„სამი რენესანსის ქვეყანა“ – პირველი არხის ახალი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
საზოგადოებრივ მაუწყებელში პირველი არხის ახალი დოკუმენტური ფილმის, „სამი რენესანსის ქვეყნის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უზბეკეთის ისტორიასა და კულტურას ეხება.
![„სამი რენესანსის ქვეყანა“ – პირველი არხის ახალი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]](/thumb/214491-960-cbd1281b.webp)
უზბეკეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა და ცივილიზაციური მემკვიდრეობა – საზოგადოებრივი მაუწყებლის კინოდარბაზში დღეს პირველი არხის ახალი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმის სახელწოდებაა „სამი რენესანსის ქვეყანა“. კინოსურათი უზბეკეთის კულტურულ და ისტორიულ წარსულს აცნობს მაყურებელს და ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოაჩენს.
დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი ვასილ მაღლაფერიძეა, რეჟისორი კი ლევან ახობაძე.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია ჩვენს მაყურებელს არაერთ ფილმს სთავაზობს. ეს არის უწყვეტი ციკლი, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. ამჯერად წარმოვადგენთ დოკუმენტურ ფილმს უზბეკეთის შესახებ. ამ ფილმზე მუშაობისას ჯგუფმა და შემდეგ ჩვენ, ყველამ აღმოვაჩინეთ, რამდენად ცოტა ვიცით მეზობელი ქვეყნების შესახებ. მიუხედავად ისტორიული ცოდნისა, კულტურის მრავალფეროვნებისა, რომელიც თითქოს ძალიან ახლოსაა ჩვენთან, მგონია, რომ მაყურებელი აღმოაჩენს ისეთ დეტალებს, რომლებზეც თითქოს წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა რომლის შესახებაც ინფორმაციას არ ფლობდა. ამან შეიძლება, აღუძრას ინტერესი, რომ უფრო უკეთესად შეისწავლოს ან იმოგზაუროს ამ ქვეყანაში. ეს პროექტი დაიგეგმა ძალიან სწრაფად, ზაფხულში, განხორციელდა ჩვენი ჯგუფის მიერ. თქვენ ნახავთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში – თითო კადრი, რომელიც გადაღებულია ჩვენი ძალიან ნიჭიერი ოპერატორების მიერ, თავისთავად განაწყობს ამ ფილმის მიმართ მაყურებელს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
ფილმის რეჟისორის, ლევან ახობაძის თქმით, გადაღებები მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ფილმზე მუშაობა. ადამიანი ყოველთვის ცდილობს, გაიფართოოს თავისი თვალსაწიერი, შეიმეცნოს რაღაც ახალი. ამ კუთხით უზბეკეთი ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო. დარწმუნებული ვარ, არამარტო ჩემთვის, მაყურებლისთვისაც იქნება დიდი აღმოჩენა. რთული იყო, მარტივი არ იყო. მართლა ხუთ დღეში გადავიღეთ ეს ფილმი“, – აღნიშნა ლევან ახობაძემ.
ჩვენებას ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლები.
ფილმის სატელევიზიო პრემიერა კვირას, 15 ნოემბერს, 20:30 საათზე შედგება.









მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…