„დუმილის უფლებას იყენებს“ – ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი
ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ახალწარდგენილ ბრალდებაზე ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს, აცხადებს მისი ადვოკატი თამარ აბესაძე. საქმეზე ბრალი პენიტენციური სამსახურისა და №8 დაწესებულების ყოფილ ხელმძღვანელებსაც წარედგინათ.

ავთანდილ ბილანიშვილის („კაწრო“) ადვოკატი, თამარ აბესაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
დაკავებულს ახალი ბრალდება დღეს, 13 ნოემბერს წარუდგინეს ასევე დაკავებულ ვატო ყიფიანთან, შოთა ყიფიანთან, პავლე გოცირიძესთან და დავით კაჭარავასთან ერთად.
გამოძიება მათ ციხეში დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
„დუმილის უფლებას იყენებს. ვერ გავახმაურებ საქმის მასალებს“, – თქვა ადვოკატმა „ნეტგაზეთთნ“.
უფლებადამცველის თქმით, ელოდებიან ვის რა ჩვენება ექნება და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება. ამ ეტაპზე უცნობია როდის იმსჯელებს სასამართლო „კაწროსთვის“ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
„ერთი სიტყვით, მივიღეთ გამოწვევა და ვიდავებთ“, – თქვა თამარ აბესაძემ.
პროკურატურა ამბობს, რომ 16 ოქტომბერს გლდანის ციხეში შესახლებულმა ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც 2026 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
„განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარედგინა პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ასევე №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ორჯერ გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“. 20 ოქტომბერს მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის- ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“). ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დავით ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება მიიყენა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, 19 ოქტომბერს ვენები გადაიჭრა მისმა ძმამ, გიორგი ფეიქრიშვილმაც.
თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“.
ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.
ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციით თავიდან აიცილეს ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი გეგმავდა. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაადვოკატი - ავთანდილ ბილანიშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ახალ ბრალდებას არ აღიარებს, რაც შეეხება მის ქსნის ციხეში გადაყვანას, ციხე ციხეა ყველგან - როგორ ფიქრობთ, ქსანში სანატორიუმია, დასასვენებელი სახლია? ციხეა!
ახალი ბრალი დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე - "კაწროს" პოზიცია ცნობილია
ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალს, რომელიც საკანში დავით ფეიქრიშვილზე ფიზიკურ ძალადობას უკავშირდება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება
ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…