მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, ეკონომიკა, რომელიც ქმნის მეტ ღირებულებას, განვითარების მეტ შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელია ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის გარეშე
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გამოცხადდა ტენდერი ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობაზე, რათა 2029 წელს პორტმა პირველი გემი მიიღოს. მისი თქმით, ეკონომიკის განვითარება ძლიერი კერძო სექტორის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს მაღალშემოსავლიანი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამისთვის გვაქვს გეგმა, კონკრეტული პროექტები და ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ დასახულ მიზნებს ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მიმდინარე, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე.
„პარალელურად, ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების განვითარებას, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც აქტიური განვითარების ფაზაშია. დღეს ადგილზე უკვე მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი და ძალიან კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უშუალოდ ეხება ფსკერის დაღრმავებას. ასევე სასიხარულოა ის, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობაზე და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენს მთავარ გეგმას, რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს უკვე პირველი გემი“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს.
„სახელმწიფოს ამოცანა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა არ არის, ჩვენი მიზანია ეკონომიკა, რომელიც ქმნის მეტ ღირებულებას, მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და განვითარების მეტ შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელია ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის გარეშე. ჩვენი სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კერძო სექტორთან დიალოგს, რადგან თქვენთან ერთად მიღწეული შედეგები, მათ შორის იდენტიფიცირებული გამოწვევები ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…