კახა კახიშვილი: რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც მარტოა და მთელი თვე მხოლოდ თავისი პენსიით უნდა იცხოვროს? როგორ გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, იყიდოს საკვები...
კარგია, როდესაც პენსიონერს შვილები, შვილიშვილები ან სხვა ახლობლები ეხმარებიან. მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც მარტოა და მთელი თვე მხოლოდ თავისი პენსიით უნდა იცხოვროს? როგორ გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, იყიდოს საკვები, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები? ამ ყველაფრის შემდეგ რა თანხა რჩება მას?

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი:
პენსიის გაზრდა თუ გაძვირებული ცხოვრების კომპენსაცია?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5,9% შეადგინა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ფასები გაიზარდა და იმავე თანხით ნაკლები პროდუქტისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.
განსაკუთრებით საყურადღებოა აუცილებელი პროდუქტებისა და მომსახურების ფასების წლიური ზრდა:
* ჯანმრთელობის დაცვა: 8,4%
* ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება: 11,7%
* სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა: 9,4%
* ანტიბიოტიკები: 13,88%
* საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვა სათბობი: 10,1%
* თევზეული: 20,2%
* ხორცი და ხორცპროდუქტები: 7,6%
* ზეთი და ცხიმები: 7%
* პური და პურპროდუქტები: 4%
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული პროექტით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით გაზრდაა გათვალისწინებული და ის 415 ლარი გახდება, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარს მიაღწევს.
რა თქმა უნდა, პენსიის ზრდა კარგია და ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ პენსიებისა და ხელფასების გაზრდის მიზანი ხომ ის უნდა იყოს, რომ ადამიანებმა უკეთ იცხოვრონ და არა მხოლოდ გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების საფასურის გადახდა შეძლონ. მით უმეტეს, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ პენსია სწორედ ინფლაციის გამო იზრდება. მაგრამ ფასების ზრდა მხოლოდ დამატებულ თანხას კი არ ეხება, უკვე არსებულ პენსიასაც აუფასურებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს ყოველთვიურად მედიკამენტების შეძენა და მკურნალობის ხარჯების დაფარვა უწევს.
კარგია, როდესაც პენსიონერს შვილები, შვილიშვილები ან სხვა ახლობლები ეხმარებიან. მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც მარტოა და მთელი თვე მხოლოდ თავისი პენსიით უნდა იცხოვროს? როგორ გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, იყიდოს საკვები, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები? ამ ყველაფრის შემდეგ რა თანხა რჩება მას?
კარგად მესმის, რომ სახელმწიფოს დღეს არ შეუძლია პენსიების ერთბაშად იმდენად გაზრდა, რომ ისინი ევროპის ქვეყნების საპენსიო დონეს გაუტოლდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია. უნდა გამოინახოს ყველა შესაძლო გზა, რათა პენსიონერმა შეძლოს თვის ბოლომდე ნორმალურად ცხოვრება და არ უწევდეს არჩევანის გაკეთება საკვებს, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებს შორის.
შესაძლოა, ვინმემ ეს მოსაზრებები პოპულიზმად შეაფასოს. თუმცა აქ მოყვანილი ფასების ზრდის მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებია. ამ ციფრების მიღმა კი ადამიანების ყოველდღიური პრობლემები დგას.
თუ ფასების ზრდა დამატებული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს, ადამიანის ცხოვრების დონე კი უცვლელი რჩება ან ზოგ შემთხვევაში უარესდება კიდეც, მაშინ ჩნდება კითხვა: ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა იგრძნოს ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში ის ეკონომიკური ზრდა, რომლის შესახებაც მუდმივად გვესმის?
ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ციფრებში არ უნდა ჩანდეს. ის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც უნდა აისახოს.
და ბოლოს, მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ, ერთი რამ შევახსენო: წლები ისე სწრაფად გადის, ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვუახლოვდებით საპენსიო ასაკს. ადრე თუ გვიან, ამ ასაკს ჩვენც მივაღწევთ, ისევე როგორც ჩვენი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები. ამიტომ პენსიონერების პრობლემებზე საუბრისას მხოლოდ ციფრებითა და ბიუჯეტის შესაძლებლობებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ამ ციფრების მიღმა ადამიანები არიან, რომლებმაც წლების განმავლობაში იმუშავეს და ოჯახები გაზარდეს. დღეს კი მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი პენსიით ნორმალურად ცხოვრება ისე, რომ ყოველდღე არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება საკვებს, წამლებსა და კომუნალურ გადასახადებს შორის.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…