტაბის პოლიტიკური პროცესის შექმნა, რომლის პირობებშიც ამ ავტორიტარული კანონების აღსრულება იქნება უკიდურესად რთული.

პარტიის ფინანსურ შესაძლებლობებზე გკითხავთ: სოციალურ ქსელში პარტიის პოსტების ქვეშ ანგარიშის ნომრებია მითითებული, რომლებზეც მხარდამჭერებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. ასევე, გაქვთ შემოწირულებების გრაფა პარტიის საიტზე. ეს არის პარტიის შემოსავლის ძირითადი წყარო?

ჩვენი მოძრაობის ფინანსები არის ძალიან კონკრეტულ წყაროებზე დამოკიდებული: ეს არის ჩვენი, მოძრაობის წევრების საწევრო შენატანები და პერიოდულ შემოწირულებები, რომლებსაც კამპანიის ფარგლებში მოქალაქეები გვწირავენ.

ამ ორი წყაროს გაერთიანებით მოვედით აქამდე და მათ შორის ეს ყრილობაც ჩავატარეთ სწორედ აი ამ შემოწირულებების აკუმულირების ხარჯზე.

ჩვენ მსხვილი შემომწირველი, ან რომელიმე ბიზნესი არ გვიდგას უკან. ეს არც გვინდა. ჩვენი ლოგიკა არის ის, რომ ბევრმა შემოგვწიროს ცოტა, ვიდრე ერთმა შემოგვწიროს ბევრი.

გვგონია, რომ ესეც არის ერთ-ერთი ფორმა, როლითაც შევამოწმოთ ჩვენ მიმართ საზოგადოების სანდოობას.

სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობის რა შემთხვევაში განიხილავთ და რა არის ის წითელი ხაზი, რის გამოც, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვით?

თუ გულისხმობთ წინასაარჩევნო, ელექტორალური მიზნით თანამშრომლობას, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი იხილება და 2028 წლის არჩევნებისთვის როგორი პოლიტიკური ველი იქნება, არავინ იცის.

ზოგადად, ჩვენ გვქონია თანამშრომლობის კარგი გამოცდილებები. მათ შორის, სხვა ახალდაფუძნებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მაგალითად, განათლების საკითხთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანთან“ ერთად გვქონდა საერთო ღონისძიებები, პოზიციების, აზრების ურთიერთგაცვლა.

ვაპირებთ, რომ ვიყოთ ღია იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის, რომლებთანაც ვხედავთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე ერთიანობას. იქნება ეს პოლიტიკური სისტემის მოწყობა, თუ სხვა საკითხები.

არსებობს გარკვეული წითელი ხაზებიც და ეს მიემართებათ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებთან არანაირი საერთო ღირებულება – არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც შიდაპარტიული მართვის თვალსაზრისით, არც დემოკრატიის ან სამართლიანობის გაგების თვალსაზრისით არ გვაქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები