დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე თავდასხმების განახლება "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
დონალდ ტრამპის თქმით, ირანზე თავდასხმების განახლება ნაკლებად სავარაუდოა, თუ ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, თუმცა აშშ-ის ძალები მზადყოფნაშია და სამიზნეები განსაზღვრულია.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ირანთან ომის განახლების ბრძანების გაცემა მოუწიოს, თუკი თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.
„ეს იმაზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს ძალიან მყარ შეთანხმებას. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. ის ჩამოშლის პირას მყოფი ქვეყანაა. ახლახან გახდა ცნობილი, რომ წელს ინფლაციამ 301% შეადგინა. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო იყოს. საჭიროების შემთხვევაში ამას გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. მე მათ ისე დავარტყი არც კი იცით, რამდენად ძლიერად დავარტყი”, - განაცხადა ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, რეგიონში განლაგებული აშშ-ის ძალები მზადყოფნაში არიან იმ შემთხვევისთვის, თუ ის დარტყმის ბრძანებას გასცემს.
„ამისთვის მზად ვართ. აქ სამი ავიამზიდი მყავს. კიდევ ერთი ახლახან ჩამოვიდა. სამივე სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, აშშ-ს ირანში ინფრასტრუქტურული სამიზნეები, მათ შორის ელექტროსადგურები და ხიდები, უკვე განსაზღვრული აქვს.
“38 ხიდია, რომელთა განადგურებაც, ფაქტობრივად, ერთ საათში შეგვიძლია. ყველა მათგანი განადგურდება. ამის გაკეთება არ მსურს, რადგან, არსებითად, მათ აღდგენას 10 წელი დასჭირდება. არ მიყვარს ხიდების დანგრევა. თანაც, ხიდის აშენება ყველაზე რთული საქმეა. ამას წლები სჭირდება, მე კი კარგი მშენებელი ვარ“, - აღნიშნა ტრამპმა.
რაც შეეხება ირანის შესაძლებლობას, თავი დაიცვას აშშ-ის ახალი დარტყმებისგან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები განადგურებულია.
“ამის შეჩერება შეუძლებელია, რადგან მათ არანაირი საზენიტო საშუალება არ გააჩნიათ. მათი ყველა საზენიტო სისტემა განადგურებულია“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანს შემორჩენილი აქვს თავისი სარაკეტო პოტენციალის 10%, ხოლო დრონების შესაძლებლობების - 15%.
„ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, დაახლოებით 10%-იანი მაჩვენებელია, რამდენიმე რაკეტისა და დრონის წარმოებაა. დრონების წარმოების შესაძლებლობა დაახლოებით 15%-მდე აქვთ შემცირებული, რადგან მათი ქარხნების დიდი ნაწილი განადგურებულია“, - განაცხადა მან.
ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა: „დიდი ალბათობით, ამის საჭიროება არ იქნება. მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა“.
ციტატები სტატიიდან
„ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, დაახლოებით 10%-იანი მაჩვენებელია, რამდენიმე რაკეტისა და დრონის წარმოებაა. დრონების წარმოების შესაძლებლობა დაახლოებით 15%-მდე აქვთ შემცირებული, რადგან მათი ქარხნების დიდი ნაწილი განადგურებულია“
„დიდი ალბათობით, ამის საჭიროება არ იქნება. მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…