დიმიტრი ცქიტიშვილი - „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები 3+3 ფორმატისა და ნეიტრალიტეტის თემის ნორმალიზებას ცდილობენ, თითქოს რუსეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორია, რაც ნონსენსია - რუსეთისგან გვჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით
დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ 3+3 ფორმატისა და ნეიტრალიტეტის თემის ნორმალიზებას ცდილობს, თუმცა საქართველოს რუსეთისგან სჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით.

“ქართული ოცნების” “მოლაპარაკე თავებს” სურთ, დისკუსია შემოიტანონ, თითქოს რუსეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორია, რაც სრული ნონსენსია, რადგან საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და საფრთხე თავად რუსეთია, შესაბამისად, ჩვენ თუ უსაფრთხოება გვჭირდება, სწორედ რუსეთისგან გვჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” 3+3 ფორმატთან დაკავშირებით გააქტიურებულ დისკუსიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას გარკვეული შეხება უნდა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ, მისივე განმარტებით, პრიორიტეტული ამოცანა რუსეთისგან თავდაცვა და უსაფრთხოებაა.
მან ასევე პარტია “ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეას ეხება.
ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული პარტია “ქართული ოცნებისგან” ფინანსდება, “ნეიტრალური საქართველო” კი თავის მხრივ იმ საკითხს უწევს ლობირებას, რომელიც ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორად წარმოჩინებას ემსახურება.
“მე არ ვიცი, რამდენად შორს წავა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებაში, ჩაერთვება თუ არა 3+3 ფორმატში, მაგრამ ფაქტია, როდესაც თავის “მოლაპარაკე თავებს” ალაპარაკებენ, ნიშნავს, რომ ამის ნორმალიზება უნდათ. ამ დისკურსის შემოტანა სურთ, რათა ეს თემა იყოს ლეგიტიმური დისკუსია, თითქოს საქართველოს უსაფრთხოების საკითხი შესაძლებელია განიხილებოდეს ნეიტრალიტეტის კონტექსტში და ამაზეც არის ცალკე პროცესი, ან რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში - ანუ რუსეთი, როგორც საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, რაც თავისთავად ნონსენსია, რადგან საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და საფრთხე თავად რუსეთია, შესაბამისად, ჩვენ თუ უსაფრთხოება გვჭირდება, სწორედ რუსეთისგან გვჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით.
თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ გარკვეული შეხება ჩვენს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას უნდა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ ის, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს რუსეთისგან თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტული ამოცანა, რომელიც გაწერილია, მათ შორის, იმ დოკუმენტებში, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არის მიღებული.
ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ძალიან მოკლე დროში ასეთი ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ის, რომ მათი ხალხი ამაზე საუბრობს, ეს იმის გამო ხდება, რომ საზოგადოებაში მოამზადონ განწყობა, რათა ეს შემდეგ არ იყოს ისეთი უცხო, როგორც ერთი ან ორი წლის წინ იყო, როდესაც ამაზე საუბარი დაუშვებელი და წარმოუდგენელი იყო და პირველად, როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი, ჩვენ გვახსოვს, რომ ძალიან ცუდი რეაქციები მოჰყვა ამ საკითხს.
დღეს უკვე დაშვებები ხდება. “ნეიტრალური საქართველო” აშკარად ფინანსდება “ქართული ოცნებისგან”. კი ამბობენ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია არისო, მაგრამ… ძალიან კარგად ჟღერს ნეიტრალიტეტი და კარგია, რომ შეგეძლოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება, არც სამხედრო დანახარჯები გექნება ქვეყანაში და ფინანსებს მთლიანად სხვა პირობებისკენ მიმართავ, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ არის ის, რომ შენ გადაწყვიტო მარტომ. ნეიტრალიტეტი არის უზარმაზარი ფუფუნება, რომელიც მთელმა საერთაშორისო კონტექსტმა უნდა შექმნას, საქართველოს კი ამის ფუფუნების საშუალება არ აქვს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები გეოპოლიტიკურად გარკვეული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია არავინ გვაძლევს საშუალებას იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ნეიტრალური. ნეიტრალიტეტი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ნეიტრალიტეტი სხვა ქვეყნების გადასაწყვეტია, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი აღიარონ და ხელშეუხებლობაზე შეთანხმდნენ.
უტოპიურია და მავნებლობაა დღეს ამის ლობირება, როგორც გამოსავალი და როგორც საქართველოს უსაფრთხოების ალტერნატივა. მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ უსაფრთხოების კონფიგურაციაზე, როგორ უნდა გაკეთდეს, რა ვითარებაში, ახალი შესაძლებლობები როგორ გამოვიყენოთ, მაგრამ არა ის, რომ რუსეთი გახდეს ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, რომელზეც საუბარი უკვე დაწყებულია”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…