პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იქნება ეს ინდური, ყაზახური, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ - ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

ნათია თურნავას განცხადებით, უცხოური ბანკების ლიცენზირების გამარტივება მაღალი რეიტინგის მქონე ინვესტორებს შეეხება და ქვეყანა ყველა მხარისთვის ღიაა. პარლამენტში ინიციირებული პროექტი სანდო ქვეყნების სიის შექმნას ითვალისწინებს.

იქნება ეს ინდური, ყაზახური, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ - ნათია თურნავა
BM.GE

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში უცხოურ ბანკების შემოსვლისას ლიცენზირების გამარტივება იმ შემთხვევებს ითვალისწინებს, როდესაც ინვესტორს, საფინანსო დაწესებულებას ან ქვეყანას საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი და მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო აქვს. ამის შესახებ მან პარლამენტში "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის სოფიო ხორგუანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა მარეგულირებელი ორგანოს პრეზიდენტს ჰკითხა - შოთა ბერეკაშვილის მიერ გუშინ ინდური ბანკების შემოსვლის მაგალითად მოყვანა, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ინდურ ბანკს ქვეყანაში შემოსვლა უნდა. რაზედაც ნათია თურნავამ უპასუხა:

"წლების განმავლობაში დაგროვდა პრაქტიკა და ისეთი საკითხები, რომლებიც დროთა განმავლობაში განახლებას საჭიროებს. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, სადაც ბიუროკრატიის გამარტივება შესაძლებელია. ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლას, ასევე არსებულ საფინანსო ინსტიტუტებში ინვესტორების შემოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო და საბანკო სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ნომერ პირველია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწორედ ამ სექტორზე მოდის, რაც მაღალ ინტერესზე მეტყველებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეროვნული ბანკი, კვლავაც საკმაოდ მკაცრად გავაგრძელებთ იმის მონიტორინგს, შეესაბამება თუ არა კონკრეტულ კრიტერიუმებს ესა თუ ის ინვესტორი, ვისაც საქართველოში შემოსვლის სურვილი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ გარკვეული გამარტივების შესაძლებლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მაღალ რეიტინგს, საფინანსო დაწესებულების მაღალ რეიტინგს, თვითონ იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მაღალ რეპუტაციას, მკაცრ მარეგულირებელ ჩარჩოს და ა.შ. ძირითადად, ეს ნაბიჯი სწორედ ამ კუთხით არის გადადგმული.

ახლა, იქნება ეს ინდური ბანკი, ყაზახური ბანკი, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ. ვხედავთ ძალიან მაღალ ინტერესს, დივერსიფიცირებულ გეოგრაფიას და ამას მხოლოდ მივესალმებით.

არამც და არამც ეს ცვლილება არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, ეს ზოგადად თავად დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარეობს. რაკი ეს დარგი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ნომერ პირველი და პოტენციურად ძალიან საინტერესოა, ვფიქრობთ, ჩვენც შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ამ ინვესტიციებს ხელი შევუწყოთ.

ანუ, პრივილეგია არავისთვის არის საჭირო და არც ისარგებლებენ; აქ განსაკუთრებულ პრივილეგიებზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ თუკი არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული, მაგალითად, მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს მხედველობაში მივიღოთ და რომელიმე საკითხის გადამოწმება ნოლიდან არ დავიწყოთ, რადგან ის საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე დადგენილია", - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ სოფიო ხორგუანი მას ჩაეკითხა - რატომ მარტივდება უცხოური ბანკების ლიცენზირების პროცედურები თუ ქვეყანაში ისედაც ბევრი ინვესტორი შემოდის. ამ კითხვაზე სხდომაზევე უპასუხა საკანონმდებლო ცვლილებების ავტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

"ინდურ ბანკებზეც იყო საუბარი და მაგალითად მოვიყვანე ის გარემოება, რომ მანამდე არსებობდა განვითარებული ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც ბაზარზე გამარტივებული წესით შემოსვლისა და ლიცენზიის მიღების პრივილეგია ჰქონდათ. ახალი კანონპროექტით კი იქმნება სანდო ქვეყნების სია, რომელიც ამ ქვეყნებისა და იქ არსებული ბანკების საერთაშორისო რეიტინგებს ეფუძნება. ეს საშუალებას მოგვცემს, საქართველოში ძალიან წარმატებული ბანკები მოვიზიდოთ, კონკურენცია კიდევ უფრო გაძლიერდეს, პროცესი კი გამჭვირვალე იყოს. ყოველივე ეს ძალიან წაადგება ჩვენს საფინანსო ბაზარს და მივიღებთ კონკურენტუნარიან პროდუქტს. ჩვენი მოლოდინია, რომ რაც უფრო მეტი ბანკი იქნება საბანკო სექტორში ჩართული, საპროცენტო განაკვეთი მით უფრო დაბალი იქნება და პირველ რიგში ამით მომხმარებელი საქართველოს მოქალაქეები მოიგებენ. რაც შეეხება მაგალითებს, ამის მაგალითი შეიძლება იყოს როგორც ინდოეთი, ასევე თურქეთი, ყაზახეთი და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა", - განაცხადა ბერეკაშვილმა.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 3 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი ავტორები არიან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის წევრები.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის დაფუძნება და საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით იქნება შესაძლებელი, თუ ბანკი სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობს და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მინიჭებული.

საკრედიტო რეიტინგის გარდა, ბანკს უნდა ჰქონდეს მაღალი ცნობადობა, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურა.

ცვლილებებით ფართოვდება „უცხოური სანდო ბანკის“ განმარტებაც. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ბანკი განვითარებული ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა საქმიანობდეს, ახალი რედაქციით კი სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს.

კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უნდა დაადგინოს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპები, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკრედიტო რეიტინგის მინიმალური დონე.

ამასთან, უცხოურ ბანკებს ლიცენზიის მისაღებად აღარ მოეთხოვებათ ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს, მფლობელობის შუალედურ რგოლებსა და საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებს. ასევე, განაღდებული კაპიტალის ოდენობის ნაცვლად, ლიცენზიის მაძიებელი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილებების მიზანია საქართველოში სანდო რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება, საბანკო სექტორში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნების გაზრდა და კონკურენციის გაძლიერება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავა: საფინანსო სექტორში ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს
  2. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: საფინანსო სექტორში ლიცენზირების პროცედურების გამარტივება ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს
  3. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინდოეთი განვითარებადი ეკონომიკაა, თუმცა ინდური ბანკები ძალიან სტაბილურია. გვინდა, ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს | შოთა ბერეკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები