პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ევროპაში სულ უფრო სკეპტიკურად უყურებენ

ნატო

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში უკრაინის გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმი იზრდება. კვლევითი მონაცემებით, მოქალაქეთა მხარდაჭერა 47%-მდე შემცირდა, დიპლომატები კი უახლოეს წლებში გაწევრიანებას არარეალისტურად მიიჩნევენ.

Reuters: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ევროპაში სულ უფრო სკეპტიკურად უყურებენ
იმედინიუსი

ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია, რადგან კიევი ცდილობს, საბოლოოდ ჩამოშორდეს მოსკოვის გავლენის სფეროს, თუმცა 450-მილიონიანი ევროკავშირის წევრ მდიდარ ქვეყნებში სულ უფრო მეტია სკეპტიციზმი იმის შესახებ, რამდენად შეძლებს ქვეყანა ამ მიზნის მიღწევას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპის რამდენიმე ლიდერი აცხადებს, რომ იმედი აქვთ, რომ უკრაინას ევროკავშირში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იხილავენ. თუმცა Reuters-თან პირად საუბრებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათზე მეტმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა გაცილებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და იმ სერიოზულ დაბრკოლებებზე მიუთითა, რომელთა გადალახვაც უკრაინასა და ევროკავშირს გაწევრიანებამდე მოუწევთ.

„როცა სხვადასხვა ქვეყანას ესტუმრები, ხვდები, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიტიკოსები არ ელიან, რომ უკრაინა ევროკავშირს მომდევნო 10 წლის განმავლობაში შეუერთდება“, - განაცხადა კვლევითი ორგანიზაცია „ევროპული სტაბილურობის ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ჯერალდ კნაუსმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან ისეთი გზავნილი, რომ უკრაინის გაწევრიანების საკითხს სერიოზულად არ ეკიდება, შესაძლოა უკრაინელების დემორალიზების მიზეზი გახდეს. კანუსის განცხადებით, ამას შეიძლება ისეთი შედეგი მოჰყვეს, „რომლის ხილვაც ევროპაში არავის სურს“.

ევროკავშირში გაწევრიანების სტანდარტული პროცესი კანდიდატი ქვეყნისგან პოლიტიკურ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ კრიტერიუმებთან შესაბამისობას მოითხოვს, რაც წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებსა და საკანონმდებლო რეფორმებს გულისხმობს.

უკრაინის შემთხვევაში დამატებითი სირთულეები არსებობს: გაურკვეველია, როგორ დასრულდება ომი, ქვეყანას კორუფციის ღრმა და ხანგრძლივი ისტორია აქვს, ხოლო მისი დიდი ტერიტორია და მოსახლეობა ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო ართულებს, წერს Reuters-ი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის გიორგი ტიხის განცხადებით, ევროკავშირში არსებული გარკვეული სკეპტიციზმი მოსალოდნელია, თუმცა, მისივე თქმით, „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავად ევროკავშირისთვისაც სასარგებლოა“.

„ეს მხოლოდ უკრაინის თხოვნა არ არის, რომ კავშირში მიიღონ. უკრაინას კონტინენტზე ყველაზე უნარიანი, ბრძოლებში გამოცდილი და საბრძოლო მზადყოფნის მქონე არმია ჰყავს - ერთი მილიონი ადამიანი“, - განაცხადა ტიხიმ.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის წინაშე არსებული ერთ-ერთი დაბრკოლება ზოგიერთ წევრ ქვეყანაში პოპულისტური პარტიების გაძლიერებაა, რომლებიც უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. საფრანგეთში კი, სავარაუდოდ, უკრაინის გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება.

გერმანული პოლიტიკური ფონდის, Bertelsmann Stiftung-ის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების მხოლოდ 47% მიიჩნევს, რომ უკრაინა ორგანიზაციას მომდევნო წლებში უნდა შეუერთდეს. 2022 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 69% იყო.

გამოკითხულთა 57% საფრანგეთსა და პოლონეთში უკრაინის უახლოეს წლებში გაწევრიანების წინააღმდეგია. გერმანიაში კი ასეთ მოსაზრებას გამოკითხულთა 59% იზიარებს.

ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, რომელმაც საკითხის პოლიტიკურად მგრძნობიარე ხასიათის გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა, Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინის გაწევრიანება მომდევნო რამდენიმე წელიწადში რეალისტური პერსპექტივა არ არის.

კიდევ ერთი დიპლომატის შეფასებით, მომავალ წელს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გამო, მთავრობებს კავშირის გაფართოების საკითხის მხარდასაჭერად საჭირო პოლიტიკური ძალისხმევის გამოჩენა გაუჭირდებათ.

პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, შეერთებული შტატები უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, ამიტომ ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა კიევისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვების მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა გახდეს.

მათი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უკრაინისთვის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების დამატებითი სტიმულიცაა.

სწრაფი გაწევრიანების ყველაზე აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები, მიიჩნევენ, რომ უკრაინა ევროკავშირს უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გახდის. მათი არგუმენტით, უკრაინას დიდი, ბრძოლებში გამოცდილი არმია ჰყავს და დრონებით ომის წარმოების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გამოკითხვის თანახმად, უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპელთა მხოლოდ 47% უჭერს მხარს - 53% წინააღმდეგიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები