„ივანიშვილისთვის ეკლესია თავიდანვე იყო რისკის ზონა… თუ დაუპირისპირდება, წააგებს“ – ინტერვიუ
თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის თქმით, მთავრობა ეკლესიასთან დაპირისპირებას მოერიდება, რადგან დაპირისპირების შემთხვევაში წააგებს. მისი განცხადებით, მმართველი ძალა ეკლესიასთან მხოლოდ მოსყიდვის ან დაშინებისა და შანტაჟის გზით ურთიერთობს, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის ეკლესია თავიდანვე რისკის ზონა იყო.

„ინსტიტუციურად ეკლესიასთან დაპირისპირებას მთავრობა მოერიდება, რადგან იცის, რომ თუ დაუპირისპირდება, წააგებს. გამორიცხულია, რომ საქართველოს მოსახლეობა მიემხროს რომელიმე მთავრობას, იმ ინსტიტუციის საპირისპიროდ. ეკლესია მართლა ერთადერთი ისტორიული ინსტიტუციაა საქართველოში, რაც ოდითგანვე იყო და არის დღემდე. ასეთი მხოლოდ ეკლესიაა,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მას მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ქადაგებაზე ვესაუბრეთ.
მიტროპოლიტის თქმით, „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“.
თეოლოგის დაკვირვებით, შეუძლებელია „ოცნებამ“ სრულად გააკონტროლოს ეკლესია, როგორც ეს რუსეთშია, მით უფრო დიქტატურის დამყარების გზაზე.
„ბატონი ივანიშვილისთვის ეკლესია თავიდანვე იყო რისკის ზონა. ვინც არ უნდა გამხდარიყო პატრიარქი, თავად იობიც რომ გამხდარიყო, ვერავინ ვერ მოახერხებს ეკლესიის სრულ კონტროლს, ეს არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი, სადაც შერეული მრევლია: ნაციც არის, ქოციც არის, დემოკრატიც, მონარქისტიც…
„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მეუფე იობმა გაიაზრა, რომ ეს მთავრობა არ აპირებს ეკლესიასთან არანაირი სახის თანამშრომლობას და ირჩევს მხოლოდ ორი სახის ურთიერთობის ფორმას: მოსყიდვა, ანუ სრული დუმილის სანაცვლოდ რაღაც დივიდენდების მიღება [არ არის სავალდებულო, იყოს ფულადი სახით], ან დაშინება, მათ შორის, დაშინება და შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით…
ოლიგარქი თავისი ბუნებით მოწოდებულია, რომ მის ირგვლივ არ არსებობდეს ავტორიტეტის მქონე ინსტიტუცია, ან პიროვნება, მათ შორის, მის სამსახურში მყოფი,“ – გვიყვება მირიან გამრეკელაშვილი.
„ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო მირიან, თქვენთვის რა იყო ყველაზე საინტერესო მიტროპოლიტ იობის ქადაგებაში? იგი მწვავედ აკრიტიკებს „ოცნებას“: „ყველაფერი კეთდება მშვიდობის ნიშნის ქვეშ“, „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურაო“…. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს კაზინოების შესახებ „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას?
წმინდა მარტინის დღესასწაული გერმანიაში ბევრ ოლქში აღინიშნებოდა დღეს 11 ნოემბერს. ჩემი გოგონაც იღებდა ამ დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობას. დღეს დავფიქრდი ძალიან საინტერესო რამეზე: ამ დროს აღინიშნებოდა მოსავლის აღების პერიოდი, რომლის დროსაც გლეხები უხდიდნენ საბოლოო გადასახადს ბატონს და ისტუმრებდნენ ვალებს.
წმინდა მარტინი – ეს არის ლეგენდა რომაელ ჯარისკაცზე, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა და ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, თავის გარნიზონში დაბრუნებისას იხილა უპოვარი ადამიანი, აიღო და საკუთარი მოსასხამი გაუყო.
