დიმიტრი ხუნდაძე: „ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს – ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი”
„ხალხის ძალის“ ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტში დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად არაფერია გათვალისწინებული, ხოლო ვეტერანებისთვის გამოყოფილი 100 ლარი ძალიან ცოტაა. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებებით მუშაობა გრძელდება.

პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ ვეტერანებისათვის შემწეობის გაზრდისა და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის ცალკეული პროგრამების დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
შესაბამისი კითხვით მან ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას დაუსვა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯების შესახებ განმარტება ითხოვა.
„ობიექტურობა მაიძულებს ვთქვა, რომ ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს. შევეხებოდი ორ ძირითად საკითხს, რომლებიც ქვეყნის მთავარი პრობლემებია. ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი.
პირველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა იზრდება და ფინანსური რესურსის მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვეტერანების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ვეტერანების მიმართ. მე მგონია, რომ მათი ამ ღვაწლის დაფასება ნებისმიერი ციფრით წარმოუდგენელია, მაგრამ 100 ლარი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, ქვეყანაში, როდესაც სხვადასხვა პრობლემის, სოციალური დახმარებებისა და სახელფასო განაკვეთების ზრდის საკითხი დგება, სწორედ ასეთი პროცესი უნდა იწყებოდეს იქიდან, რომ, პირველ რიგში, იზრდებოდეს ვეტერანთა დახმარების პროგრამები.
მეორე – დემოგრაფიული საკითხი. ხშირად ვსაუბრობთ დემოგრაფიულ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში აშკარაა. 90-იანი წლების შემდეგ, პრაქტიკულად, ყოველწლიურად მცირდება შობადობა, ქვეყანა დაბერების აქტიურ ფაზაშია შესული და, შესაბამისად, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა, პრაქტიკულად, დეფორმირებულია. ეს იწვევს საბიუჯეტო-საფინანსო რისკების ზრდას.
ასევე, თავდაცვისუნარიანობის კუთხით პოზიტიური მოლოდინის განცდა უბრალოდ ვერ გვექნება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მიგრაციული პროცესებიც.
ეს პრობლემა შინაარსობრივად ძალიან ღრმაა, მაგრამ ბიუჯეტში მის დასაძლევად არაფერი არ არის გათვალისწინებული.
აუცილებელია, ბიუჯეტში გავითვალისწინოთ სხვადასხვა პროგრამის მხარდაჭერა, რათა შობადობა წავახალისოთ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა გავააქტიუროთ და მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც მრავლად არსებობს და რომელთა განხორციელების პრაქტიკაც მსოფლიოში ძალიან ბევრია. ჩვენც უნდა გავაძლიეროთ დემოგრაფიული მხარდაჭერა, რათა კრიზისს რამენაირად დავუპირისპირდეთ,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია ვეტერანების წვლილი, რაც მათ ქვეყნისთვის გაიღეს. ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მანვე აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება საგადასახადო შეღავათების დაწესების კუთხითაც და ერთობლივად შესაძლებელია იქამდე მივიდეთ, რომ მეტი სარგებელი მიიღონ ვეტერანებმა როგორც ფულადი, ისე სხვა მიმართულებით.
რაც შეეხება დემოგრაფიულ საკითხს, ხუციშვილის თქმით, ეს საკითხი გლობალური გამოწვევაა. მანვე განმარტა, რომ დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტი და მთავრობა მუშაობენ.
„ვფიქრობთ ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებაზე. განვითარებად ქვეყნებში ამ პრობლემის მოგვარების ბევრი მაგალითი არსებობს და მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით პარლამენტთან“, – განაცხადა მინისტრმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…