ილჰამ ალიევის X-ანგარიშზე ოპოზიციის ვიდეოები გამოჩნდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის X-ის ანგარიშზე კიბერშეტევა განხორციელდა: ძველი პოსტების ბმულები ოპოზიციონერების ვიდეოებსა და საპროტესტო აქციების კადრებზე გადამისამართდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალურ ანგარიშზე სოციალურ ქსელ X-ში კიბერშეტევა განხორციელდა. 15 ნოემბერს ანგარიშზე გამოქვეყნებული რამდენიმე ძველი პოსტის ბმული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ბლოგერების ვიდეოებზე გადამისამართდა. ინფორმაციას meydan.tv ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, ძირითადად, 2010 და 2011 წლებში გამოქვეყნებულ პოსტებში განთავსებული ბმულები თავდაპირველი შინაარსის ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლებსა და აზერბაიჯანში გამართული საპროტესტო აქციების ვიდეომასალას აჩვენებდა.
შეცვლილი ბმულები პრეზიდენტის ანგარიშზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.
ინციდენტის შემდეგ, 15 ნოემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სოციალური ქსელების ანგარიშებზე კიბერშეტევები ფიქსირდება. შესაბამისი უწყებები ამ თავდასხმების აღკვეთისა და გამოძიების მიზნით სათანადო ზომებს ატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრესსამსახურს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ პლატფორმებზე იყო მიმართული თავდასხმები, როგორ განხორციელდა ის და რომელ მონაცემებში მოხდა ჩარევა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…