დასავლურმა ქრისტიანობამ საკუთარ მითოლოგემაში ჩადო პირველი მარცვალი სოციალური სახელმწიფოსი. ამის საპირისპიროდ კი, საქართველოში მთავარი რელიგიური სიმბოლო ნოემბერში გიორგობაა – წმინდანი, რომელიც ებრძვის ურჩხულს, ანუ სახელმწიფოს, რომელიც გამოსახულია ურჩხულის სახით.
საქართველოში ურჩხულის ნაცვლად ხშირად გვხვდება ხატები, სადაც გამოსახულია დიოკლეტიანე ან თეოდოსიუსი. თუ დასავლეთში ქრისტიანობისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში გაჩნდა პირველი ჩანასახები სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსი, აღმოსავლეთი, სადაც მშრომელი და გლეხი, საზოგადოება ყოველთვის იჩაგრებოდა სახელმწიფოსგან, ფიქსირებული დარჩა მის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლაზე.
თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ: დავიწყოთ იმით, რომ მეუფე იობი გამორჩეული პიროვნებაა სხვადასხვა ფაქტორის გამო. ხშირად მედიასაშუალებებში ის და მისი გარემოცვა, ასევე მასთან დაახლოებული სხვა სასულიერო პირები არცთუ სამაგალითო კონტექსტში ჩნდებიან ხოლმე. ამის გამო ხშირად რაღაცნაირად ამრეზით ვუყურებთ ხოლმე მათ.
მეუფე იობი არ არის „სმარტფონის“, ან „სვეტური“ ქრისტიანობის წარმომადგენელი, ანუ ქალაქური მენტალობისთვის ნაკლებად პოპულარულია. ზოგადად, მას ჰყავს ეკლესიის შიგნით ინდივიდუალური თვალსაზრისით ძალიან ბევრი მხარდამჭერი.
როდესაც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებდა დღევანდელი მთავრობა, 2012 წელს, მეუფე იობი სრულიად გულწრფელად უჭერდა მათ აქტიურად მხარს ყოველგვარი მილიონების და ფულადი სახსრების მიღმა.
მანამდე იყო შერეული ტიპის ურთიერთობა – მიხეილ სააკაშვილის პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც ადგილი ჰქონდა ეკლესიის მოქრთამვას, ასე ვთქვათ, ნორმის ფარგლებში, სავარაუდოდ დაშინებაც ხდებოდა ვიღაცების, მაგრამ საბოლოო ჯამში წინა ხელისუფლება ითვალისწინებდა ეკლესიის აზრს, რადგან ესმოდა, რომ ეკლესია გამოხატავს მოსახლეობის გარკვეული ფენის აზრს.
„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, მეუფე იობიმ გაიაზრა, რომ ეს მთავრობა არ აპირებს ეკლესიასთან არანაირი სახის თანამშრომლობას და ირჩევს მხოლოდ ორი სახის ურთიერთობის ფორმას: მოსყიდვა, ანუ სრული დუმილის სანაცვლოდ რაღაც დივიდენდების მიღება [არ არის სავალდებულო, იყოს ფულადი სახით], ან დაშინება, მათ შორის, დაშინება და შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით.

მირიან გამრეკელაშვილი.
მიტროპოლიტი იობი ახსენებს სუსის კრებსებს თავის ქადაგებაში და იქვე ივანიშვილსაც ახსენებს…
სხვათა შორის, სუსის კრებსების მოვლენა არ მიემართებოდა მხოლოდ ეკლესიას, ამან შექმნა გარკვეული სოციალური ფორმაციის ეპოქა: არავინ არ არის დაცული! მღვდელს არ ერიდებიან და კაბის ქვეშ დასდევენ კამერებით, ჩვენ რას გვიზამენ?
მანამდე იყო „ციანიდის საქმე“ და მეუფე პეტრეს სკანდალი. ეს მოვლენები მთლიანობაში გათვლილი იყო იმაზე, რომ ეკლესიას დაეკარგა თავისი სოციალური გავლენა. ოლიგარქი თავისი ბუნებით მოწოდებულია იმისკენ, რომ მის ირგვლივ არ არსებობდეს ავტორიტეტის მქონე ინსტიტუცია, ან პიროვნება, მათ შორის, მის სამსახურში მყოფი.
როგორც კი, ვინმე ან რამე იწყებს სოციალური კაპიტალის, ავტორიტეტის დაგროვებას, ის მიმართულია, რომ მოსპოს, ან დაასუსტოს ისე, რომ დაზღვეული იყოს ავტორიტეტის მოპოვებისგან. მეუფე იობმა ეს გაიაზრა. მას მხოლოდ ახლა არ გაუჟღერებია ეს კრიტიკა. ერთი წლის წინ მოიყვანა ნეტარი ავგუსტინეს ფრაზა: თუ ხელისუფლებას განაცალკევებ სამართლიანობისგან, როგორც თვისებისგან, ხელისუფლება აღარაფერია, თუ არა ერთი მუჭა ყაჩაღების ბანდა.
უბრალოდ, აქამდე ასეთი ხმამაღალი ნათქვამი არ მოგვისმენია მეუფე იობის მხრიდან. ახლა, ვიდრე ჩემთან ინტერვიუს ჩაწერდით, ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ასევე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა გააკეთეს მსგავსი განცხადებები.
ელოდებით, რომ შესაძლოა იობის ამ კრიტიკას სხვა ეპისკოპოსები და სასულიერო პირებიც შეუერთდნენ?
დიახ, შესაძლებელია გაფართოვდეს ეს წრე.
შეგახსენებთ, რომ ახალი პატრიარქის არჩევის დროს სინოდი იყო დაყოფილი სიმპათიის სამ ჯგუფად. ერთ-ერთი კანდიდატი იყო სწორედ მეუფე იობი, რომელმაც მიიღო 9 ხმა. გავიდა რა მეორე ადგილას, ამ მხრივ ის არის ვიცე-პატრიარქი. საქართველოში არსებობენ სასულიერო პირები და მრევლი, რომელმაც თავის თავზე იწვნიეს სახელმწიფოს მხრიდან ანგარიშსწორება. შესაბამისად, არსებობს წითელი ხაზები. მეუფე იობი თვლის, რომ ეს ხაზები დიდი ხანია გადაიკვეთა.
„წითელი ხაზი“ რა აღმოჩნდა მიტროპოლიტ იობისთვის?
ეს იყო ცემა-ტყეპა და ახლა უკვე ეკლესიის სრული იგნორი. ეკლესიის პოზიცია მოვისმინეთ, რომ ის არ ეთანხმება კაზინოების რეგულირების ამგვარ დამოკიდებულებას. გაჩნდა მოლოდინი, რომ ფორმალურად მაინც მოუსმენდნენ პატრიარქის პოზიციას. გამოჩნდა, რომ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.
ეს ვერ მოითმინა მეუფე იობმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეკლესიას საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს სოციალური ავტორიტეტი. მეც სრულად ვეთანხმები მის ამ პოზიციას, რომ ასეც უნდა იყოს.
კაზინოს თემა განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან პროპაგანდას მიტროპოლიტის გაშავება გაუჭირდება? პატრიარქის არჩევნებში მიტროპოლიტ შიოს დაუჭირა მხარი ივანიშვილმა. ამ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო განაწყენებულია იობი „ოცნების“ მთავრობის მიმართ?
შეიძლება ასეც იყო. ფაქტია, რომ მეუფე შიო მხარდაჭერილი იყო ხელისუფლების მხრიდან და ეს იყო მისი ერთადერთი რესურსი.
