ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის გასამართლებულები ციხის ნაცვლად ჩეჩნეთში არიან - „პროექტი"
გამოცემა „პროექტის“ გამოძიებით, ბორის ნემცოვის მკვლელობაში მსჯავრდადებული ზაურ დადაევი და ძმები გუბაშევები ომში წასვლის საბაბით ციხიდან გაათავისუფლეს და ჩეჩნეთში ცხოვრობენ.

ამ თემაზე 16 ნოემბერს საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა „პროექტმა”.
მოსკოვში 11 წლის წინ მოკლული ბორის ნემცოვის ქალიშვილმა, ემიგრაციაში მყოფმა ჟანა ნემცოვამ 2026 წლის ზაფხულში მიიღო შეტყობინება, რომ მისი მამის მკვლელები, ძმები გუბაშევები და ზაურ დადაევი ფორმალურად მონაწილეობენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”(რუსეთი ასე უწოდებს უკრაინასთან ომს), სინამდვლეში კი თავისუფალი არიან და გროზნოში იმყოფებიან. სამივე ჩეჩნეთის მკვიდრია.
ამის შემდეგ „პროექტის” ჟურნალისტების მიერ დაწყებული ურთიერთობა წყაროსთან და მოპოვებული ირიბი მტკიცებულებები, გამოცემის თანახმად, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემსრულებლები, სავარაუდოდ, მართლაც გაათავისუფლეს და ჩეჩნეთში „წყნარ ცხოვრებას ეწევიან დანაშაულის ორგანიზატორებისა და დამკვეთების მფარველობით”.
ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოკლეს მოსკოვის ცენტრში.
იმავე წელს რუსეთში გაასამართლეს მკვლელობის მომზადებასა და შესრულებაში ბრალდებული ხუთი ადამიანი.
ვინ არიან მსჯავრდადებულები?
ჩეჩნეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებული ბატალიონის, „სევერის” მეთაურის ყოფილი მოადგილე ზაურ დადაევი, რომელიც მკვლელობის უშუალო შემსრულებლადაა მიჩნეული(20 წლით პატიმრობა).
დადაევის ნათესავები და გამოძიების თანახმად, უშუალო დამხმარეები, ძმები ანზორ გუბაშევი(19 წლით პატიმრობა) და შადიდ გუბაშევი(16 წლით პატიმრობა).
მონაწილეები ტემირლან ესკერხანოვი(14 წელი) და ხამზათ ბახაევი(11 წელი).
ვინ მოიხადა სასჯელი სრულად და ვინ - არა
ბორის ნემცოვის ოჯახის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მკვლელობაში ბახაევის მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაამტკიცა, თუმცა მან 11-წლიანი სასჯელი მოიხადა.
ესკერხანოვი კოლონიიდან 2024 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე. ამას 2024 წელს წერდა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი". მისივე ცნობით, ნემცოვის მკვლელობისთვის გასამართლებულ სხვა პირებს კონტრაქტის გაფორმების სურვილი არ გამოუთქვამთ და კოლონიაში რჩებოდნენ.
„პროექტის” ინფორმაციით, „ტასის" ეს ინფორმაცია ნაწილობრივ მაინც სიმართლე იყო, რადგან 2024 წლის ივნისში ესკერხანოვმა ახალი რუსული პასპორტი აიღო ოკუპირებულ დონეცკში.
„პროექტის” თანახმად, უკრაინასთან საომრად წასვლის საბაბით, კოლონიიდან სასჯელის ვადის ამოწურვამდე წლებით ადრე, 2024 წელს გაათავისუფლეს დადაევი და ძმები გუბაშევებიც, თუმცა ფრონტზე წასვლის ნაცვლად ჩეჩნეთში „დაიმალნენ და იქ ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან“.
გამოცემის წყაროს სიტყვებით, მათ წაუყენეს პირობა, რომ გათავისუფლების შესახებ არავინ უნდა შეიტყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლონიაში დაბრუნდებიან.
„პროექტმა” კომენტარისთვის მიმართა რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს, თუმცა პასუხი არ მიუღია.
რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს 11 წლის განმავლობაში არ დაუდგენიათ, ვინ იყო ბორის ნემცოვის მკვლელობის დამკვეთი.
გამომძიებელი ჟურნალისტების ნაწილი ერთ-ერთ დამკვეთად მიიჩნევს ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…