ნინო წილოსანი: ის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა და მათი ლიდერები გეგმავენ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, არის ნამდვილად სამაგალითო და შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ
ჩინეთში „ქართული ოცნების“ ვიზიტის ფარგლებში, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ჩინეთის ტექნოლოგიური პოლიტიკა სამაგალითოა და საქართველოს ბევრი რამის სწავლა შეუძლია.
"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ ქალაქ ხანგჭოუში გადაინაცვლა, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბად ითვლება. აქ არაერთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, მათ შორის ჩინური გიგანტი "ალიბაბა".
ქალაქის მერიისა და ისტორიული ჩაის მუზეუმის მონახულების შემდეგ დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ხელოვნური ინტელექტის ქალაქში ინოვაციური გამოფენაც დაათვალიერეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ჭეძიანგის პროვინცია თანამედროვეობისა და უძველესი ისტორიის შერწყმაა, ხოლო ის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ტექნოლოგიების განვითარებისთვის გეგმავს, სამაგალითოა და საქართველოს ამ მიმართულებით ბევრი რამის სწავლა შეუძლია.
"ჭეძიანგის პროვინცია არის თანამედროვეობის, ამავდროულად, ტრადიციის და უძველესი ისტორიის ერთმანეთში შერწყმა. შევხვდით ამ პროვინციის ხელმძღვანელობას, ჩვენ გვქონდა საუბარი იმ დიდ მიღწევებზე, რომელიც პროვინციას და კონკრეტულად ხანგჭოუს ქალაქს აქვს ტექნოლოგიების მიმართულებით. ის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა და მათი ლიდერები გეგმავენ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, არის ნამდვილად სამაგალითო და შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ.
ამავდროულად, ჩვენ გავეცანით ქალაქ ხანგჭოუში კონცენტრირებულად ხელოვნური ინტელექტის და, ზოგადად, ტექნოლოგიური ქალაქის გაშენების პრინციპს. საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან დამეგობრება და საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაცვლა იყო ჩვენი შეთავაზება, რასაც საკმაოდ კარგი და პოზიტიური, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტს ნამდვილად ექნება კონკრეტული შედეგები," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…