უნდა აღინიშნოს, რომ მეუფე შიოს გარემოცვა მაშინ ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, საჯაროდაც გაჟღერდა, რომ თითქოს თუ აირჩევდნენ მეუფე შიოს პატრიარქად, ხელისუფლება გეგმავდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მოლოდინი გაჩნდა, რომ ამ გზით აწ უკვე ახალი პატრიარქი შეეცდებოდა საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევას, მტრული და გახლეჩისკენ მიდრეკილი განწყობების გადალახვას. თითქოს მთავრობა მზად იყო გარკვეული, კონსტრუქციული დიალოგისკენ.
გამოხდა ხანი და გამოჩნდა, რომ მსგავსი არც არაფერი შეინიშნება. შესაბამისად, მეუფე იობს აქვს სრულიად ლეგიტიმური უფლება, იყოს თითოეულ მათგანზე სამართლიანად განაწყენებული, მათ შორის, პატრიარქზე: თუ შენ მხარი დაგიჭირა მთავრობამ, მაშინ შენც უნდა მოსთხოვო მთავრობას კონკრეტული პირობის შესრულება.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირს ნებისმიერ ქვეყანაში უწევს გარკვეულ კომპრომისზე წასვლა. ასეთია ამ პროფესიის ბედი, მაგრამ როცა მაღალ იერარქიაზე მიდიხარ და გსურს, გახდე პატრიარქი ასეთ რთულ დროს, მინიმუმ უნდა შეგეძლოს, მთავრობას რაღაცნაირად ევაჭრო მაინც. უნდა აიძულო მთავრობა, რაღაც დათმობაზე წამოვიდეს.
რუსეთში პატრიარქობა გააუქმა ჯერ კიდევ პეტრე პირველმა და რუსეთის ეკლესიას საკუთარი თავი სახელმწიფოსგან განცალკევებით მას შემდეგ არც აღუქვამს არასოდეს. საქართველოს ეკლესიას კი, აქვს ტრადიცია, იყოს ხელისუფლების საპირწონე, რომ ხელისუფლებაში მყოფი ელიტა არ დაკავდეს უსამართლობით, სხვადასხვა უღვთო საქციელით.
მეუფე იობი როცა ბრძანებს, ეს მთავრობა ურწმუნოაო, ის არ გულისხმობს მაინცადამაინც რელიგიურობას და იმას, რომ, მაგალითად, სანთელს არ ანთებენ. მათი ქმედებები არის უღვთო. შეუძლებელია, ადამიანი თავის თავს უწოდებდეს ქრისტიანს და ძარცვავდეს გერმანელ მოხუცებს ქოლ-ცენტრით, ან კაზინოში აკეთებდეს ფულს და ხედავდეს, როგორ ყიდიან ისედაც უღარიბესი ადამიანის ბოლო საცხოვრისს.
ეს არის ოქსიმორონი – რაღაც რაღაცას გამორიცხავს.
მე ვფიქრობ, მეუფე იობის ეს პროტესტი არ უკავშირდება მხოლოდ კაზინოებს. კაზინოების პარალელურად მიდის ერთპარტიულობისკენ წასვლა, ანუ სვლა ისევ საბჭოთა კავშირისკენ. ეს ხალხი, მეუფე იობი და მისი თაობა არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში და იციან, რას ნიშნავს ერთპარტიული ცხოვრება. ზოგიერთი სასულიერო პირი ამ დისიდენტური მოძრაობიდან მივიდა რელიგიაში.ზოგი შეგზავნილი იყო, მაგრამ ზოგი მართლა გულწრფელად იყო ამ მოძრაობის მხარდამჭერი.
მეუფე იობის თაობის სასულიერო პირებს რომ გაესაუბროთ იმაზე, თუ საიდან მოხვდნენ ეკლესიაში, გეტყვიან, რომ საწყისი იყო ეროვნული მოძრაობის და იმ გამოღვიძების ტალღა, რომელმაც რელიგია რაღაცნაირად გაააქტიურა.
მთავრობა, რომელიც საკუთარ თავს აძლევს უფლებას, ადგეს და ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს, საბოლოო ჯამში სრულიად გათავხედდება. დიქტატურაში კი, ეკლესია თავისუფალი ვერ იქნება. არ არსებობს ეკლესიის ცხოვრებაში გამოცდილება ისტორიული თვალსაზრისით, როდესაც დიქტატურის ფარგლებში ეკლესია ფრთაგაშლილი მოღვაწეობს.
რა გამოჩნდა „ოცნების“ რეაქციით მიტროპოლიტი იობის კრიტიკაზე – შესაძლოა, იობის ამ კრიტიკამ შეიძინოს პოლიტიკური მნიშვნელობა?
„ქართული ოცნებიდან“ ვინმე სერიოზულს ჯერ არ უპასუხია ტროლ-ბოტების გარდა. იყო რამდენიმე კომენტარი, სადაც მეუფე იობს მოუწოდეს, ღმერთმა შეგინდოსო. იქეთ წაუკითხეს შენდობის ლოცვა მიტროპოლიტ კაცს. ბატონი ლაშა ნაცვლიშვილი და სხვები სერვის-ჯგუფია: რასაც შეუკვეთენ, იმას გააკეთებენ.
თავად „ოცნება“ კი, როგორც ჩანს, ცდილობს ეს კრიტიკა როგორმე აისხლიტოს. მეუფე იობს ვერ დასწამებ იმას, რომ პროევროპელია, ან მოსყიდულია. პირიქით, იგი ძალიან კონსერვატიულია.
იობის ნაციონალად გამოყვანას ცდილობს „ოცნების“ პროპაგანდა – სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდაო.
ეს სრული ოქსიმორონია. შეიძლება, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ თუ ის ამას ითხოვდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება არის სწორედ ქრისტიანული აზროვნების მონაპოვარი.
ქრისტიანული შემწყნარებლობის და ტოლერანტობის იდეა, უცხოს შეწყნარების იდეა რომ არ გამჯდარიყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში, მრავალფეროვნება არ იქნებოდა აქაური პოლიტიკური კულტურის მთავარი ნიშანი. ვხედავთ სხვა ქვეყნებში, რომ ერთპარტიულობა სრულიად ნორმალურია, რადგან იქაური კულტურიდან გამომდინარე, ამგვარი რამ ამოიზარდა.
საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველი ახალარჩეული მთავრობა წინა მთავრობას საკანში სვამდეს. თუ ვინმემ კონკრეტულად რაღაც დააშავა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს, მაგრამ ოდესღაც ეს ფენომენი, შურისძიება და პირადი პატიმრების კულტურა უნდა დასრულდეს, არა?
შეიძლება ეკლესია გახდეს ერთგვარი რისკის ზონა ივანიშვილისთვის დიქტატურის დამყარების გზაზე? მეუფე იობს დიდი მრევლის ჰყავს, გარდა ამისა, მეუფე შიოს მხარდაჭერა ძალიან მყიფე იყო, რაც აჩვენებს იმას, რომ მთლიანობაში ეკლესიაშია ძლიერია ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება…
ბატონი ივანიშვილისთვის ეკლესია თავიდანვე იყო რისკის ზონა. ვინც არ უნდა გამხდარიყო პატრიარქი, თავად იობიც რომ გამხდარიყო, ვერავინ ვერ მოახერხებს ეკლესიის სრულ კონტროლს, ეს არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი, სადაც შერეული მრევლია: ნაციც არის, ქოციც არის, დემოკრატიც, მონარქისტიც…
რუსეთში ხომ ხერხდება ეკლესიის სრული კონტროლი?
რუსეთში ამ კონტროლის დიდი ტრადიცია აქვთ. თვითონ ეკლესიას და მის იერარქიას სურს ეს. არამარტო პატრიარქი კირილე, არამედ ეპისკოპოსებიც ყაბულს არიან, სახელმწიფო სერვისების, კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ, კოჭი გაუგორონ მთავრობას და თქვან, რომ მაგალითად, უკრაინასთან ომი წმინდა ომია და ასე შემდეგ.
საქართველოში კი, შუა საუკუნეებშიც კი, ძალიან ბევრი ეპისკოპოსი სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. რუსეთი რომ შემოვიდა და ჩვენთან გააუქმა ავტოკეფალია, ერთ-ერთი პირველი აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ვინ მოაწყო თუ გახსოვთ 1812 წელს? – ეს იყო საეკლესიო აჯანყება, ანუ ეკლესია იყო პირველი, ვინც აჯანყდა. ის სასულიერო პირები შემდეგ დახოცეს და რაღაცნაირად დაიმორჩილეს წმინდა სინოდი.
მიტროპოლიტი იობის ხმამაღალი კრიტიკა „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მიანიშნებს იმაზე, რომ ეკლესია შესაძლებელია ამჯერადაც დაუპირისპირდეს დიქტატურის დამყარებას?
ინსტიტუციურად ეკლესიასთან დაპირისპირებას მთავრობა მოერიდება, რადგან იცის, რომ თუ დაუპირისპირდება, წააგებს. გამორიცხულია, რომ საქართველოს მოსახლეობა მიემხროს რომელიმე მთავრობას, ამ ინსტიტუციის საპირისპიროდ. ეკლესია მართლა ერთადერთი ისტორიული ინსტიტუციაა საქართველოში, რაც ოდითგანვე იყო საქართველოში და არის დღემდე. ასეთი მხოლოდ ეკლესიაა.
გახსოვთ მარიხუანას კანონპროექტზე ეკლესიის განცხადება? მაშინ მთავრობა იძულებული გახდა, უკან დაეხია მიუხედავად იმისა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა შეთანხმებული იყო ამ კანონის მიღებაზე. მაშინ ოპოზიციაც ემხრობოდა მარიხუანას კანონპროექტს.
ამ შემთხვევაში მიტროპოლიტი იობი არ ასახელებს ერთ საკითხს, მაგალითად, კაზინოებს, ის ამბობს, „ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი რესურსიო…
დიახ, ასეა. შეიძლება ითქვას, რომ მან მრევლი გაათავისუფლა მთავრობის მიმართ ერთგულებისგან. მთავრობას ორი იარაღის გამოყენება შეუძლია ისევ: დაშინება და მოსყიდვა. დაშინებას ეკლესია გადაურჩება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიის შიგნით დაიწყება გულწრფელი საუბარი.
რთულ 90-იანებში რაღაცნაირად განისაზღვრა და ფიქსირებული დარჩა მაღალი უზენაესობის მორალური სტანდარტები. შემდეგ სამწუხაროდ ვერავინ ვერ მოიცალა – ალბათ ეკლესიამაც, რომ ეს გადაელახა, ანუ ამ საკითხებზე მსჯელობა გაშლილიყო ეკლესიის შიგნით. საქართველოში ადამიანი სექსუალური ქცევის მიხედვით ფასდება და განესაზღვრება ადგილი სოციალურ იერარქიაში, რაც, ცხადია, არ არის მართებული. ეკლესიას უნდა მოეხერხებინა, ეს სექსუალური მორალი და სოციალური სუბორდინაციის საკითხები ერთმანეთისგან გაეცალკევებინა.
ამან კონკრეტულად რა სირთულე შექმნა?
„ოცნების“ მთავრობამ თავდაპირველად სასულიერო პირები მომართა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ, მოახდენინა მათი დემონიზება, აძახებინა, რომ ეს გეები სატანისტები არიან, ღმერთს არ უყვარსო.
გავიდა რამდენიმე წელი და თავად სასულიერო პირებს დაუდო „ოცნებამ“ სუსის კრებსები. ამ მძიმე ცოდვებით არის თქვენი კედლები სავსეო. არსებობს განსაცდელის დაძლევის სამი სტრატეგია: გაქცევა, გაყურსვა და გადალახვა. ეკლესიამ და მთელმა საზოგადოებამ – ვიზიარებ ჩემ წილ პასუხისმგებლობასაც – ვარჩიეთ გაყურსვა. სუსის კრებსები საინტერესო მასალა აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის. ბევრმა დაიწყო მისი ტირაჟირება, თუ ვინ ვისთან წევს, ვის კაცი მოსწონს, ვის – ქალი.
თეოლოგიური თვალსაზრისი, ეს არანაირად არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ადამიანი თვითონ აგებს საკუთარ სექსუალურ ქცევაზე პასუხს, ანუ თქვენი პირადი ცხოვრება არ ზემოქმედებს ჩემს სოციალურ კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, პედოფილია და სექსუალური ძალადობა აუცილებლად დასჯადი უნდა იყოს და ამას კანონი არეგულირებს. ამის მიღმა ეკლესიამ ვერ მოახერხა სოციალური და პირადი მორალის გამიჯვნა ერთმანეთისგან ჯერ საკუთარ თავში, ხოლო მერე საზოგადოებისთვისაც რომ აეხსნა ეს.
გაყურსვის ეტაპიდან გადალახვის ეტაპზე გადასვლის რესურსს ამჯერად ეკლესიაში ხედავთ?
გადალახვის ეტაპზე გადასვლა უნდა მოხერხდეს და ეს ძალიან კარგი იქნება ყველასთვის. საბოლოო ჯამში, ჩვენ სუსის კრებსები რაღაცნაირად მივაჩუმათეთ. თუ ეს ვერ შევძელით, სახელმწიფოს ხელში სუს-ის კრებსები იქნება მუდმივი იარაღი, რომელსაც იგი ყოველთვის გამოაგორებს, როცა ჩათვლის, რომ ეს სჭირდება.
ამის გადალახვის ერთადერთი გზა არსებობს: გამოვიდეს ყველა სასულიერო პირი და თქვას, რომ მზად არიან საკუთარ ქცევაზე თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა და არავის საქმე არ არის მათი პირადი ცხოვრება. ხოლო ნებისმიერი, ვინც მეორე ადამიანის პირად ცხოვრებაში უნებართვოდ იჭრება და ეს არ ემსახურება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, არის სატანის მსახური. ეს სწორედ ასეა. არ შეიძლება ადამიანის პირად ცხოვრებაში შეხედვა და მით უფრო რაღაცების გადაღება.
სასულიერო პირიც ადამიანია ხომ? რატომაა სასულიერო პირი მოვალე, რომ რაღაც უზენაესი მონაცემები დაიცვას? განვითარდა სამყარო – მონოგამია უკვე აღარ არის მოდელი: წყვილები შორდებიან ერთმანეთს, ხელახლა ქორწინდებიან… ადამიანებისთვის სხვა რამ გახდა გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე სექსუალური ქცევა. ხომ არ შეიძლება ქვის ხანის მონაცემებით ვიცხოვროთ დღეს?
სექსუალური ქცევის ფარისევლური გაგება ეკლესიამაც უნდა შეწყვიტოს. სიყვარულს არ უდგას წინ არაფერი და სიყვარული არ არის ღვთის საწინააღმდეგო ქმედება. თუ ორი ადამიანის ქცევა ურთიერთშეთანხმებასა და სიყვარულს ეფუძნება, ის აუცილებლად სასიკეთოა და ეს უნდა ვაღიაროთ ყველამ.
ეს თუ მოხდება, მთავრობას არ ექნება საშუალება და ბერკეტი, შემოგვიძვრეს საძინებლებში და მერე ამით დაგვაშანტაჟოს. სანამ ეს არ მოხდება, ყოველთვის რაღაცას გამოაცხობენ ისინი.
თავის დროზე არ ჩავერთე სუსის კრებსების გარშემო დაწყებულ დისკუსიაში, თუმცა როცა მკითხეს, რა მოსაზრების ვიყავი, მაგალითად, ეპისკოპოსზე, რომელსაც 70 წლის ასაკში ორი საყვარელი ჰყავდა, ჩემი პასუხი იყო: უნდა გვშურდეს და გვიხაროდეს, როცა ამ ასაკში ფიზიკურად და მენტალურად კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ უნდა შევხედოთ: ეს ეპისკოპოსი რას აკეთებს საზოგადოების სასარგებლოდ თუ მის საზიანოდ. ეს არის გადამწყვეტი.
