გია ვოლსკი – ეკონომიკური ზრდის ანალიზი არამარტო იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავის ბიუჯეტი, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა
გია ვოლსკი აცხადებს, რომ ბრიუსელს პოლიტიკის გატარება მოლდოვის, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესების ხარჯზე სურს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კი ქვეყნის მიერ სტაბილურობის შენარჩუნებაზე მეტყველებს.

რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოიწვია არსებული პოლიტიკური მმართველობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს.
ვოლსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 2026 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„საფრანგეთში, გერმანიაში, სხვადასხვა ქვეყნებში რომ დავაკვირდეთ კარგად, სად ვართ ჩვენ – ეს მაჩვენებლები განპირობებულია იმით, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მყარად დავდექით ჩვენს პოზიციაზე. იმიტომ უნდათ ჩვენთან ინვესტიციის განხორციელება, იმიტომ არის მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები, თუნდაც მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო უკეთესი, ვიდრე ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე. ასე რომ, ეს ანალიზი ეკონომიკური ზრდის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. არა მხოლოდ იმაზე, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავის ბიუჯეტი, სოციალური პაკეტი და ასე შემდეგ, ამ ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა. ეს არ გამოიხატება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ციფრებში. ამის გამომწვევი მიზეზებია, რასაც შალვა პაპუაშვილი აბსოლუტურად სწორად აფასებს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკა იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას გააჩნია“,- აღნიშნავს ვოლსკი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში 2026 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…