ლევან მახაშვილი: საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება
ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკომისიის წლიური ანგარიში საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა და ქვეყანას მეზობლებთან და სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლისკენ პირდაპირ მოუწოდებს.

"ვიდრე "ქართული ოცნება" საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გასაგებია პარტნიორობა, მეგობრობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესები", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.
ლევან მახაშვილმა თავის გამოსვლაში ანგარიშის საგარეო პოლიტიკურ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
"უკვე ბევრი ითქვა რატომ არის ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმა. საქართველოს, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დასავლური სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა, პირდაპირ მოუწოდებენ თავის უშუალო ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნები სამ საკითხს უკავშირდება - საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მაქსიმალურად და სრულად დაახლოებას, ქვეყნის სავიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო რეჟიმთან დაახლოებას და სანქციებთან მიერთებას.
"ამ დოკუმენტის მიმართ იმიტომ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულება, რომ არ გვინდა საქართველო სხვა ქვეყნების დაპირისპირების და კონფრონტაციების მონაწილე გახდეს. საქართველოს არ სჭირდება მეორე ფრონტი. საქართველოს სჭირდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის შენარჩუნება. ეს თემები რომ გავითვალისწინოთ, თითოეული დილა უნდა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით, სავიზო რეჟიმები უნდა დავუწესოთ: თურქეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, რუსეთს და სხვებს. სანქციები უნდა დავაწესოთ და ხართ მზად ამისთვის ოპოზიციონერო კოლეგებო? ამ კითხვებზე პასუხებია საჭირო. ამ კითხვებზე თქვენ არ სცემთ პასუხს, თორემ საქართველოს მოსახლეობამ უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიალევან მახაშვილი ოპოზიციას - საქართველოს ყველა მეზობელთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას მოუწოდებენ - მზად ხართ, რომ თითოეული დილა დავიწყოთ ჩვენი პარტნიორების გმობით?!
ლევან მახაშვილი – „ქართული ოცნება“ ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…