მიხეილ ყაველაშვილი – კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შევხვდით, გავესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ აღნიშნეს საქართველოს განსაკუთრებული განვითარება და წარმატება
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, კლიმატის კონფერენციაზე ლიდერებმა საქართველოს განვითარებას გაუსვეს ხაზი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს „ნიჰილისტურ და დისტანციურ დამოკიდებულებაში“ ადანაშაულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყანამ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული განვითარება, წარმატება და პოზიციონირება.
„გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაზე შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით და გავსაუბრებოდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. შეხვედრა მქონდა უზბეკეთის პრეზიდენტთან. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო საქართველოში და ძალიან კარგად შეაფასა ვიზიტი. მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი, ინტენსიური პროცესები ვითარდება საქართველოსა და უზბეკეთს შორის. უზბეკეთი ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
შესაძლებლობა მქონდა, კვლავ შევხვედროდი ჩინეთის ვიცე პრეზიდენტს, მისი საქართველოში ვიზიტი ახლახან იყო. ისიც აღფრთოვანებული დარჩა ვიზიტით, მადლობა გადაგვიხადა და აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტს ამ შთაბეჭდილებებს გაუზიარებდა. ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ ჩინეთთან ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდეს. პრეზიდენტად არჩევა მივულოცე ბრაზილიის პრეზიდენტს. ძალიან გულწრფელი შეხვედრა გვქონდა ჩვენს მეზობლებთან. სამშვიდობო პოლიტიკისა და რეგიონის განვითარების კუთხით, დიდი ინტერესია, რომ კონფლიქტები დასრულებულიყო.
მეგობარი ქვეყნის, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი სხვადასხვა თემაზე, რაშიც ვთანხმდებით და ჩვენი როლი თითქმის ერთნაირია – სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა იყოს ყველაზე მიმზიდველი რეგიონი. სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან იყო აღსანიშნავი საქართველოს განსაკუთრებული განვითარება, წარმატება და ის პოზიციონირება, რასაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონფერენციის სლოგანი იყო – „მოდი, დავიწყოთ ლაპარაკი“ და საქართველო ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამდა დისკუსიისთვის.
„გუშინდელი კონფერენციის სლოგანი იყო „მოდი, დავიწყოთ ლაპარაკი“, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ ჭრილში უკვე რამდენი ხანია, ითხოვს. აქ საუბარი იყო კლიმატის ცვლილებებზე, თუმცა არანაირი განსხვავება არ არის. როცა პრობლემა დგება და ზურგს აქცევ ამ პრობლემას, ის უფრო მასშტაბური ხდება. ანალოგიური დამოკიდებულება არის კლიმატის ცვლილებებთან და უყურადღებობამ მოიტანა, რომ საკმაოდ საგანგაშო პრობლემებია. „მოდი, დავიწყოთ ლაპარაკი“ – ყველა თემაში შეიძლება გადავიტანოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება ამისთვის ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს, არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ყველა მიმართულებით.
მარტო ქვეყანა ვერასდროს განვითარდება. რეგიონში ჩვენი დამოკიდებულება მეზობლებთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან აღსანიშნავია. ეკონომიკა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ასევე ვთანხმდებით ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ღირებულებებზე. ჩვენ ნამდვილად გვაქვს სალაპარაკო, უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენელი ერი ვართ, რასაც ხაზი გაუსვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა. მიუხედავად სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობაში სხვაობისა, ჩინური მხარის მხრიდან საუბრის ამ გზით დაწყება მოასწავებს საქართველოსადმი პატივისცემას. ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა ვართ, პატივს ვცემთ ჩვენს ენას, სარწმუნოებას, ღირებულებებს, ტრადიციებს. როგორც თანასწორს, სანდო პარტნიორს ისე გვესაუბრებიან და ეს მისასალმებელია. ანალოგიური დამოკიდებულება ჩანს ჩვენი მხრიდან და ეს გვინდა, რომ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ჩანდეს.
ვისთანაც არ უნდა გვქონოდა ამ კუთხით გაუგებრობა, მათთან გვაქვს გაუგებრობა. მგონი საზოგადოება მიხვდება, ვისზე გვაქვს საუბარი – ეს ევროკავშირის ქვეყნებია. აქაც ბრძანდებოდნენ და მათი ნიჰილისტური, დისტანციური დამოკიდებულება მათ პოლიტიკაზეც აისახება. ის ქვეყნები, რომლებთანაც ღირებულებითი თანხვედრაა, ჩანს კიდეც, ჩვენს გარშემო არიან გაერთიანებული და, დამეთანხმება საზოგადოება, სუსტი ქვეყნები არ არიან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…