2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 400 000 000 ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, თითქმის, 1 200 000 000 ლარით აღემატება - ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე 8.4 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება. თანხები ინფრასტრუქტურის, დევნილთა განსახლების, ანაკლიის პორტისა და სხვა პროექტებისკენ გადანაწილდება.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, თითქმის, 1 მილიარდ 200 მილიონი ლარით აღემატება.
აღნიშნული თანხის ფარგლებში:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 2 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი;
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 382 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 773 მილიონი ლარია გათვალისწინებული ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისთვის;
განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 830 მილიონი ლარი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 350 მილიონი ლარი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, დამატებით გამოეყოფა 280 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წელს;
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილია 230 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობა.
რეგიონებში გაზიფიცირების სამუშაოების განახლების მიზნით მიმდინარე წელსვე გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 2027 წელს;
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 310 მილიონი ლარი;
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილია 100 მილიონი ლარი. ამასთან, მთის კურორტების განვითარების მიზნით, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 80 მილიონ ლარზე მეტი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლების პროექტების დაფინანსებაზე გამოყოფილია 408 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით გაზრდილია 140 მილიონი ლარით;
დამატებითი თანხების გამოყოფა დაკავშირებულია ახალ სამთავრობო ინიციატივასთან, რომლის მიხედვითაც ხორციელდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება. აღნიშნული მიმართულებით მიმდინარე წელს მიიმართება 100 მილიონ ლარზე მეტი;
პროგრამის ფარგლებში, 2026-2027 წლებში კომპენსაციით უზრუნველყოფილი იქნება 16 ათასზე მეტი ოჯახი;
ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულია 140 მილიონი ლარი;
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზების პროექტებზე 2027 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 85 მილიონი ლარი, ხოლო 2026 წელს, მომდევნო წელს დასაფინანსებელი პროექტებისთვის დამატებით გამოეყოფა 70 მილიონი ლარი;
მყარი ნარჩენების პროექტების განსახორციელებლად მომდევნო წელს, ჯამში, მიიმართება 110 მილიონ ლარზე მეტი;
პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით დაგეგმილი კაპიტალური ხარჯები შეადგენს 882 მილიონ ლარს;
საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით მიიმართება 250 მილიონი ლარი;
თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტის დაფინანსება შეადგენს 125 მილიონ ლარს;
სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობაზე მიიმართება 107 მილიონი ლარი;
სხვა დანარჩენი კაპიტალური ხარჯები, ჯამში, შეადგენს 303 მილიონ ლარს;
გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს გამოიყოფა 125 მილიონი ლარი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…