პროფილური და არაპროფილური წყალმომხმარებლების სფეროები და მათი სამართლებრივი რეჟიმები ერთმანეთისგან გაიმიჯნება
სემეკის რეგულირება მხოლოდ პროფილურ წყალმომხმარებლებზე გავრცელდება, ხოლო არაპროფილურისთვის წესებსა და საფასურს მთავრობა განსაზღვრავს — პარლამენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას იხილავს.

პროფილური და არაპროფილური წყალმომხმარებლების სფეროები და მათი სამართლებრივი რეჟიმები ერთმანეთისგან გაიმიჯნება - სემეკის რეგულირება პროფილური წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევაზე გავრცელდება, ხოლო არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების წესებს, მომსახურების საფასურსა და მისი დარიცხვის წესს მთავრობა განსაზღვრავს.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შევიდა. ცვლილება სამ კანონში შედის.
საქართველოს მელიორაცია 2023 წლიდან სემეკის რეგულირების ფარგლებშია მოქცეული. დღეს არსებული რეგულირების მოდელი მოიცავს როგორც პროფილური - საირიგაციო წყალმომხმარებლებისთვის წყლის მიწოდებას, ისე არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის წყლის მიწოდებას, მათ შორის აკვაკულტურის, ჰიდროენერგეტიკული და ტექნიკური მიზნებისთვის.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ საკითხის საკომიტეტო განხილვისას განმარტა, მოქმედი საკანონმდებლო მოდელი განსხვავებული დანიშნულებისა და სპეციფიკის მქონე ურთიერთობების მიმართ ერთიან მარეგულირებელ რეჟიმს ითვალისწინებს და არა ცალკეული მიმართულებების სპეციფიკას, რაც მათთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ეფექტიან მოწესრიგებას ართულებს. მისი თქმით, არაპროფილური წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ურთიერთობები - აკვაკულტურის, ჰიდროენერგეტიკული და ტექნიკური მიზნებისთვის წყლის მიწოდების პირობების და მომსახურების საფასურის განსაზღვრის საკითხები განსხვავებულ მოწესრიგებას საჭიროებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აკვაკულტურის მიმართულებით გამოიკვეთა.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, არაპროფილური წყალმომხმარებლების მიმართულებით, მათ შორის აკვაკულტურის, ჰიდროენერგეტიკული და ტექნიკური მიზნებისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით მათი საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული სამართლებრივი რეჟიმი ჩამოყალიბდება და წყლის მიწოდებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესაბამისი მექანიზმები განისაზღვრება. აკვაკულტურის მიმართულებით განისაზღვრება პირველადი წყალმოსარგებლისგან წყლის მიღების და გამოყენების შესაბამისი პირობები, მოწესრიგდება პირველადი წყალმოსარგებლისა და აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირის ურთიერთობა და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი წყლის მომხმარებლების აღრიცხვა.
საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი პირველი მოსმენის ფარგლებში იხილავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…