ჩვენ უნდა შევუნდოთ სასულიერო პირებს, რომ თურმე მათაც უყვართ, ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ვიღაც მოსწონთ, უყვართ, სტკივათ, ვიღაცას შორდებიან, განსხვავებული სექსუალური გემოვნება აქვთ… თუ ეს არ მოხდება, მაშინ ეკლესია ამ მოდუსში უნდა დარჩეს, რომელშიც დღეს არის: თუ აზროვნებ და შეგიძლია ხმა ამოიღო უსამართლობის წინააღმდეგ, ავტომატურად ცდილობენ, დაექვემდებარო შანტაჟს.
ეკლესიის მთავარი იარაღი სიტყვაა. მას ჯარები არ ჰყავს. ეკლესიას შეუძლია გამოხატოს ერის ტკივილი გადამწყვეტ მომენტში საკუთარი სიტყვა თქვას. მეუფე იობმა ეს სიტყვა ამოიღო საკუთარი მრევლის გულიდან და გააჟღერა.
თუ ამ თვისებისგან განძარცვავს ეკლესიას მთავრობა, ეკლესიისგან რა გადარჩება? – არაფერი. მხოლოდ ნაკურთხი წყლის სხურება და არაფრისმთქმელი რიტუალები?
მიტროპოლიტმა იობმა დაინახა, რომ ეკლესია კარგავს რეიტინგს?
დიახ, სოციალურ ფუნქციას კარგავს. თუ დაკარგავს სოციალურ ფუნქციას, მაშინ მთავრობა ეკლესიას მოექცევა ისე, როგორც მოესურვება.
მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხიც: როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, საქართველო ვალდებულია, ზარალი ზღოს. უბრალოდ, ეს ზარალი არაა დათვლილი და არ ვიცით, რას შეადგენს.
გერმანიაში, სადაც ახლა მე ვცხოვრობ, ზუსტად ეს მოდელია, რომ ხდება შემოსავლის გადახდა ეკლესიისთვის მის მიმართ მიყენებული ზარალის გამო, მეორე მხრივ კი, იმ სოციალური ფუნქციის გამო, რასაც ეკლესია ახორციელებს. აქ ეკლესია სოციალურად მართლაც აქტიურია და ინსტიტუცირებულია ყველაფერი, ანუ დათვლადი და აღწერადი.
საქართველოში ასე არ არის და რაღაცნაირად კომპლექსი აქვს ბევრ იერარქს, რომ აი, სახელმწიფო გვაფინანსებს. სახელმწიფო როგორ გვაფინანსებს, ეს ხომ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებია? მოდი, ავდგეთ და შემდეგ არჩევნებზე ჩავწეროთ რეფერენდუმის სახის კითხვა: ამომრჩეველი ემხრობა თუ არა ეკლესიის დაფინანსებას? ვნახოთ, რამდენი მისცემს ხმას სასარგებლოდ და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ ეს დაფინანსება.
ვფიქრობ, უმრავლესობას მოაგროვებს ეკლესია. შეიძლება, არ იყოს 90%, მაგრამ 2/3 მაინც დაუჭერს მხარს, რაც საკმარისია.
დიქტატურის წინააღმდეგ ქრისტიანული წინააღმდეგობის დიდი გამოცდილება არსებობს ამ სამყაროში. ქრისტიანულმა ეკლესიამ მოინელა უამრავი დიქტატორი. დარწმუნებული ვარ, რომ დიოკლეტიანედან მოყოლებული დღემდე რაც გამოიარა ეკლესიამ, რა რეჟიმს და ჭირხვნას გაუძლო, ბატონი ლაშა ნაცვლიშვილის რუსული კინო იმასთან შედარებით არაფერი არ არის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…