სისასტიკე ციხის საკნებში, ქუჩაში ჩაცხრილული ადამიანები, წართმეული ქონება, განადგურებული ბიზნესი, ცემა, წამება, გაუპატიურება და ღირსების შელახვა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიას მათივე დანაშაულებრივი ქრონიკა დაავიწყდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების განხილვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულის სისტემურ დანაშაულებებზე ისაუბრეს. პარტიის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი გადაცდომებს აღიარებს, თუმცა პარტიის პასუხისმგებლობას უარყოფს.
სისასტიკე ციხის საკნებში, ქუჩაში ჩაცხრილული ადამიანები, წართმეული ქონება, განადგურებული ბიზნესი, ცემა, წამება, გაუპატიურება და ღირსების შელახვა - ეს "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის ხელწერაა. ყოფილ სახელისუფლებო პარტიას მათივე დანაშაულებრივი ქრონიკა დაავიწყდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ამნეზიას, ევროპული და ქართული მართლმსაჯულების არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი ამხელს, მათ შორის, აკაკი ოჩიგავას საქმე.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას სისტემატური და სისტემური ხასიათი ჰქონდა.
ოჩიგავას საქმე გამონაკლისი არ არის. ასობით გამოკითხული პირი, 46 სხდომა და 430-გვერდიანი დოკუმენტი - "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილ მძიმე დანაშაულებსა და ისტორიებს თავი პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ერთ დასკვნაში მოუყარა. ისტორიული დოკუმენტი კი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების სასარჩელო მოთხოვნას მტკიცებულებად დაერთო. ფაქტებს, რომელიც შავით თეთრზე წერია და რომელიც ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოცადეს, "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს. მეტიც, ამტკიცებენ, რომ მათ დროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არ ირღვეოდა.
რას ნიშნავს სისტემური და სისტემატური დანაშაული - ეს "ნაციონალურ მოძრაობას" სხდომის თავმჯდომარემაც განუმარტა.
ბეჟაშვილი ვერ ხედავს, თუმცა ფაქტები ბევრია. მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. აღინიშნა ისიც, რომ გამოძიება ობიექტური არ იყო, დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და სახელმწიფოს სხვადასხვა შტოები: პროკურატურა, სასამართლო, პრეზიდენტი მართლმსაჯულების აღსრულების ხელშესაშლელად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
წარსულთან თვალის გასწორება დღეს "ნაციონალურ მოძრაობას", საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ მოუწია, თუმცა გაუჭირდათ აღიარებაც და უარყოფაც. ლევან ბეჟაშვილმა, თან თქვა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, თან პარტიის პასუხისმგებლობაც უარყო. მოსამართლემ იმის დაკონკრეტება ითხოვა, თუ რომელი ხელისუფლების დროს დაისაჯნენ დამნაშავეები, რაც ბეჟაშვილმა არ დააკონკრეტა.
"ნაციონალური მოძრაობის" დროს არა, თუმცა ასობით დამნაშავე 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაისაჯა. დადგინდა ისიც, თუ როგორ მოქმედებდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყება შეთანხმებულად. "ნაციონალურ მოძრაობას", ისე როგორც სისტემური და სისტემატური დანაშაულები, ასევე კოორდინირებული ქმედების აღიარებაც მოუწია.
"ნაციონალური მოძრაობის" დროს კანონის დარღვევას თავისი ხიბლი ჰქონდა: მაშინდელი პრეზიდენტი მაღალჩინოსნებს, სასჯელის ნაცვლად, ღირსების ორდენით აჯილდოებდა. მათ შორის იყო ვანო მერაბიშვილიც - სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. თუმცა, ყველაზე დიდი "ჯილდო" მერაბიშვილმა და ადეიშვილმა დღეს ანა წითლიძისგან მიიღეს. პარტიის ახალბედა წევრმა ძველები საერთოდ უარყო.
მერაბიშვილ-ადეიშვილს წითლიძემ მალევე სხვა გვარებიც დაამატა. მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ სააკაშვილის როლი პარტიაში მინიმალური იყო და პარტიულ ფუნქციებს არ ახორციელებდა.
საკუთარ წარსულთან გამიჯვნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს არაერთხელ სცადა. ეს მცდელობა კი მმართველი გუნდისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" კითხვებზე არც პასუხები აქვს და არც არგუმენტები.
არაერთი უარყოფის მიუხედავად, 2003-12 წლებში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობაც ნათლად აჩვენებს. 1999 წლიდან დღემდე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა 284 საჩივარზეა დადგენილი, საიდანაც 80% "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხება.
მოსარჩელე მხარე 5 ოპოზიციური სუბიექტის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას სწორედ იმ სისტემური და სისტემატური დანაშაულების გამო ითხოვს, რომელსაც ადგილი წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა და რაც არაერთი დასკვნითა თუ გადაწყვეტილებით უკვე აღიარებულია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…