მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა მოსამართლემ კვლავ არ დაუკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობა კვლავ არ დაუკმაყოფილა და განაცხადა, რომ კოპალეიშვილმა სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დაბრუნების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა.
მოსამართლე ნადარაიამ შუამდგომლობის მოტივაცია სხდომათა დარბაზში ხმამაღლა წაიკითხა, თუმცა კოპალეიშვილს ის კვლავ არ დაუკმაყოფილა.
„კანცელარიის მეშვეობით შემოტანილი იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობა და ითხოვს სხდომაზე დაბრუნებას.
საკონსტიტუციო სამართალწარმოება და რეგლამენტი არ ითვალისწინებს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საკითხს, თორემ აღნიშნული შუამდგომლობა არის განუხილველად დასატოვებელი და ვინაიდან განუხილველად ვერ ვტოვებ შუამდგომლობას, ისევ ეთქვას უარი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ უკვე გადაწყვეტილია, სასამართლომ გადაწყვიტა ქალბატონი კოპალეიშვილის დაბრუნება-არ დაბრუნების საკითხი. მხარე როდესაც მოდის წარმომადგენლად და რამდენიმე წარმომადგენელი როდესაც მოდის და უფლებამოსილებები არის გადანაწილებული, თავისთავად ივარაუდება, რომ მან უნდა დაიცვას მარწმუნებელთა ინტერესები და ამაზე აპელირებით სხდომაზე დაბრუნება ვერ მოხდება, რადგან ის, რომ მხარეს აქვს თავისი უფლებამოსილებები, უფლებამოვალეობები, დაიცვას მარწმუნებელთა ინტერესები, არ აღჭურავს იმ უფლებით, რომ მან დაარღვიოს სასამართლო სხდომაზე წესრიგი, პატივი არ სცეს სასამართლოს და მიაყენოს სასამართლოს შეურაცხყოფა.
მხარეს თავისი უფლებამოვალეობები არანაირად არ აძლევს უფლებას დაარღვიოს წესრიგი, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო მოქმედებს კანონის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ მან ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს და ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და როგორც მოსამართლეს, მას უნდა ესმოდეს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რაც მან უთხრა სასამართლოს და მისი მხრიდან, ეს უფრო მძიმეა აღსაქმელად, ვინაიდან ის ყოფილი მოსამართლეა და მან უნდა იცოდეს, როდესაც ის ეუბნება მოსამართლეს, რომ შენ მეორე მხარის მითითებით მიიღე კონკრეტული მხარის მითითება. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობაც არ კმაყოფილდება, განხილვასაც არ ექვემდებარებოდა“.- განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.
ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ 11 ოქტომბერს ნიკა გვარამიას და მაია კოპალეიშვილის პროცესიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. კოპალეიშვილისა და გვარამიას დარბაზიდან გაძევებას წინ უძღოდა კამათი და დაპირისპირება მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის. ნიკა გვარამიამ, მოსარჩელე მხარეს მიმართა, რომ ის არასწორად იქცეოდა. საბოლოოდ ნადარაიამ გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც მწვავედ გააკრიტიკა მაია კოპალეიშვილმა, რომელმაც სასამართლოს მიმართა, რომ გვარამიას გაძევების შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დავალება და მიზანმიმართული ქმედება იყო. სასამართლომ კოპალეიშვილის განცხადებები შეურაცხმყოფლად შეაფასა და ისიც დარბაზიდან გააძევა. მოგვიანებით, იმავე დღეს შუამდგომლობის საფუძველზე, რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, მაია კოპალეიშვილს კი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…