ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმი გაიმართება
ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმი გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისარი მარტა კოსი უხელმძღვანელებენ.

ბრიუსელი დღეს ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას, სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი უხელმძღვანელებენ.
ევროკომისიის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი და გაფართოების პროცესში ჩართული პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
ღონისძიებას მარტა კოსი გახსნის, რის შემდეგაც მონაწილეებს ურსულა ფონ დერ ლაიენი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიმართავენ.
განხილვის მთავარი თემები ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივები, ევროპის უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეფორმების, ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას გაფართოების პროცესში, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესსა და შესრულებულ ვალდებულებებს ეფუძნება.
ფორუმს დაესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა, ეკონომიკისა და პროდუქტიულობის საკითხებში ევროკომისარი ვალდის დომბროვსკისი, თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ხრისტიან მიცკოსკი.
დღის წესრიგში ასევეა ევროკავშირის გაფართოების წლევანდელი პაკეტის შეფასება, კანდიდატი ქვეყნების მიერ გასული ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაწინაურებული ოთხი ქვეყნის — მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის – სამომავლო რეფორმების გეგმები.
“ფორუმი შესაძლებლობას შექმნის, განიხილონ გაფართოების წლევანდელი პაკეტი და გაფართოების პარტნიორი ქვეყნების მიერ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესი, აგრეთვე მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე წინ წასული ქვეყნებისათვის განსაზღვრული საორიენტაციო საგზაო რუკები, რომლებიც ამ თვის დასაწყისში წარადგინეს და მონტენეგროს, ალბანეთს, მოლდოვასა და უკრაინას მომავალი წლისთვის რეფორმების განხორციელების მკაფიო გზას უსახავს. ფორუმზე ასევე იმსჯელებენ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კომუნიკაციაზე – „უფრო ფართო ევროპისთვის მზადება“, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად და ამავდროულად უზრუნველყოს, რომ გაფართოებული კავშირი უფრო ძლიერი, მდგრადი და ეფექტიანი გახდეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, 16 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაც იმართება, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თავმჯდომარეობს. მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის სირიის საკითხს, განიხილავენ.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაიმართება რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…