ჯარედ კუშნერი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე - მხაარეებს მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მიღწეული პროგრესი იმედის მომცემია
ჯარედ კუშნერის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე მხარეებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებები რჩება, თუმცა პროგრესი იმედისმომცემია და მომდევნო რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას უზარმაზარი შრომა დასჭირდა. მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ორივე მხარის შეშფოთების მიზეზების გააზრების, შესაძლო გამოსავლის გზების გამოვლენისა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის კუთხით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დასრულდა სამდღიანი ინტენსიური დიპლომატიური პროცესი, რომლის მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საზარელი ომის დასრულება იყო.
“ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან. ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ტერიტორიულ საკითხებთან ერთად, განვიხილოთ ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო მოწყობაც. საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი დასრულება მოითხოვს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს, კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმებსა და დეესკალაციის ორმხრივ ვალდებულებებს, რომლებიც მომავალი კონფლიქტის რისკს შეამცირებს”, - აცხადებს კუშნერი.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეთანხმდნენ, რომ მასთან და მის გუნდთან მჭიდრო კონტაქტს შეინარჩუნებენ.
“ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო შეთანხმებები საბოლოოდ არ გაფორმდება უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების გარეშე. პარალელურად დავიწყებთ ამ ურთიერთდაკავშირებული საკითხების განხილვას იმ გაგებით, რომ ჰუმანიტარული ზომების გარდა, არაფერი დასრულდება ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევამდე”, - წერს კუშნერი.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე, რათა ათასობით ადამიანს საკუთარ ოჯახებთან დაბრუნების საშუალება მიეცეს.
“ამ ომმა მრავალი ადამიანის ცხოვრება დაანგრია და ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე გამოიჩენს კეთილ ნებასა და სერიოზულობას, რაც ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის დასასრულებლად არის საჭირო”, - წერს კუშნერი.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მიმართულებები, განრიგი და დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„პრეზიდენტი ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, დაასრულოს ეს საშინელი ომი. მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მიღწეული პროგრესი იმედის მომცემია. მზად ვართ, გავწიოთ ყველა საჭირო დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც საჭიროა გარდამტეხი შედეგის მისაღწევად, რათა დასრულდეს საბრძოლო მოქმედებები და შეიქმნას საფუძველი ხანგრძლივი მშვიდობისთვის, სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინისთვის, ასევე უფრო სტაბილური ევროპისთვის”, - წერს კუშნერი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…