Სანდრო ჭელიძე: არარიტორიკული შეკითხვა ქართული ოცნების მხარდამჭერებს: რა დაინახეთ საამყო, რომ მეც ვიამაყო? საიდან გამომდინარე არ გაქვთ არანაირი შეკითხვა? თქვენ გაიგეთ საერთოდ რატომ ჩაფრინდა?
Სანდრო ჭელიძე: აქამდე საერთოდ არაფერი დამიპოსტავს, მაგრამ 3 ნოემბრის ინტერვიუს ყურების შემდეგ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა. კითხვები მეტწილად რიტორიკულია. უფრო იმისთვის დავწერე, რომ ამ თემებზე (ერთობლივად და არა ცალ-ცალკე) დისკუსია დაიწყოს და მსგავსი კითხვები საჯარო დებატებშიც დაისვას.

ფინანსისტი Სანდრო ჭელიძე:
აქამდე საერთოდ არაფერი დამიპოსტავს, მაგრამ 3 ნოემბრის ინტერვიუს ყურების შემდეგ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა. კითხვები მეტწილად რიტორიკულია. უფრო იმისთვის დავწერე, რომ ამ თემებზე (ერთობლივად და არა ცალ-ცალკე) დისკუსია დაიწყოს და მსგავსი კითხვები საჯარო დებატებშიც დაისვას.
1. ევროკავშირის მიერ საქართველოს „გარიყვის“ პოლიტიკა
როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ 2024 წელს ევროპამ საქართველოს გარიყვისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რას გულისხმობს ამაში? კონკრეტულად რომელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე საუბრობს? რა უძღოდა მათ წინ და რა გახდა მათი მიღების საფუძველი? რამდენად სამართლიანია აღნიშნული ნაბიჯების ცალმხრივად შეფასება, თუ მანამდე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიც გახდა ევროკავშირის უკმაყოფილების მიზეზი?
2. რატომ მიიღო საქართველომ განსხვავებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით?
2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა შესთავაზა და 12 პრიორიტეტის შესრულება მოსთხოვა. საქართველოს კანდიდატის სტატუსი საბოლოოდ 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა. ამ ფონზე, როდესაც პრემიერი ამტკიცებდა, რომ საქართველო ორივე ქვეყანას სჯობნიდა როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ეკონომიკური მაჩვენებლების თვალსაზრისით, რატომ მიიღო ევროკავშირმა განსხვავებული გადაწყვეტილება? კონკრეტულად რომელი პოლიტიკური, ინსტიტუციური თუ დემოკრატიული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა საქართველომ და რატომ არ აღმოჩნდა ეკონომიკური წარმატება და დემოკრატიული მაჩვენებლები საკმარისი არგუმენტი?
3. რატომ იქცა არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებისთვის არასტაბილურობის მთავარ წყაროდ?
რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად? კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს, ქმედებებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა ხელისუფლების ეს ბრალდებები? არსებობდა თუ არა დადასტურებული ფაქტები, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ძალადობას, მასობრივ არეულობას ან ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლას ორგანიზებას უწევდნენ?
ამასთანავე, რამდენად სწორია მთლიანად არასამთავრობო სექტორის პოლიტიზებულ ძალად წარმოჩენა? სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობას, ხელისუფლების კრიტიკასა და უკანონო პოლიტიკურ ჩარევას შორის? და თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გარკვეული ორგანიზაციები უცხოური ინტერესების გამტარებლები არიან, რა კონკრეტული მტკიცებულებები ამყარებს ამ ბრალდებას?
4. რატომ შეიზღუდა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი 2024 წელს?
ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩერდებოდა. მოგვიანებით მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტებიც შეიზღუდა.
კონკრეტულად რა გახდა ამ გადაწყვეტილებების საფუძველი? რომელი რეკომენდაციები ან მოთხოვნები დარჩა შეუსრულებელი? რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის შენიშვნებს და რომელ საკითხებზე არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის? ხელისუფლება რეალურად ცდილობდა ევროპულ ინსტიტუტებთან არსებული უთანხმოების გადაჭრას, თუ თავიდანვე მიუღებლად მიიჩნევდა მათ მოთხოვნებს?
5. რაზე დაყრდნობით არის პრემიერი ოპტიმისტურად განწყობილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე?
ინტერვიუში კობახიძე იმედს გამოთქვამდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დადებითად გადაწყვეტდა. თუმცა, თუ არსებული პოლიტიკური და ინსტიტუციური პრობლემები კვლავ გადაუჭრელია, რა საფუძველი აქვს მის ოპტიმიზმს?
რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს მხრიდან, რომ ევროკომისიამ მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია გასცეს და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ? არსებობს თუ არა მთავრობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, განსაზღვრული ვადები და შესასრულებელი პირობები, თუ კვლავ მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის აღდგენის იმედად ვართ?
6. რატომ უწოდებს პრემიერი ვენეციის კომისიის დასკვნას აბსურდს, კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტების გარეშე?
თუ პრემიერი ვენეციის კომისიის დაახლოებით 90-გვერდიან დასკვნას აბსურდს უწოდებს, ხოლო მასში წარმოდგენილ შეფასებებს რეალობას მოკლებულად და განზრახ პოლიტიზებულად მიიჩნევს, რატომ არ დაასახელა კონკრეტულად, რომელი ფაქტები, მიგნებები ან სამართლებრივი დასკვნებია მცდარი?
თუ ხელისუფლებას მართლაც აქვს საფუძვლიანი სამართლებრივი არგუმენტები, რატომ არ წარმოადგინა ისინი პუნქტობრივად და რატომ შემოიფარგლა დოკუმენტის ზოგადი დისკრედიტაციით? კონკრეტულად რა მტკიცებულებებით ამყარებს პრემიერი მოსაზრებას, რომ კომისიის დასკვნა არა პროფესიულ და სამართლებრივ შეფასებებს, არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება?
7. რატომ არ ითვალისწინებდა ხელისუფლება ევროპული ინსტიტუტების პოზიციას კანონმდებლობის შეცვლის პროცესში, თუ დღეს დიალოგის აღდგენას მთავარ გამოსავლად მიიჩნევს?
თუ პრემიერის მთავარი გზავნილი ის არის, რომ უთანხმოების გადაჭრა დიალოგის გარეშე შეუძლებელია, მაშინ რატომ არ იყო ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და შესაბამისი ევროპული ინსტიტუტების პოზიცია სათანადოდ გათვალისწინებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისა და მიღების პროცესში, რომლებმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაართულა?
რატომ არ უზრუნველყო ხელისუფლებამ წინასწარი კონსულტაციები, რატომ არ განიხილა ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები და რატომ არ შეეცადა უთანხმოების თავიდან აცილებას ჯერ კიდევ კანონების მიღებამდე?
თუ ევროპული მხარის ჩართულობა და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას აზიანებდა, მაშინ რა საფუძველი აქვს პრემიერს, ელოდოს ევროკავშირისგან ურთიერთობების აღდგენის სურვილს? რა სახის დიალოგს სთავაზობს ის ევროპელ პარტნიორებს დღეს, თუ მათ პოზიციას პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალებას კვლავ არ აძლევს?
8. რა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი აქვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივას?
ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს სამართლებრივ პროცესად წარმოაჩენს და არა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად. კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძვლები და მტკიცებულებები ამყარებს თითოეული პარტიის აკრძალვის მოთხოვნას? როგორ გამოირიცხება, რომ ეს პროცესი პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვასა და ხელისუფლების პოზიციების გამყარებას ემსახურებოდეს?
ამასთანავე, რატომ გახდა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დღის წესრიგის ნაწილი სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ისედაც კრიზისულ მდგომარეობაშია? თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს პარტიები ევროპული ძალების მხარდაჭერითა და დაფინანსებით მოქმედებენ, მაშინ რა შედეგის მიღწევას ელოდება მათი აკრძალვით? როგორ წარმოუდგენია პრემიერს ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესება ამგვარი გადაწყვეტილებების ფონზე და კონკრეტულად რა აძლევს მას ოპტიმიზმის საფუძველს?
9. რამდენად თავსებადია ევროკავშირის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან?
თუ პრემიერი ევროკავშირის ინსტიტუტების მოთხოვნებს საქართველოს სუვერენიტეტზე ზეწოლად წარმოაჩენს და მათ ზოგჯერ საბჭოთა კავშირის მმართველობით პრაქტიკას ადარებს, როგორ უთავსებს ამ პოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს?
რა პრინციპით მიიჩნევს ხელისუფლება მისაღებად ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, თუკი ამავე დროს ევროპული ინსტიტუტების მოთხოვნებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს? სად გადის ხელისუფლებისთვის ზღვარი პარტნიორულ თანამშრომლობასა და სუვერენიტეტში ჩარევას შორის?
10. საბოლოოდ, რა არის პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის რეალური მიზანი და რაზეა დაფუძნებული მისი ოპტიმიზმი?
თუ პრემიერი და მმართველი პარტია დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესების მთავარი მიზეზი თავად ევროკავშირის დამოკიდებულებაა, თუ ხელისუფლება არ აპირებს სადავო კანონმდებლობის გადახედვას, ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციების გათვალისწინებასა და იმ კონკრეტულ პრობლემებზე რეაგირებას, რომელთა გამოც გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა და თუ მთავარ გამოსავლად მხოლოდ ევროკავშირის პოზიციის შეცვლას მიიჩნევს, მაშინ რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს?
რა წინადადებით მივიდა ის ევროპელ პარტნიორებთან? რას ელოდება მათგან და თავად რას სთავაზობს? თუ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოზიციებში ცვლილების შეტანას არ აპირებს, მაშინ რა საფუძველი აქვს მოლოდინს, რომ მხოლოდ დიალოგის აღდგენა არსებულ პოლიტიკურ ჩიხს გამოასწორებს?
არარიტორიკული შეკითხვა ქართული ოცნების მხარდამჭერებს: რა დაინახეთ საამყო, რომ მეც ვიამაყო? საიდან გამომდინარე არ გაქვთ არანაირი შეკითხვა? თქვენ გაიგეთ საერთოდ რატომ ჩაფრინდა? (ბოლოს და ბოლოს ჩემი პრემიერიცაა ბატონი ირაკლი).
გეხვეწებით თავი არ დამციროთ და კონკრეტულ ქვე-შეკითხვებზე არ აჟიტირდეთ და პასუხების გაცემა არ დაიწყოთ))
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…